ახალი ამბებისაზოგადოება

მეტი მეშახტე აღარ უნდა დაიღუპოს – გლოვის ღამე ტყიბულში

9 აპრილი, 2018 •
მეტი მეშახტე აღარ უნდა დაიღუპოს – გლოვის ღამე ტყიბულში

ტყიბულში, საკრებულოს შენობასთან, საერთო-სახალხო გლოვა მიმდინარეობს, სადაც დაღუპული მეშახტეების ოჯახის წევრები და მათთვის სოლიდარობის გამოსახატად ტყიბულში ჩასული მოქალაქეები არიან შეკრებილი.

ქალაქის ცენტრში მოქალაქეებმა ყვავილები და სანთლები მიიტანეს, რითიც პატივი მიაგეს ექვსი დაღუპული მეშახტის ხსოვნას.

ყოფილი მეშახტე, ლადო ჯღარკავა ამბობს, რომ დღეს ტყიბულში იმ ტრაგედიის ირგვლივ გაერთიანდნენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ მინდელის სახელობის შახტში მოხდა. ჯღარკავა მიიჩნევს, რომ ძირეულად არის გამოსასწორებელი შახტში ყველაფერი, რათა მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს.

“სჯობს, გააჩერონ მუშაობა ერთი წელი, გადაუხადონ მუშებს ანაზღაურება და გაუკეთონ შახტს მოდერნიზაცია. ასეთ პირობებში თუ გაგრძელდა მუშაობა, კიდევ ბევრ გარდაცვლილს დავითვლით, ალბათ. სისტემა მოძველებულია და ახალი ტექნოლოგიებით არის შესაცვლელი. კანონის გამკაცრება არ უშველის მხოლოდ საქმეს. დააკისრებენ ჯარიმას და გადაიხდიან, ხოლო მეშახტეებს ეს ვერ უშველით. ჯარიმებს ახლაც აკისრებენ და იხდიან. მოვა ინსპექტირების სამსახური, შეადგენს ოქმს და აჯარიმებენ. ძირეულად არის შესაცვლელი შახტი!” – აცხადებს ლადო ჯღარკავა.

ტყიბულის საბავშვო ბაღის აღმზრდელი, იამზე ბუცხრიკიძე, რომლის ქმარიც ყოფილი მეშახტეა, ამბობს, რომ ეს ყველას საერთო ტრაგედიაა. მისი თქმით, ტყიბულელები მხოლოდ იმაზე ოცნებობენ, რომ შახტში აღარავინ დაიღუპოს.

“ჩემი მეუღლე მუშაობდა შახტში, როდესაც 9 მაისის ტრაგედია მოხდა, და გეფიცები, იმის შემდეგ წესიერად არ მიძინია. ჩემი მეუღლე მუშაობდა ორ სმენაში იმ დღეს და რომ დამირეკა თანამშრომელმა და მითხრა, იმ წუთში ჩავიკეცე. ვიფიქრე, ჩემი მეუღლეც იმ ლიფტში მგზავრობდა და ჩავარდა. გადავრჩით, მაგრამ ყველას გაჭირვება იყო ის, რაც გავიარეთ. ღვთის წყალობით, აღარ მუშაობს ჩემი მეუღლე იქ… მანაც ძალიან განიცადა. ტყიბულელების მთავარი მოთხოვნაა, რომ შახტში მეტი აღარავინ დაიღუპოს. არცერთ ტყიბულელს წესიერი აღდგომა არ გაგვთენებია. ტყიბული ისეთი ქალაქია, ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ეს ჩვენი, ყველას ტრაგედია,” – ამბობს იამზე ბუცხრიკიძე.

რამაზ ფერაძე ზესტაფონიდან ჩავიდა ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემად და მწუხარება გამოუცხადა ყველა ტყიბულელს.

“მეტი რამაა გასაკეთებელი, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. “ინვესტორი არ დავაფრთხოთო…” – ამას არ უნდა შეეწირონ ეს ახალგაზრდები და მათ უნდა ჰქონდეთ ღირსეული შრომის პირობები. თუ კიდევ განმეორდება ასეთი რამ, საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას – უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას. მოვითხოვთ, საზოგადოებას ეცნობოს გამოძიების შედეგები, რა მოხდა ტყიბულის შახტში,” – ამბობს რამაზ ფერაძე.

დალი მიქაბაძე, ერთ-ერთი დაშავებული მეშახტის ცოლია. იგი ამბობს, რომ მისი ქმარი, რომელიც 30 წელია შახტში მუშაობს, ახლა საავადმყოფოშია და  მისი მდგომარეობა მძიმეა.  მან არ იცის, რომ შახტის ნგრევის შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული.

მარიამ მიქაბაძე, დაშავებული მეშახტის შვილი:  „ქალა-ტვინის დაზიანება აქვს, ნეკნები აქვს მოტეხილი, ფილტვის დაჟეჟილობა, გულ-მკერდის ტრავმა, სახის ძვლების მოტეხილობა აქვს… კონტაქტური არის, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ოჯახის წევრებსაც კი არ გვაძლევენ უფლებას, რომ ხუთ წუთზე მეტხანს ვნახოთ. არ იცის, რომ დაღუპულები არიან, გვიკრძალავენ, რომ ვუთხრათ“ – ამბობს ის.

ტყიბულში იმყოფება ლანა ღვინიანიძე,  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” (EMC) სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი. მისი თქმით, უკვე არ არსებობს მოლოდინი, რომ კანონი, „რომელიც ერთწლიანი ჭიდილის და ლოდინის შედეგი იყო“, რამეს შეცვლის, რადგან პოლიტიკური ნება არ არსებობს:

“სწორედ ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა აღარ არის მხოლოდ კანონმდებლობის შეცვლა და შრომითი უსაფრთხოების მოთხოვნა ქვეყანაში. ჩვენ ვამბობთ, რომ მთავრობამ უნდა აღიაროს, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკა არის სრულიად დამღუპველი დასაქმებულებისთვის და დამღუპველია პირდაპირი გაგებით. მთავრობამ უნდა შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური გუნდის ხელმძღვანელი, მინისტრი ქუმსიშვილი უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, რადგან ის არის ერთ-ერთი, თუმცა არა ერთადერთი შემოქმედი იმ სისტემის, რომელსაც ასეთი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ასევე ვფიქრობთ, სახელწიფოს უნდა ჰქონდეს ტყიბულის მსგავსი რეგიონების ეკონომიკური განვითარების ალტერნატიული გეგმა, ხედვა და უახლოეს მომავალში მან უნდა წარმოადგინოს ეს გეგმა, თუ როგორ ხედავს ის ტყიბულის განვითარებას, რადგან ეს ქალაქი მთლიანად არის დამოკიდებული ერთადერთ კომპანიაზე, რომელიც აწარმოებს უთანასწორობას, სიკვდილს და ადამიანების ჩაგვრას“.

გლოვის ღამეს შეუერთდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, მათ შორის მწერლები და არტისტებიც. ტყიბულში იმყოფებოდა ერეკლე დეისაძეც, რომელიც ამბობს:

“პირველ რიგში, მე აქ ჩამომიყვანა იმ სიბრაზემ, რომელიც მახრჩობს. ჩამოვედი იმ უმწეობის ხაზგასასმელად, როგორადაც ვგრძნობ პირადად მე თავს. მგონია, რომ სახელმწიფო სისტემა თვითონ ასეთია. მეორე მხრივ, ხალხშია ძალიან ბევრი პრობლემა; ჩვენ ერთმანეთის დაცვა გვიწევს იმიტომ, რომ სისტემა მოშლილია და არ არის ადამიანზე ორიენტირებული. ის ემსახურება ბიზნესს. როცა შრომის უსაფრთხოების ნორმებზეა საუბარი, ასეთ დროს რატომღაც გვესმის მხოლოდ დაპირებები, მაგრამ რეალური სურათი არის აბსოლუტურად სხვა.”

გლოვის ღამე ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემოდ. 09.04.2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

გლოვის ღამე ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემოდ. 09.04.2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

გლოვის ღამე ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემოდ. 09.04.2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

გლოვის ღამე ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემოდ. 09.04.2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

გლოვის ღამე ტყიბულში დაღუპული მეშახტეების ხსოვნის საპატივსაცემოდ. 09.04.2018. ფოტო: ელენე ხაჭაპურიძე/ნეტგაზეთი

საქართველო 6 მეშახტეს გლოვობს

პავლე გამეზარდაშვილი, 25 წლის – ახალგაზრდა მეშახტე საქნახშირის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად. მამამისი, გურამ გამეზარდაშვილიც 2010 წელს მძიმედ დაშავდა შახტში; მას ახლა მხოლოდ ყავარჯნებით შეუძლია გადაადგილება. 17 წლის პავლე, საკუთარი ინიციატივით, სწორედ ამ ინციდენტის შემდეგ გამოვიდა სკოლიდან და შახტში დაიწყო მუშაობდა იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. პავლეს ორი ძმა ჰყავდა, რომლებიც ასევე მეშახტეები არიან.

გოგი რაფავა, 60 წლის – მინდელის შახტში 2006 წლიდან მუშაობდა. ბესიკ რაფავა, თავის დისშვილთან, ირაკლისთან ერთად იყო შახტში. მას დედა, ცოლი, ორი შვილი და ერთი შვილიშვილი დარჩა. რაფავები წუხდნენ, რომ ქელეხისთვის დარბაზის შოვნა უჭირთ, რადგან ტყიბულში დიდი დარბაზები ყველა დაკავებულია – განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მინდელის სახელობის შახტში 6 მუშა ერთდროულად დაიღუპა.

ელგუჯა ბოჭორიშვილი, 53 წლის – მის ცხედარს ოჯახი სოფელ მუხურში ელოდება. ელგუჯა ბოჭორიშვილს ორი შვილი ჰყავდა და შვილიშვილის დაბადებას ელოდებოდა. მეზობელმა გვითხრა, რომ ელგუჯას სახლი ტყიბულშიც აქვს, შახტის სიახლოვეს, თუმცა ოჯახი მის სოფელში აპირებს მიცვალებულის დაკრძალვას. მეზობლის, ზურაბ ბუაძის თქმით, შვიდი წელია ელგუჯას იცნობს და იმ პერიოდიდანვე შახტში მუშაობდა.

მირზა ქურციკიძე, 46 წლის – მას სამი შვილი დარჩა; უფროსი შვილი, 21 წლის, შახტში მუშაობს, მეორე შვილი – 12 წლისაა, მესამე ჯერ 1,2 წლისაც არ გამხდარა. მირზას მამა, ჟილინა ქურციკიძე ასევე მინდელის შახტში მუშაობდა. ის ამბობს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვის შემთხვევაში, ტრაგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

გიორგი ბოჭორიშვილი, 28 წლის – დაახლოებით 10 წელი მუშაობდა შახტში. გიორგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. მას ცოლი და სამი პატარა შვილი დარჩა.

ბესიკ გურგენიძე, 50 წლის – ის წლების განმავლობაში მუშაობდა მინდელის შახტში. ოჯახს მისი გარდაცვალების შესახებ დილით შეატყობინეს.

რა მოხდა მინდელის შახტში

  • 2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ.
  • შსს-მ გამოძიება,  ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

  • 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
  • ამავე დღეს  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
  • 2018 წლის გასულ სამ თვეში ქვეყნის მასშტაბით საწარმოო და სამუშაო ადგილებზე 18 დაიღუპა, ხოლო 12 მძიმედ დაშავდა. 2017 წელს 41 გარდაიცვალა და 66 მძიმედ დაშავდა. აქედან მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში გარდაიცვალა 11 ადამიანი.

[red_box]2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა[/red_box]

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

წაიკითხეთ: რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

მასალების გადაბეჭდვის წესი