ახალი ამბებისაზოგადოება

“კანვას საქართველოს” კონსულტანტი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

2 ოქტომბერი, 2023 •
“კანვას საქართველოს” კონსულტანტი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

“კანვას საქართველოს” კონსულტანტი და ტრენერი, ნინო გოგიბერიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. საქმე ეხება დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქალაქეებს “რევოლუციური სცენარისთვის” ატრენინგებდნენ.

“გამომიძახეს გამოკითხვაზე, ჩამაბარეს უწყება და იქვე მივუწერე, რომ არ ვაპირებ უწყებაში მოსვლას, გამოვიყენებ კანონით მინიჭებულ უფლებას და სასამართლოში მოგცემთ ჩვენებას-მეთქი. მოუთმენლად ველოდები, რა აინტერესებთ ჩემგან”, – ამბობს გოგიბერიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

გოგიბერიძის თქმით, კულტურის მუშაკებისთვის ჩატარებული ტრენინგების დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები თავიდანვე საჯარო იყო.

“მე არ ვყოფილვარ ძირითადი ტრენერი. 2-3 შემთხვევაში დავაკონკრეტე საკითხები, რომლებიც, ჩემი აზრით, განმარტებას საჭიროებდა. ძირითადად, კომუნიკაციის, ტაქტიკური გადაწყვეტილებების მიღების, კამპანიის სტრატეგიის შემუშავების შესახებ. ეს არ არის არც პირველი ტრენინგი და ალბათ, არც უკანასკნელი, თუ არ შეეშინდებათ მონაწილეებს”, – ამბობს გოგიბერიძე.

კულტურისა და ხელოვნების სფეროში მომუშავე საინიციატივო ჯგუფებისთვის სასწავლო კურსი USAID-მა ჯერ კიდევ 18 აგვისტოს დააანონსა. ორგანიზაციის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კურსი მონაწილეებს გააცნობს არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და მხარდამჭერების მობილიზების მრავალფეროვან მიდგომებს.

“ოთხდღიანი კურსის მიმდინარეობისას მონაწილეები იმუშავებენ კამპანიებისა და სამოქმედო გეგმების მონახაზებზე და საჭიროების შემთხვევაში, კურსის შემდგომაც მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციებს დაგეგმილი ინიციატივების ეფექტიანად განსახორციელებლად ან/და სასწავლო კურსზე მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად”, – წერია განცხადებაში.

რაც შეეხება სასწავლო კურსის თემებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია ამის შესახებაც მოიძებნება:

  • საერთო იდეის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისთვის მომავლის ხედვაზე მუშაობა;
  • ძალაუფლების დანაწილების ანალიზი და მხარდამჭერების/თანამოაზრეების გამოვლენა-მობილიზება;
    ცვლილების მექანიზმები: როგორ დავარწმუნოთ გადაწყვეტილების მიმღები პირები მოქალაქეების ინტერესების დასაცავად ცვლილებების საჭიროებაში;
  • მიზანმიმართული კომუნიკაცია: ცვლილებებისთვის საჭირო კომუნიკაციის ეფექტიანი გზების განსაზღვრა;
    კრეატიული ტაქტიკების გამოყენება;
  • სამოქმედო გეგმისა და კამპანიების სტრატეგიების შემუშავება.

აქვე აღნიშნულია, რომ კურსის მონაწილეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩევიან და შესაძლებლობა ექნებათ შეიმუშაონ ერთობლივი ან/და ინდივიდუალური გეგმები მომავალი საქმიანობისთვის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში, კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამასთან დაკავშირებით, დღეს, 2 ოქტომბერს, უწყებაში სპეციალური ბრიფინგი გამართეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

უფრო ადრე, სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ სუს-მა ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ მისი ორგანიზაციის სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების შესახებ „ფეისბუქიდან“ გაიგო. უწყების ბრალდებებს მელაძე უარყოფს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია „დესტრუქციული ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი