ახალი ამბები

„როცა აბსურდს აფინანსებ“ — კობახიძე კინოცენტრს ჯაშის ფილმისთვის აკრიტიკებს

19 ივნისი, 2023 • 1180
„როცა აბსურდს აფინანსებ“ — კობახიძე კინოცენტრს ჯაშის ფილმისთვის აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სალომე ჯაშის მიერ კინოცენტრის დაფინანსებით გადაღებულ ფილმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს ეხება, სამარცხვინოს უწოდებს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ აღნიშნული სურათის დაფინანსებას კინოცენტრში საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს.

კობახიძის თქმით, კინოცენტრის გარშემო „ჭარბი აჟიოტაჟია“ შექმნილი და ეჭვიც გაუჩნდა, „რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული“:

„ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი კინოცენტრის გარშემო. ეჭვი გამიჩნდა, რაიმე კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული თავის დროზე. მე არ ვიცი, რაზეა აქ საუბარი. ზოგადად, ქართულ კინოს სჭირდება, რა თქმა უნდა, გაჯანსაღება, საჭიროა მეტი რესურსის ჩადება, მათ შორის ინტელექტუალური რესურსის ჩადება ქართული კინოს განვითარებაში. აქეთკენ არის მიმართული მინისტრის ქმედებები, დანარჩენი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში. ყველა საკითხი უნდა გადაწყდეს დისკუსიის ფორმატში, არა პროტესტის ორგანიზებით.

კინოს კონტროლს რაც შეეხება, 2012 წლამდე გახსოვთ, რა ხდებოდა, პირდაპირ ყველა კინოს იღებდნენ პოლიტიკური დაკვეთებით. ეს აღარ ხდება დღეს. მე არ ვიცი, რა არის ამ პროტესტის მიზეზი, შეიძლება, იყოს სუბიექტური ინტერესები და ა.შ. მაგრამ როდესაც არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ქართული კინოს ინტერესების წინააღმდეგ და უბრალოდ, რაღაცა სახელების და გვარის გამო გამოთქვამ პროტესტს, ეს მიანიშნებს, რომ შეიძლება რაღაც სუბიექტური ინტერესი შეიძლება არსებობდეს, კლანი ხომ არ იყო იქ ჩამოყალიბებული? ეს საინტერესოა, მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

ჟურნალისტებმა კობახიძეს სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერებაზეც“ ჰკითხეს. აღნიშნული ფილმი მაყურებელს მოუთხრობს ბიძინა ივანიშვილის გიგანტური ხეებით გატაცების შესახებ. ფილმის გადაღება კინოცენტრმა დააფინანსა.

კობახიძემ განაცხადა, რომ არ იცის, რა აკავშირებს ამ ფილმს საკადრო საკითხებთან, თუმცა აცხადებს, რომ „ეს ფილმი უბრალოდ სამარცხვინოა“:

„ამ საკადრო საკითხებთან რა აკავშირებს ამ ფილმს, არ ვიცი. თვითონ ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ფილმი უბრალოდ სამარცხვინოა. თქვენც ხომ დარწმუნდით, რომ ეს სამარცხვინოა, რაც გადაიღო კინოცენტრის დაფინანსებით კონკრეტულმა რეჟისორმა? რეალურად, ბიძინა ივანიშვილმა ჩადო თავისი ფული, კონკრეტული ინვესტიცია იმ პარკის მოწყობაში, რომელიც დარჩება მომავალ თაობებს. ეს არის უნიკალური დენდროლოგიური პარკი, რომლის ანალოგიც არ არსებობს არც რეგიონში და არც უფრო ფართო მასშტაბით.

ეს არის ყველასთვის ხელმისაწვდომი პარკი და ამაზე როცა იღებ ასეთ ირონიულ ფილმს, უბრალოდ, სამარცხვინოა. მაგრამ საკადრო ცვლილებებთან რა კავშირი აქვს… სამარცხვინო შინაარსის ფილმი უნდა დააფინანსოს მაინცდამაინც კინოცენტრმა? ასეთი მიდგომა რომ ჩანს, ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, პოლიტიკური მიზანი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან. მე ასე ვხედავ. როცა აბსურდს აფინანსებ, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და განმარტება“ ,— ამბობს კობახიძე.

კობახიძის თქმით, ხელისუფლება კინოცენტრის საქმიანობაში არ ერევა და ერთადერთი შეხება მხოლოდ მის დაკომპლექტებასთან აქვს. კობახიძე აქვე აღნიშნავს, რომ „მთავარია, სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული“, თუმცა იმეორებს, რომ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს:

„ადამიანმა ჩადო თავის ფული, ათეულობით მილიონი ლარი აქვს ჩადებული ამ პარკის მოწყობაში იმისათვის, რომ მომავალ თაობებს ჰქონდეთ კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა. როცა ამას აქილიკებ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ფულით, ეს მართლა სამარცხვინოა. მაგრამ რა შუაშია ეს საკადრო გადაწყვეტილებთან, ჩემთვის გაუგებარია. კინოცენტრის საქმიანობაში ხელისუფლება მხოლოდ დაკომპლექტების ნაწილშია ჩართული.

აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია. რა თქმა უნდა კრიტიკულიც შეიძლება იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როდესაც აბსურდზე იღებ ფილმს, ეს, რა თქმა უნდა, გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან არავითარი კავშირი არა აქვს“, — ამბობს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი