სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, საქართველო ჩინეთთან პირდაპირ ავიარეისებს დროებით წყვეტს. ჩინეთის მიმართულებით ფრენები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, მარტამდე შეწყდება.
“საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, დროებით შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებას და შესაბამის ავიაკომპანიას. შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი). პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით”, – აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ავიაკომპანიებმა, რომლებსაც ჩინეთიდან მგზავრები ტრანზიტით გადმოჰყავთ, საქართველოში შესაბამის უწყებებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია:
“პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა”.