ახალი ამბები

სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა — სუსი

22 აპრილი, 2024 • 560
სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ასაფეთქებელი არ აღმოჩნდა — სუსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში ამოწმებდნენ თბილისის სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

„მიმდინარე წლის 21 აპრილს სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები“, — აცხადებს სუსი.

ამ დროისათვის ტელეგრამ არხი, საიდანაც ტერორიზმის შესახებ მუქარები გავრცელდა, გაუქმებულია.

მსგავსი სახის ცრუ შეტყობინება რამდენიმე თვის წინ აჭარაშიც გავრცელდა, რასაც მაშინ სასწავლო პროცესის მასშტაბური შეწყვეტა მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი