ახალი ამბები

„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ აშკარაა, ვინ არის უცხოეთის ნამდვილი აგენტი“ — გალერი

1 მაისი, 2024 •
„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ აშკარაა, ვინ არის უცხოეთის ნამდვილი აგენტი“ — გალერი

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) გამოეხმაურა დღეს, პირველ მაისს, თბილისში გამთენიისას ანტირუსული პროტესტის ჩასახშობად ხელისუფლების მიერ ძალის გამოყენების ფაქტს.

პარტიამ ასევე დაგმო ლევან ხაბეიშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა.

„ჩვენ შეძრწუნებული ვართ თბილისში მომიტინგეების მიმართ განხორციელებული სასტიკი ძალადობის ფაქტით,  რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციას მართავენ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე მკაცრად ვგმობთ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ცემას სპეცრაზმის მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს დემოკრატიასა და ევროპას!“, — ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აუცილებელია სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილსაც.

„დროა სანქციები დაეკისროს ბიძინა ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის განადგურებაში. ქართველების მომავალ თაობას ამ ბრძოლაში მარტო ვერ დავტოვებთ“, — წერს „ევროპის სახალხო პარტია“ X-ზე.

რუსულ კანონს გამოეხმაურა ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი მაიკლ გალერიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის მოსასპობად.

„ნათლიმამა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ, აშკარაა, ვინ არის ნამდვილი უცხოეთის აგენტი. ეს კანონი ემსახურება ნიადაგის მომზადებას სამოქალაქო საზოგადოების და ნებისმიერი დემოკრატიული განსხვავებული აზრის მოსასპობად, საბოლოოდ კი, ემსახურება რუსულ ოცნებას და გამოიწვევს ქართულ კოშმარს“, —  წერს ევროპარლამენტარი X-ზე.


30 აპრილის საღამოს და 1 მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი