ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავირუსის გამო სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აზიელების მიმართ რასისტული, უარყოფითი წინასწარგანწყობა შეიქმნა. ამის შესახებ კანადაში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები აზიელები საუბრობენ.
როგორც BBC წერს, რასიზმის შემთხვევები დაფიქსირდა გაერთიანებულ სამეფოში, საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში. როგორც გამოცემა იუწყება, საფრანგეთში მცხოვრები აზიელები საუბრობენ ცუდ დამოკიდებულებაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სოციალურ ქსელებში. მათ სოციალურ ქსელებში ახალი ჰეშთეგის – JeNeSuisPasUnVirus – “მე არ ვარ ვირუსის” გამოყენება დაიწყეს.
საფრანგეთში მცხოვრები აზიელები ბოლო დროს მომხდარ შემთხვევებზეც საუბრობენ: ქეთი თრანი BBC-სთან საუბარში ყვება, რომ სამსახურში მიმავალმა გაიგო, თუ როგორ თქვა ორმა კაცმა „ფრთხილად, ჩვენკენ ჩინელი მოდის“. მან აგრეთვე განაცხადა, რომ უკვე სახლში დაბრუნებისას ერთმა კაცმა უთხრა, ნიღაბი გაეკეთებინა.
საფრანგეთში აგრეთვე ყურადღება მიიქცია ერთ-ერთი გაზეთის – Le Courier Picard-ის პირველმა გვერდმა, სადაც სათაურად გამოყენებული იყო Alerte jaune (ყვითელი განგაში) და Le péril jaune? (ყვითელი საფრთხე), ხოლო ფოტოდ – ჩინელი ქალი, რომელსაც დამცავი ნიღაბი უკეთია. გაზეთმა მალევე მოიხადა ბოდიში და განაცხადა, რომ არ სურდა „ყველაზე ცუდი აზიური სტერეოტიპების“ გამოყენება.
Cette leçon de racisme décomplexé vous est offerte par le @CourrierPicard #coronavirus pic.twitter.com/jhcoNmsmm5
— Madjid Messaoudene (@MadjidFalastine) January 26, 2020
რასისტულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ კანადაში მცხოვრები ჩინელებიც. მათი თქმით, იქ უკვე იყო მსგავსი შემთხვევა, როცა 2002 წელს ჩინეთში გავრცელებული ვირუსის შედეგად 774 ადამიანი დაიღუპა. ვირუსის შემთხვევები მაშინ კანადაშიც იყო დაფიქსირებული, ძირითადად, ტორონტოში. მაშინ კანადაში 44 ადამიანი გარდაიცვალა.
ტორონტოს საქალაქო საბჭოს წევრებმა და ჩინური თემის წარმომადგენლებმა მოუწოდეს მაცხოვრებლებს, არ გამოეჩინათ დიკსრიმინაცია და არ დაედანაშაულებინათ აზიური წარმოშობის ადამიანები.
კანადაში ამჟამად ახალი კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული.
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო ოფიციალურმა პეკინმა „ჩაკეტა“ რამდენიმე ქალაქი – შეზღუდა სატრანსპორტო მიმოსვლა და აკრძალა ქალაქის დატოვება. სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, საქართველომ, ქალაქ ვუჰანიდან, სადაც ვირუსი თავდაპირველად გავრცელდა, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. რუსეთმა ჩინეთთან სახმელეთო საზღვარიც ჩაკეტა.
გარეკანის ფოტო: EPA