ახალი ამბები

რუსეთი ფლოტის ადგილმდებარეობის დივერსიფიცირებას ცდილობს — ჰამილტონი ოჩამჩირის ბაზაზე

6 ოქტომბერი, 2023 • 2551
რუსეთი ფლოტის ადგილმდებარეობის დივერსიფიცირებას ცდილობს — ჰამილტონი ოჩამჩირის ბაზაზე

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის კვლევის ხელმძღვანელი და აშშ-ის არმიის ომის კოლეჯის პროფესორი, გადამდგარი პოლკოვნიკი რობერტ ჰამილტონი მიიჩნევს, რომ ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებით რუსეთი ცდილობს ყირიმში შავი ზღვის ფლოტის ყოფნის დივერსიფიცირებას.

„ყირიმი სულ უფრო არამდგრადი ხდება რუსული ფლოტისთვის, რადგან უკრაინის დარტყმების სამიზნეა. ამიტომ, ვფიქრობ, რუსეთი მისი შავი ზღვის ფლოტის ყირიმში ყოფნის დივერსიფიცირებას ცდილობს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ჰამილტონმა.

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ბაზის გახსნა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევას წარმოადგენს, ჰამილტონის თქმით, თბილისს ამ ეტაპზე პრაქტიკულად არაფრის გაკეთება შეუძლია.

„საქართველომ უნდა უზრუნველყოს ევროკავშირში, ჩრდილოეთ ამერიკაში და სხვაგან მისი პარტნიორების ინფორმირება და მიაქციოს მათი ყურადღება ამ პრობლემას, მაგრამ საქართველო ვერ აკონტროლებს აფხაზეთს და სხვა არანაირი ბერკეტი არ გააჩნია. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან ე.წ. პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას. ჩემთვის ეს ფაქტი ერთით მეტი მტკიცებულებაა, რომ ეს [პოლიტიკა] ჩიხია“, — აცხადებს ჰამილტონი და დასძენს, რომ რამდენადაც არ უნდა შეიკავოს საქართველომ თავი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ, განაახლოს ფრენები მოსკოვთან და სხვა, რუსეთი გააგრძელებს საკუთარი ინტერესების გატარებას საქართველოს ინტერესების ხელყოფით.

ამ ფონზე ჰამილტონი სასაცილოს და უაზროს უწოდებს „ქართული ოცნების“ ბრალდებებს, რომ დასავლეთი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს.

„ჩვენ გვსურს, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს სანქციებს და ჰქონდეს უფრო კონსტრუქციული ურთიერთობები უკრაინასთან, უფრო ეფექტური მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას, მაგრამ ამ ომის გაფართოება და საქართველოს ჩართვა უკანასკნელია, რაც საქართველოს პარტნიორებს სურთ“, — დასძენს ჰამილტონი.

რობერტ ჰამილტონი აშშ-ის არმიაში 30 წლიანი კარიერის განმავლობაში ძირითადად ევრაზიის საგარეო ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა საუდის არაბეთში, ერაყში, გერმანიაში, ბელარუსში, კატარში, ავღანეთში, საქართველოში, პაკისტანსა და ქუვეითში. ის 2020-2022 წლებში იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მრჩეველი, 2006-08 წლებში კი — თბილისში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) უფროსი. თბილისში ის დაესწრო „სამოქალაქო იდეის“ მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას „მცირე სახელმწიფოები ცვალებად მსოფლიო წესრიგში: დემოკრატიზაცია როგორც მედეგობის განვითარების საწინდარი“ .

რუსული ფლოტისთვის ოჩამჩირეში ბაზის განთავსების შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა. ბაზის შესაძლო განთავსების რისკებსა და მიზეზებზე გირჩევთ:

რას უქადის თბილისს, სოხუმსა და შავ ზღვას რუსული საზღვაო ბაზა აფხაზეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი