ახალი ამბებიკინოხელოვნება

კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

19 აპრილი, 2024 • 1710
კინოცენტრმა თბილისის კინოფესტივალს დაფინანსება შეუწყვიტა

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა დაფინანსება შეუწყვიტა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელიც წელს, დეკემბერში, 25-ე საიუბილეო გამოშვების ჩატარებას გეგმავს.  ამის შესახებ განცხადებას თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ამ სუბსიდიის გარეშე კინოფესტივალს ემუქრება ჩაშლის საფრთხე. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით,   მართალია, გადაწყვეტილება დაფინანსების შეწყვეტაზე  ფორმალურად ეროვნული კინოცენტრის კომისიამ მიიღო, მაგრამ  ნათელია, რომ კინოფესტივალის ჩაშლით საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანია დაინტერესებული. მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებს.

„როგორც ჩანს, მინისტრი განარისხა იმ ფაქტმა, რომ გასულ წელს, 24-ე კინოფესტივალის გახსნისას, ქართველი კინემატოგრაფისტების დიდმა ნაწილმა აქციით გამოხატა უკმაყოფილება მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ და ასევე იმით, რომ კინოფესტივალის დროს დაფუძნდა დამოუკიდებელი ორგანიზაცია „საქართველოს კინოინსტიტუტი“, რომელიც ეროვნული კინოცენტრისადმი ბოიკოტის რეჟიმში მყოფ სხვადასხვა თაობის ხუთასამდე კინემატოგრაფისტს აერთიანებს. თბილისის კინოფესტივალისთვის სამინისტროს და ეროვნული კინოცენტრის მხრივ დაფინანსების შეწყვეტა სადამსჯელო აქტია ფესტივალის ორგანიზატორების მიმართ.”

„ეროვნული კინოცენტრის დაფინანსებას თბილისის კინოფესტივალი 20 წლის განმავლობაში უწყვეტად იღებდა. ეროვნულ კინოცენტრს შარშანდელი დავალიანებაც კი არ დაუფარავს კინოფესტივალის მიმართ და არ იმჩნევს მას, არ პასუხობს რა არცერთ ოფიციალურ მიმართვას. მინისტრის და მისი მოადგილის ეს გადაწყვეტილება სავსებით ჯდება მათ მიერ წარმოებული კულტურის პოლიტიკაში. ეს პოლიტიკა მიმართულია განსხვავებული აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, დამოუკიდებელი და ავტონომიური ორგანიზაციების წინააღმდეგ.

ჩვენი სურვილია, მივაწვდინოთ ჩვენი პროტესტის ხმა თბილისის კინოფესტივალის ყველა მეგობარს, პარტნიორს, დონორს თუ სპონსორს მთელს მსოფლიოში, ვუამბოთ მათ ამ უსამართლობის შესახებ და ვთხოვოთ მხარდაჭერა და შეძლებისდაგვარად დახმარება”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი