ახალი ამბები

დიღომში აფეთქების გამო ორმა ბავშვმა “თბილისი ენერჯის” სასამართლო დავა მოუგო — საია

8 ნოემბერი, 2022 • 3337
დიღომში აფეთქების გამო ორმა ბავშვმა “თბილისი ენერჯის” სასამართლო დავა მოუგო — საია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ორი არასრულწლოვნის სარჩელი, რომელიც ეხებოდა 2019 წელს დიდ დიღომში ბუნებრივი აირის აფეთქების საქმეს.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”(საია) თანახმად, შპს “თბილისი ენერჯის” დააკისრეს მოსარჩელეთათვის სარჩოს გადახდა და ოჯახის წვერების გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება.

რა მოხდა

აფეთქება დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, 2019 წლის 16 იანვრის საღამოს მოხდა. მიზეზი ბუნებრივი აირის დაგროვება იყო.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი – ნათია ციცვიძე და მისი მცირეწლოვანი შვილი, ასევე, ნათიას და, ნინო ციცვიძე, რომელიც მასთან სტუმრად იყო მისული. აფეთქებას ემსხვერპლა კორპუსში მყოფი ახალგაზრდა კაციც.

აფეთქების დროს ნათია ციცვიძის ბინაში იმყოფებოდა მისი კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი და ქმარი. ისინი გადარჩნენ. ერთ ბავშვს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

გამოძიების თანახმად, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მოქალაქეებმა “თბილისი ენერჯის”(იმხანად “ყაზტრანსგაზის”) ცხელ ხაზზე დარეკეს და დახმარება ითხოვეს, რადგან კორპუსში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა და ეჭვი ჰქონდათ, რომ გაზი ჟონავდა.

შსს ამბობდა, რომ ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ.

საბოლოოდ, ორივე თანამშრომელს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სსკ-ის 220(1) მუხლით, რაც გულისხმობს გულგრილობას, რომელიც გამოიხატა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირების მიერ მათი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობაში/არაჯეროვნად შესრულებაში დაუდევარი დამოკიდებულებების გამო.

ორი არასრულწლოვნის სარჩელი

“თბილისი ენერჯის” სასამართლოში უჩივლა ორმა არასრულწლოვანმა, რომელთა დედა და მცირეწლოვანი ძმაც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. აფეთქებისას თავად მოსარჩელეების ჯანმრთელობასაც მიადგა ზიანი.

არასრულწლოვანთა ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა.

“სისხლის სამართლის განაჩენებითა და ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ არსებობდა აფეთქების სამი კერა: კორპუსში არსებული ერთი კონკრეტული ბინა, კორპუსის ლიფტის შახტი და სადარბაზო.

შპს „თბილისი ენერჯი“ აპელირებდა იმაზე, რომ აფეთქება და, შესაბამისად, დამდგარი შედეგი განაპირობა კონკრეტულად ერთ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვამ, რაზეც, მოპასუხის მითითებით – პასუხისმგებლობა სწორედ იმ ბინის მესაკუთრეს ეკისრებოდა და არა შპს „თბილისი ენერჯის“ ან მის თანამშრომლებს.

მოპასუხე უარყოფდა მისი თანამშრომლების გულგრილობის ფაქტს, რომლებსაც ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინათ, ისინი აღმოაჩენდნენ გაჟონვის კერებს და მოსახლეობას შეეზღუდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რითაც თავიდან იქნებოდა აცილებული მომხდარი ტრაგედია”, — დასძენს “საია”.

ორგანიზაციის თქმით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, აფეთქების ამ მასშტაბს მხოლოდ ერთ კონკრეტულ ბინაში მომხდარი აფეთქება ვერ გამოიწვევდა.

ამავდროულად,”საიას” ცნობით, შპს „თბილისი-ენერჯი“ არ იზიარებდა მისი, როგორც ლიცენზიანტი კომპანიის ვალდებულებას, სისტემატურად შეემოწმებინა, მათ შორის, ის კონკრეტული ბინა, სადაც ჟონავდა ბუნებრივი აირი.

როგორც ორგანიზაცია წერს, სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის სამართლებრივი პოზიცია შპს „თბილისი ენერჯის“, როგორც დამსაქმებლისა და როგორც ლიცენზიანტი კომპანიის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სახეზე იყო მოპასუხის თანამშრომლების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რამაც გამოიწვია დამდგარი ზიანი.

“ამასთან, სასამართლოს მითითებით, კანონმდებლობისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, „აშკარად იკვეთება შპს „თბილისი ენერჯის“ ვალდებულება, შეემოწმებინა ის კონკრეტული ბინა და ის, რომ ამ აფეთქებასაც ჰქონდა თავისი წილი, ბინის მესაკუთრესთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს შპს „თბილისი ენერჯის,“ როგორც ლიცენზიატ კომპანიას“ “, — ვკითხულობთ “საიას” განცხადებაში.

შედეგად, სასამართლოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხე შპს “თბილისი ენერჯის” არასრულწლოვანი მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა:

  • სარჩოს გადახდა დედის გარდაცვალებიდან სრულწლოვანების ასაკს მიღწევამდე;
  • ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5 000 და 2 000 ლარის ოდენობით;
  • დედისა და ძმის გარდაცვალების გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 50 000 – 50 000 ლარის ოდენობით.

“საიას” ცნობით, სასამართლოს 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის შესული კანონიერ ძალაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი