კომენტარი

რად გვინდა „სწორი ფილმები“?

21 ივნისი, 2023 • 2829
რად გვინდა „სწორი ფილმები“?

ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი


„რატომ აღარ იღებენ ისეთ ფილმებს, როგორც ძველად“ – სინანულით ამბობს ჩემი მეზობელი, სამოცს გადაცილებული ქალი, რომელსაც ჰგონია, რომ უკრაინა საბჭოთა კავშირმა შექმნა და მანამდე უბრალოდ რუსეთის ნაწილი იყო. ყოველ შემთხვევაში, ასე დაარწმუნეს რუსეთში გამდიდრებულმა ნათესავებმა. თვითონ არ გადაუმოწმებია. „ფილმებს სიყვარულზე, მეგობრობაზე, მაგალითის მიმცემ ფილმებს. პრობლემები ჩემიც მეყოფა. აღარ მინდა პრობლემები“ – წუხს ქალი. ბავშვობიდან ვიცნობ, ოჯახის ძველი მეგობარია. მოთმინებით და იოლი ენით ვუხსნი ადრეულ შუასაკუნეებში უკრაინის აღზევების, ომების, დაპყრობის ჩახლართულ ისტორიას (საქართველოს ისტორიის მსგავსს). მგონი, ვერ დავარწმუნე. სინამდვილე ყოველთვის კომპლექსურია, პროპაგანდისგან განსხვავებით. 

პროპაგანდა სხარტია, მოკლე და ვერაგი. არც ტყუილს ამბობს, არც მართალს. იმას ამბობს, რაც აწყობს. 

კინოს დავუბრუნდეთ. 

ჩემს მეზობელს სალომე ჯაშის „მოთვინიერება“ არ უნახავს. ცნობისმოყვარეობის გამო ალბათ ნახავდა, მაგრამ საქართველოში ყოფილი საშუალო კლასი – მით უმეტეს, ამ ასაკის ხალხი – თავის რჩენაზეა გადასული და მათთვის ქართული საავტორო კინო მიუწვდომელია. არ იცის, სად, როგორ ნახოს. ფილმის ნახვაში ფულს ვერ გადაიხდის – შემოსავალს ფრთხილად ანაწილებს თვიდან თვემდე. საავტორო კინო ფუფუნებაა. ერთადერთი, ტელევიზორს უყურებს, ტელევიზორში კი „მოთვინიერებას“ არ აჩვენებენ, საბჭოთა ფილმებისგან განსხვავებით, ყოველ მეორე დღეს რომ გადის. არ მიკვირს, რომ „ის კინო“ ენატრება. სხვა კინო არ იცის.  

საქმე ისაა, რომც იცოდეს, დარწმუნებული ვარ, იტყოდა – იმ კაცს ფული აქვს და რაშიც უნდა, იმაში ხარჯავს. რას ეჩრებით? მდიდრები და გავლენიანები მისთვის საკრალური ფენაა. ასე იყო, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. 

სულ მიკვირდა, როგორ იქცა ხალხთა თანასწორობაზე დაფუძნებული იდეოლოგია ერთ-ერთ ყველაზე მახინჯ მოვლენად მსოფლიოში. მთლად ბატონ-ყმობად არა, მაგრამ რაღაც ბრმა, მონურ მოწიწებად გაქნილი, უპრინციპო და ამორალური ხალხისადმი, ვინც ქონება შენს ხარჯზე დააგროვა, მაგრამ ხომ დააგროვა?! როგორ შემოიპარა და ყველაფერი გაჟღინთა ამ დამახინჯებულმა „მხოლოდ ძლიერები გადარჩებიან“ თეორიამ. ეს ფენომენი ჩახლართული და დიდი კვლევის საგანია. 

კინოს დავუბრუნდეთ. 

კრემლის პროპაგანდა, რომელიც საბჭოთა პროპაგანდის პირდაპირი მემკვიდრეა, შესანიშნავად მუშაობს. ზოგადად, პროპაგანდამ იცის, როგორ ელაპარაკოს იმ ხალხს, ვინც თვითონვე შეიტყუა სიღარიბეში, უმეცრებაში. პროპაგანდამ უნდა უთხრას, რომ „ისედაც ბევრი პრობლემა გაქვს და რაღად გინდა ეკრანზე პრობლემის ყურება“, ოღონდ ის აღარ უთხრას, რომ ეს პრობლემები თვითონ შეუქმნა. ეკრანიდან დაავიწყოს პრობლემები სერიალებში ნანახი სხვისი ლამაზი სახლებით, სხვისი აუზებით, სხვისი სიყვარულით, სხვისი მეგობრობით, იმიტომ, რომ იმ სინამდვილეში, რომელიც თვითონ შეუქმნა, წამლის საყიდელ ფულზე უნდა იფიქროს, ხვალინდელ სადილზე უნდა იფიქროს. 

პროპაგანდამ იცის, რომ ხალხს ის უნდა მისცეს, რაც უნდათ… ეკრანიდან. 

ოცნება არ უნდა დაუშალოს. ბოლოს და ბოლოს, თვითონ რაც გაქვს, იმაზე ხომ არ იოცნებებ? მერე შეიძლება თანაგრძნობა გაგიჩნდეს და პრობლემებითაც დაინტერესდე, მათ შორის, საკუთარი პრობლემებით, რაც ცუდია, ძალიან ცუდია პროპაგანდის მამებისთვის. 

ამიტომ უნდა მისცეს მათ „სწორი ფილმები“. 

სწორი ფილმები იმას ეტყვის, რომ სინამდვილეში ყველაფერი კარგადაა, ეკონომიკა ყვავის, ქართული ღვინო იყიდება (რუსეთში) და შენ თუ ცუდად ხარ, რა მათი ბრალია? 


მთავარ ფოტოზე: ნინო სურამელაშვილი [რატი რატიანი], ფოტო: გურამ წიბახაშვილი.


კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული სტატიები შეიძლება არ გამოხატავდეს რედაქციის პოზიციას, მოსაზრებას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი