ახალი ამბებიკინოკომენტარი

„ეტყობა, მხოლოდ პროპაგანდისტული ფილმების დაფინანასება სურთ” – ანნა ძიაპშიპა კობახიძის განცხადებაზე

19 ივნისი, 2023 • 1705
„ეტყობა, მხოლოდ პროპაგანდისტული ფილმების დაფინანასება სურთ” – ანნა ძიაპშიპა  კობახიძის განცხადებაზე

რეჟისორი და „საქდოკ ფილმის” თანადამფუძნებელი ანნა ძიაპშიპა „ნეტგაზეთთან” საუბრისას ეხმიანება ირაკლი კობახიძის განცხადებას  ფილმთან „მოთვინიერება” დაკავშირებით. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 19 ნოემბერს კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან  დაკავშირებულ პროტესტს “ჭარბი აჟიოტაჟი”, ხოლე სალომე ჯაშის ფილმს “სამარცხვინო” უწოდა.

„მისი განცხადება პირდაპირ კავშირშია კინოცენტრში მიმდინარე პროცესებთან. ეს ცხადია და ძალიან კარგად ჩანს. ჩემი აზრით, ირაკლი კობახიძემ რეალურად ამოთქვა ის, რასაც ემსახურება მთელი ეს „რეორგანიზაციის” პროცესი კინოცენტრში, რის გამოც შეექმნა საფრთხე დამოუკიდებელ კინოს. ეს ყველაფერი თავმოყრილი იყო ამ ერთ განცხადებაში, რომელიც რეალურად, გარდა იმისა, რომ შემოქმედებით თავისუფლებას უზღუდავს ავტორს, შეურაცხყოფასაც აყენებს და თავდასხმაა კონკრეტულ ავტორზე, რაც საკმაოდ დიდი პრობლემაა”, – ამბობს ანნა ძიაპშიპა.

იგი მიიჩნევს, რომ  ნიშანდობლივია ირაკლი კობახიძის მიერ ფილმის “აბსურდად” მოხსენიება, რაც კიდევ ერთხელ ააშკარავებს მიზანს, რომელსაც ემსახურება კინოცენტრში მიმდინარე პროცესები:

„ კობახიძემ ახსენა სიტყვა „აბსურდი”, რაც ძალიან კარგი სიტყვაა იმის შესაფასებლად, რაც ხდება დღეს სახელმწიფოში. ასევე, აბსურდიც ერთ-ერთი კინოჟანრია და რაღაცნაირად სასაცილოა, რომ ამ ჟანრობრივ ელემენტზეც მიანიშნა.  როგორც ჩანს, მათი მიზანია მხოლოდ პროპაგანდისტული ფილმები დააფინანსონ, რომლებიც არ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. მახსოვს, როცა სალომე ჯაშის ფილმი „კინოს ახლში” არ აჩვენეს, მაშინ კინოაკადემიის დირექტორის მინდია ესაძის მხრიდან იყო ნახსენები, რომ – ფილმს არ ვაჩვენებთ იმის გამო, რომ ფილმი იწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ეს უკვე პრობლემაა, რადგან   რა თქმა უნდა, ხელოვნება, ფილმი და კარგი ნამუშევარი სვამს კითხვებს, წარმოშობს განსხვავებულ აზრს და დისკუსიას. ამის ჩახშობა უნდათ სავარაუდოდ”, – ამბობს ანნა ძიაპშიპა.

დოკუმენტური ფილმების ორგანიზაციის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაში იყო ფაქტობრივი უზუსტობებიც ფილმის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელზეც „საქდოკ ფილმი” გამოაქვეყნებს განცხადებას.


მთავარ ფოტოზე: ანნა ძიაპშიპა. ფოტო: ანკა გუჯაბიძე. კინოს ინდუსტრიის წარმომადგენელები მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი