საზოგადოება

სუსი: USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ტრენინგებს ატარებდნენ

2 ოქტომბერი, 2023 • 3523
სუსი: USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ტრენინგებს ატარებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთის ქვეყნებში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში მონაწილეობისა და ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების სწავლების კუთხით.

აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ“, – აცხადებს სუსი.

სუს-ის მტკიცებით, 26-29 სექტემბერის პერიოდში თბილისში მდებარე სასტუმრო „იბისიში“ „მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენლების, ერთ-ერთი დიდი ჯგუფის გადამზადება, რომლებმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პროცესების მომზადებასა და განხორციელებაში“.

„აღნიშნულ პირებს ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და სხვა უწყებების წინააღმდეგ, ასევე, გზებზე პიკეტების და ხელოვნური საცობების შექმნისა და ადმინისტრაციული შენობების წინ კარვების მოწყობის ტექნიკაზე, როგორ უნდა შეიტანონ მღელვარება ძალოვან სტრუქტურებში, რა ძალადობრივი პასუხი უნდა გაეცეს მათ კანონიერ მოთხოვნებს. მსმენელები შეამზადეს მოსალოდნელი დაკავებების პროცესისთვის და სწავლება ჩაუტარეს ასეთ დროს წინააღმდეგობის გაწევის ხერხებზე, აქციის მონაწილეთა დაფინანსების საკითხებზე, პარლამენტის შენობაში შეჭრაზე, მაუწყებლობის სადგურების გათიშვასა და ძალაუფლების ხელში აღებაზე, საქართველოს კანონიერად არჩეული ხელისუფლების ჩამოშლაზე, რა დროსაც მათ მიერ შედარებითი ანალიზისთვის მოყვანილ იქნა სერბეთში განვითარებული რევოლუციური პროცესების არაერთი დრამატული მაგალითი“, – აცხადებს სუსი.

როგორც სუსი აცხადებს, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 29 სექტემბერს ადვოკატებისა და თარჯიმნების თანდასწრებით გამოიკითხნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლების მიერ, რა დროსაც ისინი შეეცადნენ შეენიღბათ მათი საქართველოში ყოფნის რეალური მიზეზი, მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით.

„აღსანიშნავია, რომ მათი ჩვენებები ეწინააღმდეგება გამოძიებით მოპოვებულ მტკიცებულებებს და რიგ დეტალებში არის ურთიერთგამომრიცხავიც. სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი 2023 წლის 30 სექტემბერს გაემგზავრნენ საქართველოდან ბელგრადის მიმართულებით. წარმოგიდგენთ სინისა სიკმანის, იელენა სტოისიჩის და სლობოდან ჯინოვიჩის მიმართ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს, რომლის განსაიდუმლოება მოხდა პროკურორის მიერ, საქმეზე მზარდი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ დესტრუქციულ გეგმებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება წინმსწრებად გაავრცელა მიმდინარე წლის 18 სექტემბერს. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას-საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. ოთხდღიან სწავლებას აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები და ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ“, – აცხადებს სუსი.


სუს-მა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფრომაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციისთვის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

სუს-ი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუს-ი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი