საზოგადოება

უკრაინის წარმატება რუსეთთან მოულოდნელ ფრონტზე

5 დეკემბერი, 2023 • 16877
უკრაინის წარმატება რუსეთთან მოულოდნელ ფრონტზე

იმ ფონზე, რომ უკრაინის მიერ ზაფხულში დაწყებულმა კონტრიერიშმა დასახულ სახმელეთო ამოცანებს ვერ მიაღწია,  ექსპერტები საუბრობენ კიევის წარმატების შესახებ სხვა ფრონტზე, რომელსაც შედარებით ნაკლები ყურადღება ექცევა.

იელის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი ამბობს, რომ ეს ფრონტი შავი ზღვაა, სადაც უკრაინამ, „ყველას გასაკვირად“, შეაკავა რუსეთის შავი ზღვის ფლოტი და უფრო მეტიც – მოსკოვის თანხმობის გარეშე მაინც განაგრძო „მარცვლეულის შეთანხმება“ და ხორბლის ექსპორტი.

ამ კუთხით უკრაინის წარმატებაზე საუბრობენ როგორც ქართველი, ისევე უცხოელი ანალიტიკოსები.

როგორ მოახერხა უკრაინამ, – ქვეყანამ, ფაქტობრივად, სამხედრო ფლოტის გარეშე, – რუსული ფლოტისთვის, სულ მცირე, მოქმედების არეალის შეზღუდვა – წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ სტატიაში.

„უკრაინის მწირი შანსები“

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, 2022 წლის 24 თებერვალს, არა მხოლოდ ხმელეთსა და ცაში, არამედ ზღვაშიც დაიწყო. ომის პირველი თვეების ორი, ალბათ, ყველაზე ცნობილი მომენტი სწორედ საზღვაო ბრძოლებს უკავშირდება – კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვა და კუნძულ ზმეინის პასუხი „რუსული გემის“ მიერ შეთავაზებულ დანებების მოთხოვნაზე.

კრეისერი „მასკვა“. 2022-ის აპრილი.

უკრაინელთა წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთის ფლოტს მოწინააღმდეგე საზღვაო ბლოკადაში ჰყავდა.

„ფლოტის არარსებობის პირობებში ისე ჩანდა, რომ უკრაინას მწირი შანსები ჰქონდა შავ ზღვაში რუსულ დომინაციასთან ბრძოლაში“, – აღნიშნავს პიტერ დიკინსონი „ატლანტიკური საბჭოსთვის“ დაწერილ სტატიაში.

მართალია, ომის თითქმის ორი წლის მანძილზე უკრაინას ფლოტი არ გამოუჩნდა, თუმცა კიევმა მაინც მოახერხა რუსეთისთვის დიდი დისკომფორტის შექმნა.

პირველი ნაბიჯები

ომის დასაწყისში დაკარგული კუნძული ზმეინი უკრაინამ 2022-ის ივნისშივე დაიბრუნა. სიმბოლურის გარდა, კუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს – ის საკმაოდ ახლოს [120 კმ] მდებარეობს ოდესასთან, უკრაინის უმსხვილეს პორტთან.

2022 წლის განმავლობაში უკრაინამ შავი ზღვისთვის ბრძოლაში სხვა ნაბიჯებიც გადადგა. მთავარი სამიზნე 2014 წელს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული გახდა.

ყირიმს არც თუ ისე უსაფუძვლოდ მიიჩნევენ შავი ზღვის კონტროლისთვის უმთავრეს სტრატეგიულ წერტილად. ანექსიამდე რუსეთს ყირიმში უკვე ჰყავდა სამხედრო ფლოტი, რომელიც 50-წლიანი ქირით აღებულ სევასტოპოლში იყო განლაგებული. თუმცა არ იყო გამორიცხული, პრორუსი ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, ახალ, პროევროპულ ხელისუფლებას, ამ შეთანხმებიდან გადახედვა მოენდომებინა.

2014-22 წლებში ყირიმში რუსეთმა საკმაოდ დიდი თანხა დახარჯა და თავის ისტორიაში ერთ-ერთი უძვირესი ინფრასტრუქტურული პროექტიც წამოიწყო – ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდი. ნახევარკუნძულს სტრატეგიული მნიშვნელობა არა მარტო შავი ზღვის, არამედ უკრაინის ომის კონტექსტშიც ჰქონდა –  რუსულ მხარეს ყირიმიდან შეეძლო უკრაინის სამხრეთში თავისი ჯარის მომარაგება, იქვე მყოფ გემებს კი – ამავე რეგიონში ქალაქების თუ სხვა ობიექტების დაბომბვა.

2022 წელს უკრაინა პერიოდულად ახორციელებდა თავდასხმებს ყირიმზე – აქედან ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა ოქტომბერში ყირიმის ხიდის აფეთქება.

აფეთქება ყირიმის ხიდზე.

რუსული ფლოტი ყირიმს ტოვებს

2023 წლიდან გახშირდა უკრაინის შეტევები ოკუპირებულ ყირიმზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად იუწყება, როგორც ყოველთვის, წარმატებულ ბრძოლაზე უკრაინულ დრონებთან. თუმცა, ამისდა მიუხედავად, ყირიმში არსებული სამხედრო ობიექტები თუ გემები მაინც ხდებოდა უკრაინის თავდასხმის ობიექტები.

ასაფეთქებელი საზღვაო დრონი, რომელსაც უკრაინა იყენებს რუსული გემების წინააღმდეგ

მაგალითად, შეგვიძლია გავიხსენოთ 2023-ის ნოემბრის დასაწყისში რუსული ხომალდის, „პაველ დერჟავინის“ დაზიანება. სექტემბერში დაიბომბა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბიც კი. ამასთან ერთად, მთლიანობაში,  ომის პერიოდში, უკრაინამ სულ მცირე 16 რუსული გემი გაანადგურა.

ყირიმზე იერიშის საშუალება უკრაინამ დიდწილად დასავლეთის მიერ მიწოდებული რაკეტებითა და შეიარაღებით მიიღო – როგორც უკრაინის წარმომადგენლები აცხადებდნენ, კიევს ჰქონდა საშუალება, ყირიმის ნებისმიერ წერტილში განეხორციელებინა დარტყმა. ამ საფრთხის წინაშე მდგომმა რუსულმა ფლოტმა, რომლის უსაფრთხოების გარანტირებაც შეუძლებელი იყო, ნელ-ნელა სევასტოპოლის დატოვება დაიწყო და ნოვოროსიისკში გადაინაცვლა, რომელიც საკმაოდ შორსაა საბრძოლო მოქმედებებიდან.

შედეგები – ომისთვის

„რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ შეუძლია მოქმედება შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში და ტოვებს ყირიმს“, – განაცხადა ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. როგორც ანალიტიკოსი ლუკ კოფი მიიჩნევს, ეს ვითარების სწორი შეფასებაა.

იგივეს ეუბნება „ნეტგაზეთს“ ვახტანგ კაპანაძე, საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი. მისი სიტყვებით, კიევმა „შეძლო შავ ზღვაზე მნიშვნელოვნად შეეზღუდა რუსების მოქმედება“. უკრაინელთა წარმატებას კაპანაძე სხვადასხვა შეიარაღების, მათ შორის ახალი და მოულოდნელი „წყალზედა დრონების“ ჭკვიანურად გამოყენებით ხსნის და გვეუბნება, რომ ვერ ხედავს, თუ როგორ შეუძლია რუსეთს ვითარების შემოტრიალება.

„ვეჭვობ, რუსეთს ჰქონდეს ახალი ხომალდების მასიურად წარმოების პოტენციალი. რაც აქვთ, ისინიც ვერ გაურემონტებიათ. ძალიან ვეჭვობ, რუსეთმა ვითარების შემოტრიალება შეძლოს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მოკავშირეები ამას არც დაუშვებენ და ყველანაირად შეეცდებიან, უკრაინას აღმოუჩინონ დახმარება ამ მიმართულებით“.

დამატებითი შეიარაღების დროულად მიღების შემთხვევაში კი, არაა გამორიცხული, უკრაინამ მეტსაც მიაღწიოს, აღნიშნავს ვახტანგ კაპანაძე.

შავი ზღვის ბრძოლაში უკრაინელთა ტაქტიკას ლუკ კოფიც აქებს. მისი თქმით, უკრაინელთა კონცეფციები, რომლებსაც ზოგი პარტნიორიც კი ეჭვის თვალით უყურებდა, ამტკიცებენ თავიანთ ეფექტიანობას. „უკრაინა ცვლის საზღვაო ომის მომავალს და ამიტომაც იგებს შავი ზღვის ბრძოლას“, – წერს იგი.

ნოვოროსიისკის პორტი. თუმცა, იგი სავაჭრო მიზნებისთვის გამოიყენება და არაა შესაფერისი დიდი რაოდენობით სამხედრო ხომალდებისთვის.

უკრაინის მიერ შავ ზღვაში წარმატების მიღწევად ტიმოთი სნაიდერი ასახელებს „მარცვლეულის შეთანხმების“ ცალმხრივ გაგრძელებას. ვინაიდან უკრაინა მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია, გაერომ, ომის მონაწილეებთან ერთად, შავი ზღვის გავლით ხორბლის ექსპორტის შეთანხმებას მიაღწია, თუმცა 2023-ის ზაფხულში რუსეთმა შეთანხმება დატოვა. ამისდა მიუხედავად, უკრაინამ ექსპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძო  ოდესის პორტიდან, რუსეთი კი ამ პროცესს ხელს არ უშლის.

„მარცვლეულის შეთანხმების“ კონტექსტში მნიშვნელობას იძენს კუნძული ზმეინიც. ოდესასგან 120 კილომეტრით დაშორებული ტერიტორიის მნიშვნელობაზე უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა განაცხადა: „ვინც ამ კუნძულს აკონტროლებს, ასევე აკონტროლებს უკრაინის სამხრეთში სამოქალაქო ხომალდების მოძრაობას“.

რუსეთის გეგმები ოჩამჩირეში

ოქტომბერში დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების განცხადება ოჩამჩირეში რუსული სამხედრო პორტის აშენების შესახებ სწორედ შავ ზღვაში უკრაინის წარმატების გამოძახილად შეფასდა, მათ შორის ნატოს გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ.

აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორმა, გადამდგარმა პოლკოვნიკმა რობერტ ჰამილტონმა თქვა, რომ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებით რუსეთი ცდილობს ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ყოფნის დივერსიფიცირებას.

ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, ოჩამჩირეში პორტის აშენება საკმაოდ დიდი რესურსსა და დროს საჭიროებს, თუმცა დიდი გამოწვევა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის.

ამავე დროს, კაპანაძემ აღნიშნა: „დღესაც არაფერი უშლის რუსეთს, აფხაზეთის სამოქალაქო პორტები გამოიყენოს და ხომალდები რეიდზე დააყენოს. სამხედრო თვალსაზრისით, დიდ ცვლილებას საქართველოსთვის ვერ ვხედავ“. თუმცა, თუკი პორტი მაინც აშენდა, კაპანაძე ამაში სხვა მხრივ ხედავს რისკს: „თუ ბაზა მართლაც შეიქმნა აფხაზეთის ტერიტორიაზე, იქიდან რუსეთის გაყვანა იქნება ძალიან რთული“.

მასალების გადაბეჭდვის წესი