ახალი ამბები

კულტურის სამინისტრო კინოცენტრზე განცხადებას ავრცელებს

20 ივნისი, 2023 • 1058
კულტურის სამინისტრო კინოცენტრზე განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო ავრცელებს კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განცხადებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კინოცენტრის გარშემო ატეხილმა „უსაფუძვლო აჟიოტაჟმა“ კამპანიური ხასიათი მიიღო და საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას ემსახურება.

„არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება, თითქოს კინოცენტრის რეფორმა ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც — მომავალში“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აცხადებს, რომ კინოცენტრის რეფორმას ფართო საზოგადოების წინაშე დისკუსიისთვის წარადგენს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში. „კონსტრუქციული დიალოგისთვის“ დაინტერესებულ პირებთან სამუშაო შეხვედრებს მიმდინარე კვირის ბოლოს დაიწყებს.

„საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით. ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას“, — აცხადებს სამინისტრო.

კინოცენტრის დროებითი მმართველი

კულტურის სამინისტრო აცხადებს, რომ რეორგანიზაციის პროცესში აუცილებლად ჩათვალა, დროებითი მმართველის სახით, კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის ტექნიკურად შესრულება სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროს კობა ხუბუნაიასთვის ეთხოვა და ეხმაურება მისთვის ბადრაგის წოდებას. სამინისტროს ცნობით, „ხუბუნაიას ბადრაგად არასდროს უმუშავია, თუმცა 2012 წლის შემდეგ ვინმესთვის ბადრაგის წოდება „მხოლოდ კომპლიმენტია“.

„ეს სიტყვა კომპლიმენტად არ ითვლებოდა მაშინ, როცა 2012 წლის ოქტომბრამდე ქართულ ციხეებში სისტემური დანაშაული, მათ შორის, პატიმრებზე ძალადობა და წამება იყო გამეფებული და საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილეები, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების სისტემების მეშვეობით, პირდაპირ ძალადობდნენ ქართველ ხალხზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

ერთ-ერთი ასეთი მოადგილის უშუალო გარემოცვის წარმომადგენელი, სამინისტროს ცნობით, დღემდე მართავს კინოცენტრს კინოსა და შემოქმედებითი თავისუფლებისათვის მიუღებელი მეთოდებით, რის გამოც მისი თანამდებობიდან გათავისუფლება კინოცენტრში „ცენზურის“ ან კიდევ ადამიანის უფლებების დარღვევად ვერ იქნება აღქმული.

„ასევე, ვერ იქნება დაწუნებული ის ნაბიჯი, რომელიც კინოცენტრის მმართველობით რგოლში დრომოჭმული, ე.წ. სამინისტროს კვოტის გაუქმებას გულისხმობს. რეორგანიზაციის მიზანიც სწორედ ეს არის“, — ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ხუბუნაიას ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის პოსტიდან გათავისუფლება არ იგეგმება, შესაბამისად, ის დიდხანს ვერ შეასრულებს კინოცენტრში დაკისრებულ ფუნქციებს.

ყოფილი დირექტორის და კინოცენტრის საქმიანობის საკითხი

კულტურის სამინისტრო ამბობს, რომ გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა მის მიერ დაშვებული არაერთი კანონდარღვევის გამო და მისი საქმიანობის შესახებ აუდიტის დასკვნა, რომელმაც არაერთი დარღვევა გამოავლინა, რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა. პროკურატურამ გამოძიება კინოცენტრის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე დაიწყო.

„აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების გამოსწორებისა და მათი შემდგომში თავიდან აცილების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ კინოცენტრის მიმართ გაიცა 18 რეკომენდაცია. თუმცა ბოლო ერთი წლის მანძილზე კინოცენტრმა ოთხჯერ მომართა სამინისტროს სამოქმედო გეგმის წარმოდგენისა და მათი შესრულების ვადების გადაწევის თხოვნით. ამჟამად, 7 მნიშვნელოვანი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია. ცალკე და ღია მსჯელობის საგნად უნდა იქცეს დაუსრულებელი ფილმების თემაც. მხოლოდ 2019 წლიდან 2021 წლის პირველ კვარტალში დაფინანსებული ფილმებიდან შეჩერებულია 22 ფილმის წარმოება“, — აცხადებს კულტურის სამინისტრო.

თუ აღმოჩნდება, რომ კინოცენტრში წლების მანძილზე ზოგიერთი გამარჯვებული პროექტის ბიუჯეტის არასათანადო შეფასება ხდებოდა, ან რეალური დასაბუთების გარეშე, ან კიდევ ე.წ. ჩაწყობით ხორციელდებოდა მათი ჩაბარების ვადის არაერთგზის გადავადება თუ თანხის დამატება, სამინისტროს თქმით, უნდა დაინერგოს ისეთი სისტემა, რომელიც გამორიცხავს მსგავს ნაკლოვანებებს მომავალში. ასევე, თუ აღმოჩნდება, რომ დაუსრულებელი ფილმების სრული ოდენობა ან გარკვეული ნაწილი ობიექტური მიზეზების გამო ვერ დასრულდა, „აუცილებელია, დაინერგოს მექანიზმი, რომელიც კინოცენტრს აქცევს ამგვარი პროექტების ხელშეწყობის ინსტრუმენტად და არა – ავტომატურად ჯარიმების დამრიცხველ ორგანოდ“.

სამინისტრო აცხადებს, რომ რეორგანიზაციის პროცესში კინოცენტრში დასაქმებული ყველა თანამშრომელი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე ირიცხება თანამშრომლად და, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი ამბოხის მოტივით არ ასრულებს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, შესაბამის გასამრჯელოს ყველა  შეუფერხებლად იღებს.

„არცერთ თანამშრომელს არ ჰქონია და არ აქვს რამე სახის შეზღუდვა საკუთარი საქმიანობის განხორციელებასა თუ შენობაში შესვლასთან დაკავშირებით. ამის მაგალითია თუნდაც ადმინისტრაციული დეპარტამენტის ამჟამინდელი უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე, რომელსაც რეორგანიზაცია საერთოდ არ ეხება, ის ამის შესახებ ინფორმირებულია, მაგრამ, ტელევიზიების დასანახად მაინც კარზე აკაკუნებს. კადრს მიღმა კი კონსტანტინე ჩვეულებრივ შედის კინოცენტრში და აქვს აქტიური კომუნიკაცია კობა ხუბუნაიასთან. ასევე გაუგებარია ერთ-ერთი მოქმედი თანამშრომლის, ლევან აბდუშელიშვილის კარზე კაკუნი, რომელსაც ამჟამად არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი პოზიცია უჭირავს კინოცენტრში და ორივე პოზიციაზე სამუშაოდ კინოცენტრის კარი მისთვის კაკუნის გარეშეც ღიაა. თუმცა 12 ივლისიდან მას მოუწევს მხოლოდ ერთ პოზიციაზე მუშაობა გამართული მენეჯმენტის პრინციპიდან გამომდინარე, რაც, სავარაუდოდ, უნდა იყოს მისი გაღიზიანების მიზეზიც“, — აცხადებს სამინისტრო.

კულტურის სამინისტრო მიმოიხილავს კინოცენტრის შენობის საკითხსაც და ამბობს, რომ ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორია, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილის რეაბილიტაცია ამჟამად დასრულებულია, ხელოვნებას ემსახურება, პარალელურად კი მიმდინარეობს მუშაობა მძიმე მდგომარეობაში მყოფი შენობების, მათ შორის, ორსაუკუნოვანი კინოპავილიონის გამაგრებისა და ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებებს.

სამინისტრომ კინოცენტრის რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნაია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნაია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნაიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

ჟურნალისტებთან ისაუბრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და კინო ინდუსტრიის წარმომადგენელთა პროტესტს „ჭარბი აჟიოტაჟი” უწოდა, ამასთან “სამარცხვინო” უწოდა სალომე ჯაშის დოკუმენტურ ფილმს [“მოთვინიერება”], რომელიც მაყურებელს მოუთხრობს ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეებით გატაცების შესახებ. ფილმის გადაღება კინოცენტრმა დააფინანსა.

კინოცენტრი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი