ახალი ამბები

„რუსეთი ალტერნატივებს ეძებს“ — სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე

14 ნოემბერი, 2023 •
„რუსეთი ალტერნატივებს ეძებს“ — სტოლტენბერგი ოჩამჩირის ბაზაზე

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეფასებით, რუსეთის განზრახვა ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მიუთითებს უკრაინის მიღწევებზე [ყირიმში] რუსულ ფლოტზე თავდასხმებისას.

სტოლტენბერგის თქმით, ყირიმის მიმართულებით რუსეთი თავდაცვის მდგომარეობაშია გადაყვანილი და თავისი საზღვაო ფლოტისთვის ალტერნატივას ეძებს.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვეთანხმებით რუსეთის მიერ სეპარატისტული ტერიტორიების სამხედრო ბაზის შესაქმნელად გამოყენებას. ეს კიდევ ერთხელ არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცხადყოფს, თუ რამდენად შორს წამსვლელია რუსეთი, რათა მიაღწიოს სამხედრო მიზნებს უკრაინაში. მაგრამ ასევე ცხადყოფს, რომ ისინი ფაქტობრივად გადასული არიან თავდაცვის რეჟიმზე, რადგან უკრაინელები წარმატებით ახორციელებენ საზღვაო ფლოტზე შეტევას ყირიმში. შესაბამისად, რუსეთი ეძებს ალტერნატივებს. ეს აჩვენებს, რომ უკრაინელებს აქვთ მიღწევები რუსეთის ფლოტზე თავდასხმაში“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

რუსული ფლოტისთვის ოჩამჩირეში ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ბაზის განთავსების გეგმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები არის „მორიგი პროვოკაციული მცდელობა, მიმართული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციისკენ“. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსება საფრთხეა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტს აღარ შეუძლია დასავლეთ შავ ზღვაში ოპერირება და თანდათან გარბის ყირიმიდან.

„ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გამოეცხადებინა შავი ზღვის ფლოტისთვის, უფრო სწორად, მისი ნარჩენებისთვის, ახალი ბაზის შექმნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში — რაც შეიძლება შორს უკრაინული რაკეტებისა და საზღვაო დრონებისგან, მაგრამ მათ ყველგან მივწვდებით“, — დასძინა ზელენსკიმ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსებმა ოჩამჩირეში უკვე ჩაატარეს დაღრმავებითი სამუშაოები, განაახლეს პორტის ინფრასტრუქტურა, რათა იქ სამხედრო გემების ბაზირება უზრუნველყონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი