ახალი ამბები

კიევი ადასტურებს ყირიმთან რუსული გემის, „პაველ დერჟავინის“ დაზიანებას

12 ოქტომბერი, 2023 •
კიევი ადასტურებს ყირიმთან რუსული გემის, „პაველ დერჟავინის“ დაზიანებას

უკრაინის საზღვაო ძალებში დაადასტურეს, რომ ყირიმში, სევასტოპოლთან, რუსულმა გემმა „პაველ დერჟავინმა“ 11 ოქტომბერს დაზიანებები მიიღო, იტყობინება „უკრაინსკა“ პრავდა.

უწყების პრესსამსახურის წარმომადგენელი ადასტურებს გემის დაზიანებას, თუმცა აცხადებს, რომ არ შეუძლია „ამ ინციდენტის გარემოებზბე ისაუბროს“. „თუმცა, ასეთი [დაზიანების] ფაქტი არის“, – ამბობს დმიტრო პლეტენჩუკი.

აქამდე „პაველ დერჟავინის“ დაზიანებაზე იუწყებოდნენ ტელეგრამ-არხები. მაგალითად, „კრიმსკი ვეტერის“ გამომწერები ამბობდნენ, რომ დაახლოებით დილის ათ საათზე გაიგეს აფეთქების ხმა. ტელეგრამ-არხში ივარაუდეს, რომ გემი შეიძლებოდა ნაღმზე აფეთქებულიყო.

რუსული მხარის წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.


უკრაინული ძალები პერიოდულად, სხვადასხვა მეთოდით, თავს ესხმიან ხოლმე ყირიმთან ბაზირებულ რუსულ საზღვაო ძალებს. ზოგი ანალიტიკოსის ვარაუდით, ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთ მიზეზი რუსეთის სურვილისა, ოკუპირებულ ოჩამჩირეშიც, ფრონტისგან მოშორებით შექმნას საზღვაო ბაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი