დღეს, 23 ივნისს თეა წულუკიანსა და კინოინდუსტრიის წარმომადგენელთა შორის რამდენიმესაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელიც კინოცენტრის თანამშრომელთა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.
საქმე ის არის, რომ წულუკიანმა კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. გასულ წელს კი კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან მინისტრმა გაგა ჩხეიძე გაათავისუფლა.
დეტალური ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ჯერჯერობით უცნობია. თუმცა ცნობილი გახდა, რომ წულუკიანი კინოცენტრში რეორგანიზაციის გაგრძელებას გეგმავს.
ერთ-ერთი, ვინც შეხვედრაზე იმყოფებოდა, მსახიობი გიორგი კაჭარავაა. მისი თქმით, იგეგმება, რომ კინოცენტრში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეფორმებზე იმუშავებს. კითხვაზე, ვინ იქნება ახალი დირექტორი, კაჭარავა ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„მე შევიტანე წინადადება, რომ იყოს ორი დირექტორი – ერთი ადმინისტრაციული და მეორე, როგორც სამხატვრო საბჭო… რეფორმა და რეორგანიზაცია სხვადასხვა რამეა. რეფორმები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა მინისტრმა თქვა, რომ სარეფორმო ჯგუფი იქმნება“, – ამბობს გიორგი კაჭარავა, მის კომენტარს გამოცემა „პუბლიკა“ ავრცელებს.
კაჭარავას თქმითვე, მინისტრს გაგა ჩხეიძის გათავისუფლებით კანონი არ დაურღვევია და თუ კანონდარღვევა დაფიქსირდება, შესაძლებელია, რომ საქმე სასამართლოში გასაჩივრდეს.
შეხვედრის შემდეგ ნეტგაზეთი ესაუბრა ქეთევან ყიფიანს, პროდიუსერსა და Sakdoc Film-ის წარმომადგენელს. ის ერთ-ერთია, ვინც დღეს კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა.
„ჩვენი ინტერესების გამტარი იქ იყო ორი ადამიანი – ნანა ჯორჯაძე და ნანა ჯანელიძე, რომლებიც იყვნენ უმცირესობაში. ჩვენ ამ შეხვედრაზე ინფორმაცია ბევრი არ გვაქვს, იმიტომ, რომ დახურული შეხვედრა იყო და ვიცით რაღაცები გადმოცემით და ფრაგმენტულად. ვიცით ის, რომ მინისტრმა წარადგინა ძალიან დიდი გეგმა და დაახლოებით საათ-ნახევარი დაუთმო საუბარს გეგმაზე – როგორი უნდა იყოს ქართული კინო, ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორი რეფორმა გაატარა თეატრსა და კულტურის სხვა დარგებში.
ცნობილი გახდა ასევე, რომ არ შეწყდება რეორგანიზაცია, რადგან მინისტრი დარწმუნებულია, რომ კინოცენტრს სჭირდება. მაგრამ თანახმაა, მეორე მხარეს ანუ ჩვენ შეგხვდეს და შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება ჩართვა. ეს არის ფრაგმენტული ინფორმაცია, რაც ვიცით, და ყველაზე დიდი, ასე ვთქვათ, კომპრომისი, რომელზეც მინისტრი წავიდა“.
ქეთევან ყიფიანის თქმითვე, უცვლელია კინოცენტრის წარმომადგენელთა მოთხოვნები, კერძოდ, რეორგანიზაციის შეწყვეტა და კინოცენტრის დირექტორის შეცვლა არჩევის წესით. ის დასძენს, რომ მომდევნო 2 დღეში გუნდი სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს.
„პარალელურად, განცხადება შეტანილი გვაქვს სამინისტროში შეხვედრაზე და თუ მივიღებთ ოფიციალურ მოწვევას, უკვე ვიფიქრებთ, შევხვდეთ თუ არა, ოღონდ იმ პირობებით, რომელიც ჩვენ გვაქვს“,- ამბობს ყიფიანი.
რა ხდება კინოცენტრში?
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა. კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.
ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.
რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.
კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსი გამოხმაურება ჰქონდა მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც. მან კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.
ნეტგაზეთი ამ თემაზე გირჩევთ: