ახალი ამბები

გაგა ჩხეიძის თქმით, წულუკიანი მისგან კონკრეტული კინოპროექტების დაფინანსებას მოითხოვდა

22 ივნისი, 2023 • 1450
გაგა ჩხეიძის თქმით, წულუკიანი მისგან კონკრეტული კინოპროექტების დაფინანსებას მოითხოვდა

კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე აცხადებს, რომ მისი დირექტორობის პერიოდში კულტურის მინისტრი პირდაპირ მოითხოვდა კონკრეტული პროექტების დაფინანსებას და ამ მოთხოვნას ამჟამინდელი დირექტორის, კობა ხუბუნაიას პირით ახმიანებდა.

კერძოდ, ჩხეიძის თქმით, გასული წლის დასაწყისში, ცოტა ხნით ადრე, სანამ მას თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, კულტურის მინისტრის დავალებით კობა ხუბუნაიამ უთხრა, რომ მინისტრი, თეა წულუკიანი არ დაუმტკიცებდა ბიუჯეტს, სანამ “გრაფაში არ ჩასვამდა მინისტრისთვის სასურველ ორ პროექტს თანხის დამატების მიზნით”.

ჩხაიძის განცხადებით, მან უარი განაცხადა ამ ულტიმატუმზე, რომლის თანახმადაც, წულუკიანისთვის სასურველი ორი პროექტის ბიუჯეტში არჩასმის შემთხვევაში სამინისტრო საერთოდ არ დაამტკიცებდა ბიუჯეტს, რის შემდეგაც ორაგნიზაცია ხელფასებს ვერ გასცემდა.

ჩხეიძის თქმით, კინოცენტრი ორი კვირა ვერ მუშაობდა სწორედ ბიუჯეტის არდამტკიცების გამო.

“როგორც ჩანს, მინისტრი პირადად დაჰპირდა პროექტების ავტორებს თანხის დამატებას და საკუთარი მითითების შესრულება კობა ხუბუნაიას დაავალა. ეს იყო შანტაჟი სამინისტროს მხრიდან, განხორციელებული კობა ხუბუნაიას ხელით.

ბატონი კობა დამემუქრა, რომ თუ მოთხოვნა არ შესრულდებოდა, სამინისტრო ბიუჯეტს არ დაგვიმტკიცებდა და ხელფასებს ვერ გავცემდით. მე უარით ვუპასუხე, რადგან თანხის დამატებას სჭირდება კომისიის დასკვნა, კობა ხუბუნაია კი დადგენილი წესის დარღვევას მაიძულებდა. მართლაც, ბიუჯეტის არ-დამტკიცების გამო კინოცენტრის ფინანსური საქმიანობა ორი კვირის განმავლობაში იყო პარალიზებული. რა ცინიზმია, როცა მინისტრი ამის შემდეგ გვესაუბრება “ჩაწყობის” დაუშვებლობაზე”, — წერს ჩხეიძე.

მისი განმარტებით, კინემატოგრაფისტები სწორედ მსგავსი ჩარევების აღკვეთას მოითხოვენ ამჟამინდელი პროტესტით, როცა საუბრობენ, რომ კინოცენტრი დამოუკიდებელი უნდა იყოს.

გაგა ჩხეიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას ნეტგაზეთი კულტურის სამინისტროსთანაც შეეცადა, თუმცა თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სამინისტროს პრესსამსახური ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს უმეტესად არ პასუხობს. მათ შორის პასუხი არ გაუციათ არც ამ საკითხთან დაკავშირებით.

იმაზე, რომ კინოცენტრი “პირდაპირ მითითებებს იღებდა სამინისტროდან” კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით, გაგა ჩხეიძის გათავისუფლების პერიოდში საუბრობდა დოკუმენტური ფილმების მწარმოებელი კომპანია Sakdok Film-იც. 2022 წლის 14 მარტს გავრცელებულ განცხადებაში კომპანია წერდა, რომ გაგა ჩხაიძის თანამდებობიდან გათავისუფლება და მის ნაცვლად თეა წულუკიანის მოადგილის დანიშვნა იყო “დამოუკიდებელი ინსტიტუციის პირდაპირ დაქვემდებარება პოლიტიზირებულ სამინისტროსთან, რომელიც სადამსჯელო დაწესებულება უფროა, ვიდრე შემოქმედების ხელშემწყობი”.

გაგა ჩხეიძე კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გასული წლის მარტში გაათავისუფლა.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრომ კინემატოგრაფების პროტესტის დაწყებიდან თითქმის 10 დღის შემდეგ გამოეხმაურა განცხადებით და მას “უსაფუძვლო აჟიოტაჟი” უწოდა. მსგავსად გამოეხმაურა მანამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენებს და კინემატოგრაფების პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა.

თავად კინოცენტრის ადმინისტრაციას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი