აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელ სამანტა პაუერის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში ჩნდება უცხოეთის აგენტის მსგავსი რუსული კანონები, თუმცა ევროპაში მსგავსი კანონის ადგილი არ არის.
„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც USAID-ის 2025 წლის ბიუჯეტს განიხილავდნენ, სენატორმა ჯინ შაჰინმა სამანტა პაუერს ჰკითხა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოში შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამოქალაქო ორგანიზაციების მომავალზე ახალი კანონის მიღებას.
„ჩვენ ვიხილეთ, რომ უცხოეთის აგენტის მსგავსი რუსული კანონის კოპირებული ვერსიები მრავალ ადგილზე ჩნდება და მის შედეგები არის ნაკლები ანგარიშვალდებულება კორუფციაზე და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. რა თქმა უნდა, საქართველო ახლა დგას, ან ჩანსმ თითქოს დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე და ამ ამბიციების გარკვეული აღიარება ცოტა ხნის წინ მიიღო. ფუნდამენტურად, უცხოური აგენტის მსგავსი კანონის ადგილი ევროპაში არ არის. ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრინციპები უნდა იყოს არა მხოლოდ აღიარებული, არამედ დაცულიც“, — განაცხადა სამანტა პაუერმა სენატორ შაჰინის კითხვაზე პასუხად.
„ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს. საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოს პარტნიორებმა, აშშ-ის, გაეროს, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.
ამ კანონპროექტს USAID გასულ წელსაც აკრიტიკებდა და პარლამენტს მისი გაწვევისკენ მოუწოდებდა.