ახალი ამბები

დაგროვებითი საპენსიო სქემა არაკონსტიტუციურია – საია

15 თებერვალი, 2018 • 1683
დაგროვებითი საპენსიო სქემა არაკონსტიტუციურია – საია

ახალგზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემის სქემა არაკონსტიტუციურია. საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ რადგან ამ დრომდე სავალდებულო საპენსიო შენატანი კანონმდებლობით არ ყოფილა გათვალისწინებული, გამოდის, რომ  ახალი გადასახადის  შემოღება ხდება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ახალი სახის გადასახადის დაწესება მხოლოდ რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი.

“იმისათვის, რომ დაკმაყოფილებული იქნეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ფორმალური კრიტერიუმები, სავალდებულო საპენსიო შენატანების შემოთავაზებული სახით მიღება, მხოლოდ რეფერენდუმის საფუძველზე – ხალხის მაქსიმალური ჩართულობის ფონზე უნდა განხორციელდეს,” – წერია განცხადებაში

საიას განცხადების თანახმად, რადგან საპენსიო შენატანი სავალდებულოა და მისი ნაწილი მიემართება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად, ზრდის ხარჯებს, ამცირებს შემოსავალს, დამსაქმებელთა შემთხვევაში არ ექვემდებარება დაბრუნებას, ხოლო დასაქმებულებთან მიმართებით დამოკიდებულია სააგენტოს გამართულ ფუნქციონირებაზე.

“საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, ის გაიგივებული უნდა იქნეს გადასახადისა და მოსაკრებლის სამართლებრივ ბუნებასთან და უნდა მოექცეს საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის რეგულირების სფეროში,” – წერია განცხადებაში.

კონსიტუციის 94-ე მუხლის თანახმად, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიციირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.

“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით  2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

დაგროვებითი პენსიის შესახებ კომენტარი ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამაც გააკეთა. ნიკოლოზ გაგუას თქმით, დაგროვებით პენსია გადასახადი არ არის, რადგან ეს თანხა სქემაში ჩართულ ადამიანებს უკან დაუბრუნდებათ.

“გადასახადების განმარტება ჩვენ გვაქვს საგადასახადო კოდექსში, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო განმარტებებს. აღნიშნული განმარტებით გადასახადს სამი კრიტერიუმი აქვს. მათ შორის არის ის, რაც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში ზოგადი ხარჯების დასაფინანსებლად. ეს არის თანხა, რომელიც მიემართება სისტემაში ჩართული აღნიშნული პიროვნების პირად ანგარიშზე და ეს არის ამ პიროვნების პირადი საკუთრება,”-ამბობს ფინანსთა მინისტრი მოადგილე.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი დაგროვებით საპენსიო სისტემის მთვარობის მიერ შეთავაზებულ სქემას გადასახადად არ მიიჩნევს.

“გადასახადი არის შემოსავლები, რომლებიც სახელმწიფოში შედის. საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის, ეს ფული რჩება ამ ადამიანებს. საპენსიო შენატანს აკეთებს როგორც თითოეული დასაქმებული, ასევე, ხელისუფლება.  პენსიით და დაგროვებითი საპენსიო სისტემით თითოეული ადამიანი ისარგებლებს. ამ თანხებს საპენსიო სააგენტო და ინდივიდები განკარგავენ. ეს მათი ფულია და არა – გადასახადი,”-აცხადებს IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

მასალების გადაბეჭდვის წესი