ახალი ამბები

ლანა ღოღობერიძე: არ შეიძლება კინო ისევ ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცეს

16 ივნისი, 2023 • 1122
ლანა ღოღობერიძე: არ შეიძლება კინო ისევ ხელისუფლების წნეხის ქვეშ მოექცეს

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში მიმდინარე მოვლენებს ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში აფასებს და აღნიშნავს, რომ დაუშვებელია, კინოცენტრის დირექტორი ხელისუფლების მიერ დაინიშნოს.

ღოღობერიძე აცხადებს, რომ კინოცენტრის დაარსებისას, როდესაც მსჯელობდნენ, თუ რა მოდელით უნდა ჩამოყალიბებულიყო ის, ამოსავალ წერტილად სწორედ ხელოვნების ამ სფეროს დამოუკიდებლობა დაისახეს და ფრანგული კინოცენტრის მოდელით იხელმძღვანელეს:

„პიროვნულად არავინ არ ვიცი, არავის არ ვიცნობ. თუმცა მთავარია პრინციპი, რომ არ შეიძლება, კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს ხელისუფლების მიერ. ეს არის ამოსავალი წერტილი კინოს არსებობის, დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ა.შ. როდესაც კინემატოგრაფების გუნდი ვფიქრობდით, როგორ უნდა დაგვეარსებინა ცენტრი და როგორ უნდა მომხდარიყო კინოს მართვა, თავდაპირველი პრინციპი იყო, რომ დირექტორი აუცილებლად უნდა ყოფილიყო არჩეული ორი წლით. ის უნდა აერჩიათ კინემატოგრაფისტებს და კინოსთან არსებულ სხვა ხელოვნების წარმომადგენლებს. ამდენად, ის იქნებოდა ვალდებული ამ ხალხის წინაშე, ანუ კინოსაზოგადოების წინაშე და არა ზოგადად ხელისუფლების მიმართ. ეს არის მთავარი პრინციპი“, — მიიჩნევს რეჟისორი.

ლანა ღოღობერიძის თქმით, ხელოვნების არსებობის არსი სწორედ მის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაშია და არ შეიძლება კინოს კვლავ წნეხის ქვეშ მოქცევა ხელისუფლების მიერ:

„არსი იმისა, რომ არსებობდეს ხელოვნება, არის ის, რომ ის იყოს დამოუკიდებელი და თავისუფალი. საბჭოთა დროსაც კი ჩვენ ამას როგორღაც ვახერხებდით, იდეოლოგიური წნეხის გარღვევას ვცდილობდით ყველანაირი ხერხებით. სპეციალური კინოენაც კი მოვიგონეთ, სადაც ნაკლები ლაპარაკი იყო, იმიტომ, რომ ადვილია ცენზურა სიტყვით და ბევრად უფრო რთულია გამოსახულებით. ამ კინოენით ვცდილობდით იმის [გამოხატვას], რაც გვინდოდა. საშინელი იყო ცენზურასთან ბრძოლა და ეს არის საფუძველი იმისა, რომ ახლა დამოუკიდებელ საქართველოში, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ ქვეყანაში, არ შეიძლება, კინო ისევ წნეხის ქვეშ მოექცეს ხელისუფლების მხრიდან“, — ამბობს ლანა ღოღობერიძე.

რა ხდება კინოცენტრში?

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.

კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.

ხუბუნიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.

რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.

კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

ამ თემაზე წაიკითხეთ: წულუკიანის „ბოლშევიკური წმენდა“

მასალების გადაბეჭდვის წესი