ახალი ამბები

მაღაროელების სოლიდარობის აქციის მონაწილეები ბეჟუაშვილების სახლისკენ გაემართნენ

10 მაისი, 2017 • 4264
მაღაროელების სოლიდარობის აქციის მონაწილეები ბეჟუაშვილების სახლისკენ გაემართნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც შახტში 4 მუშის ჩავარდნის შემდეგ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, მინდელის მაღაროს მფლობელების, ბეჟუაშვილების სახლისკენ გაემართნენ.

“აქცია უნდა დავასრულოთ ამ ამბის მთავარ შემოქმედთან, იმ ადამიანთან, რომლის კისერზეც არის ამ 4 ადამიანის სიკვდილი. ამაღლების ქუჩაზე ცხოვრობენ ტყიბულის შახტის მფლობელები, ბეჟუაშვილები, ძმები, და ვფიქრობთ, რომ უნდა წავიდეთ მათ სახლთან. ყველანი ორგანიზებულად დავიძვრებით და მივდივართ ამაღლების ქუჩაზე”, – განაცხადა “აუდიტორია 115”-ის წევრმა, გიორგი ჯავახაძემ.

აქციზე, რომელიც ტყიბულში, მინდელის შახტში 4 მუშის ჩავარდნას მოჰყვა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, 2 ადამიანი დააკავეს. პოლიციამ აქციის მონაწილენი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მინდელის სახელობის მაღაროში, სარემონტო სამუშაოების შესრულებისას, 4 მეშახტე შახტში ჩავარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი