რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

საქნახშირის განცხადებით, მინდელის შახტში დღეს მომხდარი ტრაგედია სამთო დარტყმის შედეგია. რას წარმოადგენს სამთო დარტყმა და რის საფუძველზე აცხადებს კომპანია წინასწარ ტრაგედიის მიზეზს, როდესაც გამოძიება ჯერ დასრულებული არ არის? 

რა არის სამთო დარტყმა?

საქართველოს მთავრობას 2013 წელს მიღებული აქვს დადგენილება, რომელიც ნახშირის შახტების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტს ადგენს. ამ დოკუმენტის მიხედვით:

სამთო დარტყმა არის – გვირაბის მომიჯნავე ქანის მასივის ზღვრულად დაძაბული ნაწილის უეცარი, სწრაფად მიმდინარე რღვევა (დაშლა), რომელსაც თან ახლავს გვირაბში ქანის გამოტყორცნა, ძლიერი ხმოვანი ეფექტი და ჰაერის მძლავრი ტალღა.

პროფკავშირის პოზიცია

როგორც საქართველოს მეტალურგთა, მეშახტეთა და ქიმიკოსთა პროფკავშირის ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, ზოგადად ქვანახშირის ფენებს სამთო დარტყმები ახასიათებს, თუმცა მინდელის შახტში დღეს მომხდარი ტრაგედია უშუალოდ სამთო დარტყმას უკავშირდება თუ სხვა რამეს, ეს დეტალური კვლევის საგანია. მისივე განმარტებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და წვრილმან დეტალებს, რომლებიც საზოგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობია.

“კომპანიის თქმით, სამთო დარტყმის შედეგად ჰაერის მძიმე ნაკადი წარმოიშვა, რომელმაც ჩამონგრევა და ამ ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. მე მათ [საქნახშირის] ადგილზე თავს შევიკავებდი ასეთი გადამწყვეტი დასკვნების გაკეთებისგან. ჩანს, რომ კომპანია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს. ჩვენ ვეცდებით ალტერნატიული გამოკვლევა ჩავატაროთ,” – განმარტავს დოლაბერიძე.

მისივე განცხადებით, სამთო დარტყმები აქამდეც  ყოფილა, მაგრამ ასეთი ნგრევა და სიკვდილი არ გამოუწვევია, თუმცა, თუ კომპანია აცხადებს, რომ მათ არ შეუძლიათ მსგავსი მოვლენების კონტროლი, მაშინ საფრთხის შესახებ მუშებს იმთავითვე უნდა აცნობონ.

როგორც მინიმუმ, შრომის კონტრაქტებში უნდა ჩაუწერონ, რომ შახტზე შეიძლება მოხდეს სამთო დარტყმა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს შენი სიკვდილი. სამთო დარტყმები ყოფილა ბევრჯერ, მაგრამ თუ კომპანია ადასტურებს, რომ სამთო დარტყმა გარდაუვალი საფრთხეა და  შახტზე სიკვდილი გარდაუვალია, მაშინ ეს შრომის კონტრაქტში უნდა ეწეროს,” – აღნიშნა დოლაბერიძემ.

გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას თამაზ დოლაბერიძე განმარტავს, რომ მართალია, სამთო დარტყმის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა მისი ზიანის შემცირება უსაფრთხოების ნორმების დაცვით შეიძლება.

“შეიძლება ეს ფაქტი გაუმაგრებლობის გამო არ მომხდარა, მაგრამ სხვა მიზეზი ჰქონდა. მაგალითად, როცა უბანს გამოიმუშავებ  და გამოაცარიელებ, რაღაც სიდიდის ღრმულს ტოვებ მიწაში, სამთო სამუშაოების წარმოების წესების მიხედვით, ის ღრმული უნდა ამოავსო ინტერტული მასალით. ღრმული თუ დარჩა, შეიძლება სამთო დარტყმის შედეგად ის ჩაინგრეს და სხვა ველებსა და უბნებზე გვირაბების დაზიანება გამოიწვიოს. ეს ფაქტობრივი გარემოებებია გამოსაკვლევი,” – აცხადებს დოლაბრეიძე. 

ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნა და კომპანიის პოზიცია

მთავრობის რეგლამენტი ნახშირის შახტების უსაფრთხოების თაობაზე სამთო დარტყმებთან დაკავშირებით რამდენიმე ჩანაწერს შეიცავს. მაგალითად, ერთ-ერთია ნახშირის ფენების წინასწარ გაჟღენთა:

ეს არის დამტვერიანების და სამთო დარტყმის წინააღმდეგ მიმართული პროფილაქტიკური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც ხორციელდება მოსამზადებელი გვირაბებიდან ფენის მიმართებით წინასწარ გაბურღულ ჭაბურღილებში წყლის დაჭირხვნით (დამსველებლების გამოყენებით).

ნეტგაზეთმა “საქნახშირის” წარმომადგენელ ნინო ჯორბენაძეს ჰკითხა, იცავდა თუ არა კომპანია რეგლამენტის ამ მოთხოვნას:

“თქვენ რაც ბრძანეთ და რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ეს არის უსაფრთხოების დაცვის ერთ-ერთი გზა, თუმცა ასევე გათვალისწინებულია გვირაბების გამაგრება ხით და ისეთი ლითონებით, რომლებიც საფრთხეს არ შექმნიან. ამ შემთხვევაში კომპანია იმ სტანდარტებს ირჩევს ხოლმე, რომელიც უფრო დანერგილი არის არსებულ ბაზარზე და მე ვერ გეტყვით ზუსტად, იმ ადგილზე ხდებოდა თუ არა წყლით დამუშავება, მაგრამ გამაგრებული იყო გვირაბები, რასაც შეეძლო აერიდებინა სამთო დარტყმა, თუმცა, ეს ისეთი პროცესი არის, რომელსაც წინასწარ ვერ გავთვლით და ვერ გამოვთვლით დარტყმის ძალას. ეს აბსოლუტურად ბუნებაზეა დამოკიდებული”, – ამბობს ნინო ჯორბენაძე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორი.

ტყიბული, შახტის შესასვლელი © მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

იმავე რეგლამენტის მიხედვით, შახტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ჩანაწერი სამთო დარტყმების გამოვლინების მხრივ საშიში უბნების პროგნოზირების შედეგებისათვის ჟურნალში, ხოლო სამთო დარტყმებთან ბრძოლის ეფექტურობის შედეგები შესაბამისი ჩანაწერებით – ამ მიზნისათვის შექმნილ ჟურნალში.

“აბსოლუტურად ყველა რეგულაციას აკმაყოფილებს კომპანია ჟურნალების მხრივ, არა მხოლოდ ჟურნალების წარმოების კუთხით, არამედ ტექნიკის, პირადი აღჭურვილობისა და მომარაგების კუთხით, მაგრამ,  სამწუხაროდ… 1980-იანი წლების შემდეგ, მსგავსი სიმძლავრის დარტყმა არ ყოფილა. რა თქმა უნდა, აღრიცხვა არის გაკეთებული მინიმალური ბიძგების შესახებ, თუმცა ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დარტყმა იყო”, – ამბობს ჯორბენაძე.

მას ასევე ვკითხეთ იმის შესახებ, რის თაობაზეც მოსაზრება პროფკავშირის წარმომადგენელმა თამაზ დოლაბერიძემ გამოთქვა: მეშახტეებთან გაფორმებულ კონტრაქტებში თუ წერია, რომ არის შესაძლებლობა განხორციელდეს ისეთი ძლიერი სამთო დარტყმა, რომ მათ სიცოცხლეს შახტის უსაფრთხოების სისტემა ვერ დაიცავს.

“მე, სამწუხაროდ, მომიწევს, რომ სამართლებრივი პასუხი გაგცეთ. ეს არის არა შრომითი ხელშეკურლების, არამედ ადამიანების, ფუნქცია-მოვალეობების და რეგლამენტების ნაწილი. რა თქმა უნდა, პრევენციის კუთხით, ყველა თანამშრომელი გაცნობილია აღნიშნულ რეგლამენტს და მათი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა მისი შემუშავება. რაც შეეხება უშუალოდ ადგილზე ჩასვლას, მე მინდა  საქმის კურსში იყოთ, რომ თითოეული სამუშაოს წარმოების წინ ხდება შესაბამისი ინსტრუქტაჟის გაცემა, რისკებზე და საფრთხეებზე ინფორმირება და სამოქმედო გეგმების გაცნობა, რაც თანხვედრაშია არსებულ რეგულაციებთან. კონკრეტულ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის წინ, ყველა მსგავსი ტიპის საწარმოში მომუშავე ადამიანს აფრთხილებენ შესაბამისი საფრთხეებისა და რისკების შესახებ და ასევე მიეცემა ინსტრუქტაჟი, როგორ უნდა იმოქმდედოს კონკრეტულ ვითარებაში”, – აცხადებს ჯორბენაძე.

ჯორბენაძეს ასევე ვკითხეთ, რის საფუძველზე განაცხადა კომპანიამ, რომ ტყიბულში ტრაგედიის მიზეზი სამთო დარტყმა იყოს, როდესაც ჯერ გამოძიება დასრულებული არ არის.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში ველოდებით გამოძიების შედეგებს, თუმცა, ეს არ არის მხოლოდ კომპანიის პოზიცია იმიტომ, რომ შემთხვევის ადგილზე ჩავიდნენ არა მხოლოდ ჩვენი უსაფრთხოების დეპარტამენტი, არამედ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და პირველადი ინფორმაცია ამ ეტაპზე არის სამთო დარტყმა. ამ ეტაპზე სხვა ვერსია არ იკვეთება”.

რა ხდება ტყიბულში

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევისას სხეულის მძიმე დაზიანებების შედეგად დაიღუპნენ მინდელის სახელობის შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები: 1972 წელს დაბადებული მ. ქ, ოსტატ-ამფეთქებელი – 1968 წელს დაბადებული ბ. გ, სამთო მუშები – 1992 წელს დაბადებული პ. გ, 1959 წელს დაბადებული გ. რ, 1990 წელს დაბადებული გ.ბ. და 1966 წელს დაბადებული ე.ბ.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა  ლიფტის ჩავარდნას.

გასული წლის 9 მაისს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.

ვინ მართავს მინდელის შახტს

ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი, სადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე 11 ადამიანი დაიღუპა, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არააღმასრულებელი დირექტორი – გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი – ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი – ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში – ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.

თბილისში 2017 წლის9 მაისს გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები  პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან