საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის – სავალუტო ფონდი საპენსიო რეფორმას დადებითად აფასებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შესახებ “ნეტგაზეთს” ესაუბრა:

ზოგიერთი ეკონომისტი საპენსიო რეფორმის ფარგლებში დამსაქმებლებისთვის და დასაქმებულებისთვის დაწესებულ შენატანებს დამატებით გადასახადად მიიჩნევს. თქვენ როგორ მიგაჩნიათ ეს?

ეს გადასახადი არის არის. პენსიით და დაგროვებითი საპენსიო სისტემით თითოეული ადამიანი ისარგებლებს. ამ თანხებს საპენსიო სააგენტო და ინდივიდები განკარგავენ. ეს მათი ფულია და არა – გადასახადი. 

თუმცა შენატანის გაკეთება 40 წლამდე დასაქმებულების შემთხვევაში სავალდებულოა…

დიახ, თუმცა ეს გადასახადისგან მაინც განსხვავდება. გადასახადი არის შემოსავლები, რომლებიც სახელმწიფოში შედის. საპენსიო შენატანი გადასახადი არ არის, ეს ფული რჩება ამ ადამიანებს. საპენსიო შენატანს აკეთებს როგორც თითოეული დასაქმებული, ასევე, ხელისუფლება.

ანუ IMF დადებითად აფასებს დაგეგმილ საპენსიო რეფორმას?

დიახ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაკროეკონომიკური კუთხით საქართველოს აქვს მაღალი საინვესტიციო მაჩვენებელი და შედარებით დაბალი დაგროვების მაჩვენებელი. საშინაო დანაზოგების ზრდით, საქართველო ნაკლებად იქნება დამოკიდებული უცხოურ დანაზოგებზე. ხალხის წახალისება, დანაზოგი გააკეთოს მიმდინარე ანგარიშების დეფიციტისთვის, მნიშვნელოვანი იქნება. 


“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით  2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.