საზოგადოება

„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

12 ოქტომბერი, 2023 • 1990
„სასაცილო და სამარცხვინოა“ — ტრენინგზე დასწრების გამო სუს-ში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს

USAID-ის მიერ დაფინანსებულ ტრენინგებზე დასწრების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კიდევ ერთი ხელოვანი დაიბარეს. ჯგუფ „ბულიონის“ წარმომადგენელი ნატალია ვაწაძე არ აპირებს უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას და ამბობს, რომ ჩვენებას მაგისტრ მოსამართლეს მისცემს.

ტრენინგებზე, რომელსაც ნატალია ხელოვნების სფეროში მომუშავე კოლეგებთან ერთად ესწრებოდა, ამბობს, რომ უყურეს ფილმებს, გააკეთეს პერფორმანსები და ისაუბრეს სხვადასხვა ქვეყანაში არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობების ისტორიაზე. ხელოვანი ამბობს, რომ ტრენინგის მონაწილეთა სურვილი იყო ესწავლათ, როგორ შეუძლიათ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს საკუთარი სათქმელის სწორად მიტანა საზოგადოებამდე.

„აღმოჩნდა, რომ თურმე გვისმენდნენ, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია — ჩვენი უფლებების დარღვევაა. რომ მოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ თუ შეიძლება, დავსხდებით თქვენთან ერთად, ისედაც დაუშვებდნენ ტრენინგზე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა“, — ამბობს ნატალია ვაწაძე.

ის ამბობს, რომ სხვა მონაწილეების შემდეგ, თავადაც ელოდა გამოკითხვაზე დაბარებას, თუმცა ამ პროცესს სასაცილოდ და სამარცხვინოდ აფასებს.

„ჩვენ გამოკითხვაზე დაბარება ერთადერთ მიზანს ემსახურება — დააშინონ ხელოვანები“, — უთხრა ნეტგაზეთს ნატალიამ.

ნატალია ვაწაძის გარდა, სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს აღნიშნული ტრენინგების ტრენერები – სერბეთის სამი მოქალაქე, „კანვას საქართველოს“ დირექტორი, გიორგი მელაძე, ამავე ორგანიზაციის კონსულტანტი, ნინო გოგიბერიძე და ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე, ფოტოგრაფი ვახო ქარელი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი