ახალი ამბები

„საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“ — ევროკომისიის პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 •
„საქართველო ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“ — ევროკომისიის პრეზიდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი განცხადებით ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

„ღრმა შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში.
საქართველოს მოქალაქეები დემოკრატიისადმი ძლიერ ერთგულებას ავლენენ. საქართველოს მთავრობამ ეს მკაფიო გზავნილი უნდა გაითვალისწინოს“, — ნათქვამია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში.

მისი თქმით, ევროკავშირმა მკაფიოდ გამოხატა თავისი შეშფოთება უცხოური გავლენის კანონთან დაკავშირებით.

„საქართველოს მოსახლეობას თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურს. ამ მისწრაფებების აღიარებით, დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და დასახა მკაფიო გზა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. მოველით, რომ საქართველოს მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს იმ ზომების მისაღებად, რომელთა გატარების ვალდებულება იკისრა, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ. საქართველო გზაგასაყარზეა. ის ევროპისკენ მიმავალ გზაზე უნდა დარჩეს“, — აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი.


მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მეორე მოსმენით სესიაზე მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვას ითვალისწინებს.

იმისათვის, რომ დეპუტატებმა თავისუფლად შესძლებოდათ საკანონმდებლო ორგანოს დატოვება, პარლამენტის ყველა ძირითად შესასვლელ ქუჩაზე ჩააყენეს სპეცრაზმი.

30 აპრილის საღამოს და პირველ მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.

ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი