რას გულისხმობს დაგროვებითი საპენსიო სისტემა

დღეს ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მედიისთვის “დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს. საპენსიო რეფორმა, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს, პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა.

ვის ეხება დაგროვებითი საპენსიო რეფორმა

საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე 40 წელი უკვე შეუსრულდა. საპენსიო რეფორმაში ჩართვა ნებაყოფლობითია ასევე თვითდასაქმებული ადამიანებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის მოადგილის, ნინო ჯავახაძის განცხადებით, გარდაცვალების შემთხვევაში საპენსიო დანაზოგის გატანა მემკვიდრეებს შეუძლიათ. მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა, თანხა ხელზე გაიტანონ, ან  საკუთარ საპენსიო ანგარიშზე გადაიტანონ.

“როგორც მოგეხსენებათ, ეს არის განსაზღვრული შენატანის საპენსიო სისტემა. განსაზღვრული შენატანი ნიშნავს იმას, რომ დამოკიდებული არის თქვენს ხელფასზე. ანუ, წლების განმავლობაში რა ხელფასი გაქვს. მაგალითად, საშუალოდ 1000-ლარიან ხელფასზე, რომელსაც თქვენ 30 წლის განმავლობაში აგროვებთ, დაახლოებით 500 ლარი იქნება თქვენი პენსია საბაზისოს გარდა. ეს რეფორმა დამყარებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე. ჩვენ კანონში გვაქვს გაწერილი კარგი ინვესტირების პრინციპები. მაღალი კვალიფიკაციის ადამიანების მოწვევას ვაპირებთ საინვესტიციო საბჭოში და აქედან გამომდინარე ნდობა უნდა დავიმსახუროთ,”-აცხადებს ნინო ჯავახაძე.

კანონპროექტის მიხედვით, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, ადამიანს საპენსიო ანგარიში უნარჩუნდება. მუშაობის ხელახლა დაწყების შემდეგ, პირველი ხელფასის ჩარიცხვისთანავე, მას შეუძლია ანგარიშზე ფულის შეტანა დაიწყოს. იმ პერიოდში, როცა დასაქმებული არ ხართ, სახელმწიფო შენატანს არ აკეთებს.

რამდენი იქნება ფინანსური შენატანი დაგროვებით საპენსიო სისტემაში

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. თვითდასაქმებული ადამიანებს, სურვილის შემთხვევაში, საპენსიო ანგარიშზე 4%-ის შეტანა მოუწევთ.  ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, სახელმწიფოს შენატანი 2%-ზე მეტი გამოსდის, რადგან ამ თანხას  არ ბეგრავს.

“იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებლის და დასაქმებულის შენატანები გათავისუფლებულია გადასახადისგან, პრაქტიკულად, სახელმწიფო შენატანი 2.8%-ს უდრის. შესაბამისი ხარჯები 2018 წლის ბიუჯეტში ასახულია. 2018 წლის მე-2 ნახევრიდან უნდა დაიწყოს აღნიშნული რეფორმა. ვთვლით, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაში დანაზოგებისა და ინვესტიციების ზრდისათვის. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მონაწილეები, რომლებიც საპენსიო რეფორმის სქემაში მიიღებენ მონაწილეობას,  შესაბამის დროს ღირსეულ პენსიას მიიღებენ,”-განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ვინ გაუწევს ზედამხედველობას საპენსიო ფონდს

კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება საპენსიო სააგენტო, რომელსაც ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო. საბჭო ადმინისტრაციულ საკითხებზე იქნება პასუხისმგებელი. ნინო ჯავახაძის განცხადებით, საბჭოში ფინანსთა, ეკონომიკისა და  ჯანდაცვის მინისტრები შევლენ.

სამეთვალყურეო საბჭოში არ იქნება ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით,  სები საინვესტიციო ნაწილს გაუწევს ზედამხედველობას.

აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო საბჭო განახორციელებს. ნინო ჯავახაძის თქმით, საინვესტიციო პოლიტიკა სამეთვალყურეო საბჭოსგან სრულიად დამოუკიდებელი იქნება.

სების ვიცეპრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა საინვესტიციო საბჭოს ფუნქციები განმარტა, რომ სები აქტივების ინვესტირებას დააკვირდება.

“ეროვნულ ბანკს შეხება მხოლოდ აქტივების ინვესტირებასთან ექნება. აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო საბჭო განახორციელებს დამოუკიდებლად. ეროვნული ბანკი და მთავრობა ამ პროცესში არ ჩაერევა. მაგრამ საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილება კანონით გათვალისწინებული ჩარჩოთი იქნება განსაზღვრული. კანონში არის კონკრეტულად გაწერილი ჩარჩო, როგორ შეიძლება ამ აქტივების ინვესტირება. განსაზღვრულია სამი სხვადასხვა ფონი, რამდენი შეიძლება ფიქსირებული შემოსავლების ფასიან ქაღალდებში, რამდენი შეიძლება საწარმოთა აქციებში და რამდენი შეძლება უცხოეთში გავიდეს და ა.შ ეროვნული ბანკი გააკონტროლებს, თვითონ ეს სააგენტო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს რამდენად ახორციელებს კანონის შესაბამისად,”-აცხადებს არჩილ მესტვირიშვილი.

ბიზნესი, გაზრდილი დანახარჯი

ნინო ჯავახაძე ამბობს, რომ რეფორმაზე მუშაობის პროცესში სხვადასხვა  ბიზნესასოციაციებთან ჰქონდათ შეხვედრა. ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით კი, კერძო სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანი და მისაღები რეფორმაა.

“ჩვენ მიერ გაკეთებული იყო მრავალი ანალიზი. ეს რეფორმა სწორედ ბიზნესისთვის კეთდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული რეფორმა უფრო მეტად გაზრდის სწორედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესის შესაძლებლობას იქიდან გამომდინარე, რომ ეს თანხა, რომელიც აკუმულირდება საფინანსო სექტორში, ისევ რეალურ სექტორში დაბრუნდება. ხელმისაწვდომობა საკრედიტო რესურსებზე და საინვესტიციო რესურსებზე მნიშვნელოვნად გაიზრდება. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულატორი, რომელიც ამ რეფორმამ უნდა გამოიწვიოს და ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას,”-აცხადებს ნიკოლოზ გაგუა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.