ახალი ამბები

საქნახშირის პირველადი დასკვნა: შახტში აფეთქება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია

8 თებერვალი, 2022 • 813
საქნახშირის პირველადი დასკვნა: შახტში აფეთქება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ გამოიწვია

30 იანვარს  „მინდელის“ სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით „საქნახშირი“ სპეციალური კომისიის მოკვლევის პირველად შედეგებს აქვეყნებს.

„საქნახშირის“ განცხადებით, ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას; ასევე, საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას.

„კერძოდ, ადგილი ჰქონდა შემდეგ დარღვევებს: ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს „სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთოების წესების შესახებ.“ ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას – უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან). 

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა ოსტატ-ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება“, – აცხადებს „საქნახშირი“.

„საქნახშირის“ განცხადებით, კომისიის წინასწარი მონაცემებით დგინდება, რომ „N8 ველში, +280 ჰორიზონტზე გამორთული იყო ადგილობრივი განიავების ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს სანგრევის განიავებას და გაზის დაგროვების პრევენციას (გამონამუშევარში ჰაერის უწყვეტი ნაკადის მიწოდების გარეშე აფეთქებითი სამუშაოების წარმოება დაუშვებელია)“. 

მათივე განცხადებით, სამთო ოსტატის მიერ არ მოხდა მუშების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა, რომელიც მითითებულია ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების წარმოების პასპორტში. 

„მიუხედავად იმისა, რომ იმ კონკრეტულ მომენტში მეთანის დონე 1%-ზე მეტი ფიქსირდებოდა, სამთო დისპეტჩერმა აფეთქებაზე გასცა ნებართვა, რაც უსაფრთოების სტანდარტების სრული დარღვევაა“, – აცხადებს „საქნახშირი“.

„საქნახშირში“ აღნიშნავს, რომ საბოლოო დასკვნა მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი და პირველადი დასკვნის ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.

როგორც „საქნახშირი“ აღნიშნავს, მომხდარის შესახებ დეტალები შრომის ინსპექციამაც გამოიკვლია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი