ახალი ამბები

თსუ-ში ღამით შესული სტუდენტები საჯარო ლექციას მართავენ

20 ნოემბერი, 2024 •
თსუ-ში ღამით შესული სტუდენტები საჯარო ლექციას მართავენ

სტუდენტები, რომლებიც გუშინ, გვიან ღამით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდნენ, ამ წუთებში საჯარო ლექციას ატარებენ.

“სახელმწიფო დაუმორჩილებლობა და ბოიკოტი” – ეს არის თემა, რის შესახებაც შეკრებილ თანატოლებს ახალგაზრუდული მოძრაობა “დაფიონის” ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე ესაუბრება. ლექციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია და მსჯელობა პროტესტის სამომავლო ფორმებზე. სტუდენტების გარდა, აუდიტორიაში იმყოფებიან ლექტორები და რიგითი მოქალაქეებიც.

თავდაპირველად საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებს უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებდნენ. თუმცა მოგვიანებით უნივერსიტეტის დაცვის სამსახურმა მათ აუდიტორიაში შესვლის უფლება მისცა.

გუშინ, 19 ნოემბერს, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ მიმდინარე აქციის დასარბევად შსს-ს თანამშრომლები რამდენიმე მხრიდან მივიდნენ ტერიტორიაზე, სადაც კარვები იყო გაშლილი.  “მრავალკუთხედის” მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მათი ნაწილი თსუ-ს ეზოში შედის ჭავჭავაძის მხრიდან. “ნეტგაზეთმა” გადაიღო კადრები, სადაც ჩანს, რომ აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ უნივერსიტეტის პირველ და მე-2 კორპუსებს შორის არსებული შლაგბაუმიდან გამოდიან მანქანები, მათ შორის, შსს-ს თანამშრომლები.

შსს-ს დანაყოფების გადაადგილებისთვის თსუ-ს სივრცის გამოყენების გამო სტუდენტებისა და ლექტორების ნაწილი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს.

უფრო ვრცლად: რატომ ითხოვენ თსუ-ს რექტორისაგან განმარტებებსა და გადადგომას

მასალების გადაბეჭდვის წესი