პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მადლობას უხდის პოლიციელებს და ამბობს, რომ „მასშტაბური ძალადობისა და შეურაცხყოფის მიუხედავად, მათ შეძლებისდაგვარად ეფექტიანად მოახერხეს ძალადობის აღკვეთა“.
„მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება. მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება. თუმცა, ვთხოვ ყველას, მაქსიმალური მოთმინებით დაუპირისპირდნენ მომიტინგეების ნებისმიერ ძალადობრივ თუ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას. სამართალდამცავების მხრიდან ნებისმიერი გადამეტებული ძალის გამოყენება რადიკალური ოპოზიციის მიერ გამოყენებული იქნება საკუთარი ძალადობრივი ქმედებების გადასაფარად“, — განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, „არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა“.
„ასევე, შეკრების დაშლის დროს დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას. თითოეული ადამიანის ფიზიკურ დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს და ადამიანს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ახალისებდა და იწონებდა ძალადობას, აქეზებდა ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ, იწონებდა ელისაშვილის მიპარვით ძალადობას, ძალადობდა სიტყვიერად ხელისუფლების წარმომადგენლებზე, როდესაც მათ სხვადასხვა უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებდნენ“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ გუშინდელ ძალადობაში „რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა“ დაადანაშაულა და „ძალადობრივ დაჯგუფებებს“ შორის „ჯენზი“ დაასახელა. Gen Z ეწოდება 1997 წლიდან 2012 წლამდე დაბადებულ თაობას. კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა „ძალადობრივ დაჯგუფება“ „ჯენზიში“.
„პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ სუბიექტს, რომელიც მთელი ერთი წლის მანძილზე ძალადობისა და მოძალადეების რომანტიზებას ახდენდა და კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებების წევრებს გულწრფელ ახალგაზრდებს უწოდებდა. საუბარი იყო მოძალადე ახალგაზრდებზე, რომლებიც კეზერაშვილის, ხაზარაძის და კონკრეტული უცხოელი დონორების მიერ ფინანსდებიან. ესენია: ნაცმოძრაობის, „ლელოს“ და „ახალის“ ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც 100-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. აგრეთვე, ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს“, — თქვა კობახიძემ.
პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ გაიმეორა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება, რომ ამ დღეებში „რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა „ანიავებს“ იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახა, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს.
მან კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს, მონაწილეობა მიიღონ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებში.
30 აპრილის საღამოს და 1 მაისს, გამთენიისას, თბილისში სპეცრაზმმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც პარლამენტთან რუსულ კანონს აპროტესტებდნენ.
ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მოქალაქეს, ასევე არაერთხელ გაუშვეს ცრემლსადენი გაზი, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ რუსთაველის გამზირზე შეკრებას.
შსს-ს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 63 ადამიანი დააკავეს.






