ახალი ამბები

ტრენინგების გამო გამოკითხვაზე ფოტოგრაფი ვახო ქარელი დაიბარეს

11 ოქტომბერი, 2023 • 1493
ტრენინგების გამო გამოკითხვაზე ფოტოგრაფი ვახო ქარელი დაიბარეს

ფოტოგრაფი ვახო ქარელი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს ტრენინგების გამო.

როგორც ქარელმა „ნეტგაზეთს“ განუცხადა, ის გამოკითხვაზე დაიბარეს იმ მიზეზით, რომ „კანვასის“ ტრენინგს ესწრებოდა.

„სასაცილოც აღარ არის“, — ამბობს ფოტოგრაფი ე.წ. გადატრიალების საქმეზე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ იძიებს.

ქარელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარი თქვა და მაგისტრ მოსამართლეს მისცემს ჩვენებას.

სუს-მა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.

სუსი ირწმუნება, რომ რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, „ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი