ახალი ამბებიეკონომიკა

დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

31 ოქტომბერი, 2017 • 3277
დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა შესაძლოა სავალდებულო გახდეს

კანონპროექტის მიხედვით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანისთვის. ამის შესახებ  დღეს  გამართულ კონფერენციაზე გახდა ცნობილი.

კანონპროექტის მიხედვით,  ნებაყოფლობითი იქნება მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ისინი ნებაყოფლობით გაწევრიანდებიან სისტემაში, მათი ასაკის მიუხედავად.

“რეფორმა ითვალისწინებს სავალდებულო ჩართულობას მათთვის,  ვინც არის 40 წლამდე, ხოლო ნებაყოფლობით ჩართულობას 40 წელს გადაცილებულებისთვის. გადაწყდა სავალდებულო ყოფილიყო ჩართულობა. ფაქტიურად ყველა საერთაშორისო ექსპერტმა გვირჩია, რომ აღნიშნული მიმართულებით გადაგვედგა ნაბიჯები. ვთვლით, რომ ეს მოდელი გამართლებულია ჩვენი დღევანდელი რეალობისთვის. ეს რეფორმა ითვალისწინებს 6%-იანი შენატანის განხორციელებას.  აქედან 2% შეტანილი იქნება დასაქმებულის მიერ, 2% დამსაქმებლის მიერ და 2%-ს  სუბსიდიის სახით ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე სახელმწიფო გადარიცხავს. ყველა შენატანი გათავისუფლებულია გადასახადიდან, რაც საკმაოდ უპრეცედენტო შეღავათია საერთაშორისო მასშტაბით,”-განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

საპენსიო რეფორმა გავრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. ასევე,  მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებული ან თვითდასაქმებული და იღებენ შემოსავალს. 

„დაგროვებითი პენსიების შესახებ“ კანონპროექტით,  თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით სქემის მონაწილე ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელებს შენატანს – თითოეული დასაქმებულის ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით. რაც შეეხება თვითდასაქმებულ პირებს – ისინი განახორციელებენ შენატანს თავისი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, სახელმწიფო კი, როგორც დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების სასარგებლოდ მათ დამატებით გადაურიცხავს დასაბეგრი შემოსავლის 2%-ს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით  2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

კანონპროექტის ავტორები ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი არიან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი