საქნახშირი: მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ

დღეს, 5 აპრილს, ტყიბულში მინდელის შახტში მომხდარი ნგრევის შედეგად დაღუპულების ოჯახებს “საქნახშირი” 20-20 ათას ლარამდე კომპენსაციას გადაუხდის. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციულმა დირექტორმა, ნინო ჯორბენაძემ განუცხადა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი სწორედ ის ორგანიზაციაა, რომლის შვილობილ კომპანიასაც “საქნახშირი” წარმოადგენს.

“თითოეული შახტში მომუშავე ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის დაზღვეული.  ანაზღაურებულია ასევე ის უბედური შემთხვევებიც, რომლებსაც ლეტალური დასასრული აქვთ, რაც გარკვეულ კომპენსაციას გულისხმობს. ასევე ჩვენ გვაქვს სადაზღვევო კომპანიასთან შეთანხმებული საერთო სარაზერვო ფონდი, რომელიც ითვალისწინებს თითოეულ მსგავს შემთხვევაზე 20 ათას ლარამდე კომპენსაციას ოჯახის წევრებისთვის,” – განმარტავს ჯორბენაძე.

  •  2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა.
  • დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
  • შსს-ს განცხადებით, გამოძიება,  ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე:

  • 2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
  • ამავე დღეს  თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.

წაიკითხეთ: რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტაში

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს არა-ღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან