საზოგადოება

“შემდეგი შენ ხარ” — ქართველი მწერლები კინოცენტრს სოლიდარობას უცხადებენ

16 ივნისი, 2023 • 1507
“შემდეგი შენ ხარ”  — ქართველი მწერლები კინოცენტრს სოლიდარობას უცხადებენ

60-მდე მწერალი, გამომცემელი და მთარგმნელი ეხმიანება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში გამოცხადებულ რეორგანიზაციას და აღნიშნავს, რომ კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუტია, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ამჟამად საფრთხის ქვეშ დგას.

მიმართვაში, რომელიც მწერლებმა დღეს, 16 ივნისს გაავრცელეს, ხელმომწერები აღნიშნავენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კულტურის სფეროში სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარებს, მათ შორის მაგალითად მოჰყავთ წიგნის ცენტრის დახურვა, ეროვნული მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლება, ასევე, თეატრების ხელმძღვანელების ჩანაცვლება და ა.შ:

“ბოლო რამდენიმე წელია ქართული კულტურის სადამსჯელო ოპერაცია მიმდინარეობს:

გვახსოვს წიგნის ცენტრის დახურვა.

გვახსოვს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლების დაუსაბუთებელი და უსამართლო გათავისუფლება და მეცნიერების საეჭვო გამოცდილების მქონე ხალხით ჩანაცვლება. მათთვის საცავებზე წვდომის შეზღუდვა.

გვახსოვს სამინისტროსთვის მიუღებელი ლიტერატურული პერიოდიკისთვის დაფინანსების შემცირება და საბოლოოდ შეჩერება.

გვახსოვს თეატრების ხელმძღვანელების გათავისუფლება და ხელისუფლების ერთგული ჩინოვნიკებით ჩანაცვლება.

გვახსოვს ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“, რომლის კონტროლიც სამინისტრომ სცადა და კოვზი ნაცარში ჩაუვარდა.

გვახსოვს გელათის გადარეცხილი და ასევე მიტოვებული ფრესკები.
და სხვა მრავალი.

სანაპიროს ქუჩაზე მდგარი კულტურის სამინისტროს შენობა იქცა ციხედ, სადაც ხმა აღარც შედის და აღარც გამოდის.

კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი მინისტრმა პირად ქონებად ჩათვალა და თავისი შეხედულებისამებრ ანაწილებს.

ახლა საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ჯერია. კინოცენტრი ერთ-ერთი წარმატებული ინსტიტუციაა, რომელიც ქართულ კინოინდუსტრიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

კინოცენტრიდან გაათავისუფლეს და ახლაც ათავისუფლებენ პროფესიონალებს, რომლებიც წლების განმავლობაში ამ წარმატებისთვის მუშაობდნენ. მათ ანაცვლებენ სასჯელაღსრულების ოფიცრებით და საეჭვო გამოცდილების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხით.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები სრულად ვუჭერთ მხარს კინოს პროფესიონალებს დამოუკიდებელი კინოცენტრის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.

მოგიწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ – გუშინ მუზეუმი გაქრა, დღეს კინოცენტრი ქრება, ხვალ კი შეიძლება თქვენთანაც მოვიდნენ”, — წერია განცხადებაში, რომელსაც ამჟამად 60-მდე ადამიანი აწერს ხელს.

განცხადების ხელმომწერთა შორის არიან:

  • ეკატერინე ტოგონიძენინია ნადირაძე

    ნესტან კვინიკაძე

    რატი ამაღლობელი

    რატი მუჯირი

    ნინა სურამელაშვილი

    თამთა მელაშვილი

    მაია კუდავა

    ზვიად კვარაცხელია

    რუსუდან რუხაძე

    ლანა კალანდია

    თაკო ლონდარიძე

    თამარ კვიჟინაძე

    ნატო ალხაზიშვილი

    ნატო გორდელაძე

    შოთა იათაშვილი

    დალილა გოგია

    მიხეილ ციხელაშვილი

    ანა კოპალიანი

    ეკა ქევანიშვილი

    ზაალ ანდრონიკაშვილი

    ირაკლი კაკაბაძე

    თეონა დოლენჯაშვილი

    მანანა მათიაშვილი

    მარი ბექაური

    თეონა ჭანიშვილი

    ლექსო ქურხული

    ლელა კოდალაშვილი

    მაია ცირამუა

    ვასო გულეური

    ლელა დუმბაძე

    თორნიკე სიბაშვილი

    ტორესა მოსი

    ლაშა ბუღაძე

    მაკო ჯანჯიბუხაშვილი

    ნიკა ჩერქეზიშვილი

    ია ჯინჭარაძე

    გვანცა ჯობავა

    ნათია გიორგაძე

    ქეთი ქანთარია

    ზურა პაპიაშვილი

    ბესო სოლომანაშვილი

    გია გოკიელი

    გიო ლომიძე

    ხათუნა თავდგირიძე

    გიორგი შონია

    კოკა ქამუშაძე

    სოფიო შამანიდი

    ბელა ჩეკურიშვილი

    ლელა კურტანიძე

    ნათია მიქელაძე

    მარინა ცხადაია

    მაია ალუდაური

    გიორგი არაბული

    მათე სარალიშვილი

    ანი მილაშვილი

    შორენა ლებანიძე

    თამრი ფხაკაძე

    დათო გორგილაძე

    ნანა აბულაძე

    თეკლა ქველაძე

    მაშო სამადაშვილი

    ლუკა ბაქანიძე

    მედეა მეტრეველი 


    განცხადების თანახმად, ხელმოწერები განახლდება.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კინოცენტრის თანამშრომლები მოითხოვენ, გატარდეს შემდეგი ნაბიჯები – „ნაბიჯები, რათა თავიდან ავიცილოთ შეუქცევადი პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს სფეროსა და სფეროს წარმომადგენლებს“.

  • კონკურსის გზით დირექტორის დანიშვნამდე შეწყდეს რეორგანიზაციის პროცესი;
  • კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს კონკურსის საფუძველზე და არა ერთპიროვნულად.
  • დირექტორის შესარჩევი კომისია დაკომპლექტდეს სექტორის წარმომადგენლებისგან.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

გირჩევთ წაიკითხოთ:

წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი