საზოგადოება

ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

5 ივლისი, 2023 • 967
ჯერაც არ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები — საიას განცხადება 5 ივლისზე

2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა შესაძლო დანაშაულების ყველა ეპიზოდი სათანადოდ გამოძიებული ამ დრომდე არ არის — აღნიშნავს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ოთხშაბათს, 5 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის სიტყვებით, ნათელია, რომ “მიუხედავად კონკრეტული მოძალადე პირების დასჯისა”, შესაბამის სახელმწიფო უწყებას “არ აქვს ნება, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი, ხელმძღვანელი ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირები”.

“მართალია, გამოძიება, მათ შორის, მიმდინარეობს ძალადობის ორგანიზატორთა მიმართ, თუმცა მისი მიმდინარეობა, კონკრეტული პირების მიმართ ბრალის წარუდგენლობისა და გამოძიების ფოკუსიდან გამომდინარე, არ არის ყოველმხრივი, ობიექტური და სათანადოდ ეფექტიანი.

საია მიიჩნევს, რომ დაზარალებულებს ხელოვნურად შეეზღუდათ წვდომა გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე ორგანიზატორების, ხელმძღვანელების ან ძალადობრივი ქმედებების საჯაროდ მომწოდებელი პირების ნაწილში”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

საია ასევე დასძენს, რომ რეაგირების გარეშეა დატოვებული სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა, ჯეროვნად დაეცვა ჟურნალისტები, რათა მათ ხელშეშლის გარეშე განეხორციელებინათ თავიანთი პროფესიული საქმიანობა.

ორგანიზაციის ცნობით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული არ არის ალექსანდრე ლაშქარავას ეპიზოდზეც — “ტვ პირველის” ოპერატორზე, რომელიც 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებმა სცემეს. ის ძალადობიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. შსს-მ ეს ფაქტი ნარკოტიკებით ზედოზირებას დაუკავშირა.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” სულ 19 პირის საქმეშია ჩართული. აქედან 17 პირი სხვადასხვა მედიაორგანიზაციის წარმომადგენელია, რომელთა მიმართაც ძალადობასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას ჰქონდა ადგილი. დანარჩენ 2 პირს მოძალადეები იმის გამო გაუსწორდნენ, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო ლგბტ+ თემს დაუკავშირეს.

“უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, საია აქტიურ კომუნიკაციას აწარმოებდა საგამოძიებო უწყებებთან, მათ შორის, თბილისის პროკურატურასთან, გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან.

ამ პერიოდის განმავლობაში ზემოთ ხსენებულ უწყებებში გაგზავნილია 10-ზე მეტი განცხადება/საჩივარი, რომლებზეც რეაგირება ძირითადად ჯეროვნად არ ხდებოდა”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გასული 2 წლის განმავლობაში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენები ლექსო ლაშქარავას, მირანდა ბაღათურიას, ვახტანგ ქარელის, ილია თვალიაშვილის, რატი წვერავასა და დეა მამისეიშვილის საქმეზე.

ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიას ეპიზოდში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე ექვსივე ბრალდებულის მიმართ სრულად დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხებათ სხვა პირებს, მათ ეპიზოდებში ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგინდა პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლისა და დევნის ნაწილში, ბრალდებულები გამართლდნენ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში. ამ პირებთან მიმართებით სასამართლომ მინიმალურთან მიახლოებული სასჯელი გამოიყენა.

მოგვიანებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ მირანდა ბაღათურიასა და ლექსო ლაშქარავას ეპიზოდის ნაწილში შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი და ბრალდებულები გაამართლა ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. ამჟამად, აღნიშნული საქმეები უზენაეს სასამართლოში განიხილება.

5 ივლისთან დაკავშირებით საიამ საჩივარი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც გაგზავნა. მომჩივანი ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფი ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაზე დავობენ.

“საჩივარში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ 2021 წლის 5 ივლისს ვერ მოახერხა ძალადობის თავიდან არიდება და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე შესაბამისი რეაგირება, კერძოდ, სადავოდ არის გამხდარი 2021 წლის 5 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ოპერაციისა და შემდგომ წარმოებული გამოძიების ეფექტიანობა, განსაკუთრებით სიძულვილის ჯგუფების ლიდერების/ორგანიზატორების პასუხისმგებლობის გამოკვეთის კუთხით.

ამასთან, საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ მაღალი თანამდებობის პირთა მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენები პრაქტიკულად თავადვე წაახალისა.

მომჩივნები მიიჩნევენ, ისინი დაზარალდნენ იმის გამო, რომ მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენლები არიან და ჰომოფობიური ჯგუფების მიერ ასოცირდებიან ლგბტ+ თემთან”, — დასძენს საია.

რა მოხდა 2021 წლის 5 ივლისს

2021 წლის 5 ივლისს, დედაქალაქის ცენტრში, თბილისის პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება — “ღირსების მარში” — უნდა ჩატარებულიყო. მარშის ჩაშლის მიზნით, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოსა და  პრო-რუსული ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ორგანიზებით.

“ალტ-ინფოს” წარმომადგენლები მანამდე ღია ეთერში ახმიანებდნენ ძალადობისაკენ მოწოდებებს.

საბოლოოდ, “ღირსების მარში” გაუქმდა, თუმცა ჰომოფობიური ჯგუფები პროცესების გასაშუქებლად ქუჩაში გასულ ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ ასევე დაარბიეს „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო პროტესტის ფარგლებში პარლამენტის წინ დადგმული კარვები, ასევე „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები.

ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რა დროსაც ღარიბაშვილმა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებას „მიუღებელი“ უწოდა.

მეორე დღეს, 6 ივლისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართა გაიმართა მშვიდობიანი აქცია, რომლის მონაწილეებმაც დაგმეს ჰომოფობია და ძალადობა. პარლამენტთან იმ დღესაც მივიდნენ მოძალადეები, რომლებიც პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართულებით საგნებს ისროდნენ.

საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი