ახალი ამბები

კინოცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტს მიმართავენ

1 აპრილი, 2024 • 524
კინოცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით აუდიტს მიმართავენ

მოძრაობამ — „ქართული კინო საფრთხეშია“ — კინოცენტრის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით ოფიციალური განცხადებით მიმართა აუდიტის სამსახურს:

„კინოცენტრის გაუმჭვირვალე, არადემოკრატიული პოლიტიკის გამო, მივმართავთ საქართველოს გენერალურ აუდიტს – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-17, მე-18, 24-ე მუხლების შესაბამისად, კინოცენტრის ე.წ. რეორგანიზაციიდან (2023 წლის 12 ივნისიდან) დღემდე შეამოწმოს კინოცენტრის საქმიანობა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაში და რა პრინციპით იხარჯება ქართული კინოს ისედაც ძალიან მცირე ბიუჯეტი, ხომ არ ხმარდება ის კონკრეტული პარტიული ელიტის პერსონალურ კეთილდღეობას, გართობასა და მოგზაურობას.“

მოძრაობის წევრების თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში კინოცენტრში მიმდინარე მოვლენები სულ უფრო მეტ კითხვას აჩენს კინემატოგრაფისტებსა და საზოგადოებაში. ამ დროის მანძილზე კი თვალს ადევნებენ, „როგორ არ პასუხობს ავტორთა ოფიციალურ წერილებს კინოცენტრი; როგორ არ გასცემს საჯარო ინფორმაციას; ჯერ როგორ ათავისუფლებს თანამშრომლებს მცირე ბიუჯეტისა და კადრების შემცირების მოტივით, მოგვიანებით კი მმართველი პარტიის პროპაგანდისტებს ასაქმებს იმავე ან ახლად შექმნილ პოზიციებზე; როგორ ვერ ნიშნავს დირექტორს.”

მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ ასევე პრობლემად მიიჩნევს „ბერლინალეზე“ 34-წევრიანი დელეგაციის გაგზავნას ბიუჯეტის ფულით და ამისთვის კინოცენტრის თანამშრომლებად „პროპაგანდისტულ სატელევიზიო არხებში დასაქმებულებისა და არაკომპეტენტური პირების გაფორმებას.“

მოძრაობის წევრების თქმითვე, კინოცენტრი კონკურსის შემფასებელი კომისიის წევრებად ნიშნავს არა სფეროს პრაქტიკოსებს, არამედ კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრის აუდიტისა და ფინანსური დეპარტამენტების თანამშრომლებს, რომლებსაც კინოპროექტების პროფესიულად შეფასების კომპეტენცია არ გააჩნიათ.

„ეს კიდევ ერთი ცხადი დასტურია იმისა, რომ კინოცენტრი სრულად იმართება კულტურის სამინისტროს მიერ და ის აღარაა დამოუკიდებელი ინსტიტუცია.

ჩვენ ვხედავთ, როგორ გადაიქცა საქართველოს ერთადერთი კინოფონდი, საჯარო ფულის განმკარგავი ინსტიტუცია – კინოცენტრი – სახელმწიფო რესურსის მფლანგველ, ჩაკეტილ და ფუნქციამორღვეულ ორგანიზმად”, — წერია განცხადებაში, რომელიც მოძრაობამ დღეს, პირველ აპრილს გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი