ახალი ამბები

„კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

4 ოქტომბერი, 2023 • 914
„კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს

ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ დირექტორი გიორგი მელაძე გამოკითხვაზე დაიბარეს. მელაძის განცხადებით, სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბერს, გამოიკითხება.

საქმე ეხება  სუს-ის მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ USAID-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოში მოქალაქეებს „რევოლუციური სცენარისთვის“ ატრენინგებდნენ. სუს-ის მტკიცებით, „რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით ორგანიზაცია „კანვასი“ გამოიყენება.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოკითხეს „კანვას საქართველოს“ კონსულტანტი და ტრენერი ნინო გოგიბერიძე.

„მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!“ – წერს გიორგი მელაძე სოციალურ ქსელში.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ.

ამის შესახებ დღეს, 2 ოქტომბერს, სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.

სუს-ის თანახმად, სერბი ტრენერები, სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი,  25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან.

როგორც სუს-ში აცხადებენ, ისინი „აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას“.

სუს-ის განცხადებით, აღნიშნული პირები წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კანვას საქართველო“ სუს-ის განცხადებას ორგანიზაციის მიმართ ზეწოლად აფასებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი