ახალი ამბები

გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები — ინსპექცია ტყიბულის ინციდენტზე

12 თებერვალი, 2022 • 1245
გამოვლინდა შრომის უსაფრთხოების ნაკლოვანებები, ადამიანური შეცდომები — ინსპექცია ტყიბულის ინციდენტზე

შრომის ინსპექციის განცხადებით, ტყიბულში, “საქნახშირის” ობიექტზე მომხდარი ინციდენტის მოკვლევა დასკვნით ფაზაშია. საუბარია იანვარში მომხდარ აფეთქებაზე, რომელსაც მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უწყების თანახმად, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა როგორც “კომპანიის მხრიდან შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის ნაკლოვანებები, ასევე ადამიანური შეცდომები და კონტროლის ნაკლებობა საწარმოო პროცესის სხვადასხვა საფეხურზე”.

“ინსპექტირების პროცესისა და მოკვლევის ანგარიში საზოგადოებისთვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. შრომის ინსპექტორთა ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას და კომპანიაში არსებული უშუალო და სისტემური პრობლემების იდენტიფიცირებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ კომპანია “საქნახშირმა” ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების სტანდარტების დახვეწასთან დაკავშირებით”, კომპანიას დამატებით, პრევენციული ზომების მიღება დაევალა:

“შრომის ინსპექციის მოთხოვნით, შახტში უკვე დამონტაჟებულია ელექტრონული აპარატი, რომელიც სამთომოპოვებით პროცესში მეთანის კონცენტრაციის მომატების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მოწყობილობების ავტომატურ გათიშვას, რაც აფეთქების საპრევენციო დამატებით საშუალებას წარმოადგენს.

აღნიშნული სისტემა კომპანიაში უკვე ფუნქციონირებს. კომპანიაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების ამოქმედებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება შახტში სამუშაო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით”.

ინსპექციის განცხადებით, იზიარებს საქართველოს პროფკავშირების მოწოდებას და პროცესის გამჭვირვალობისათვის დაგეგმილია მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც შახტში უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობას “პერმანენტულ მონიტორინგს” გაუწევს.

სამუშაო ჯგუფში თავად ინსპექციის, კომპანიისა და პროფკავშირების წარმომადგენლები შევლენ.

ტყიბულის შახტში ზემოხსენებული ინციდენტი 30 იანვრის ღამით მოხდა. სავარაუდოდ, მეთანის ჭარბი კონცენტრაციის გამო მომხდარი აფეთქების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, რვა კი დაშავდა.

ადგილის შესწავლის შემდეგ, 31 იანვარს, შრომის ინსპექციამ პირველადი შეფასება გაახმიანა, რომლის თანახმადაც საამფეთქებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.

ტყიბულის შახტში აფეთქებები უსაფრთხოების წესების დარღვევით ხდებოდა – შრომის ინსპექცია

მასალების გადაბეჭდვის წესი