საზოგადოება

რისთვის და ვისი მხარდაჭერით „მოდის“ უცნობი

1 მაისი, 2023 • 4857
რისთვის და ვისი მხარდაჭერით „მოდის“ უცნობი

„ქართულმა ოცნებამ“ ღიად დაუჭირა მხარი მომღერალ „უცნობის“ ორგანიზებულ აქციას, რომელზეც გახმიანდა ე.წ. ნეიტრალიტეტის, პლებისციტური დემოკრატიისა და ენმ-ის გასამართლების საკითხები. ასევე მოითხოვეს ჰომოფობიური შინაარსის კანონის მიღება „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვასთან დაკავშირებით.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქცია ხელისუფლების დაფინანსებული (ან მხარდაჭერილი მაინც) იყო, ეს არის ჯერჯერობით ძალიან სუსტი მცდელობა, ჩამოყალიბდეს რაღაც ახალი ნაციონალისტურ-კონსერვატიული, ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული მოძრაობა, რომელიც შეეცდება უფრო წარმატებით შეასრულოს ის ამოცანები, რომლებიც ხალხის ძალამ ვერ „გაქაჩა“, — ამბობს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი 30 აპრილის აქციის შესახებ.

მმართველი პარტია, რომელიც სატელიტების მეშვეობით ანტიდასავლურ, პოპულისტურ და ულტრამემარჯვენე დღის წესრიგს ქმნის, საკუთარი წესდების მიხედვით, მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანებაა და ევროპის სოციალისტური პარტიის (PES) დამკვირვებელი წევრია. „უცნობის“ აქციაზე დააანონსეს საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც „იდეებზე და კანონებზე“ იმუშავებს და ხელისუფლებასთან „საქმიანი დიალოგი და თანამშრომლობა ექნება“.

გზავნილები აქციიდან

30 აპრილს თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მომღერლისა და ტელეწამყვანის, გია გაჩეჩილაძის („უცნობი“) აქცია, სახელწოდებით „მოვდივარ“. მთელ აქციას ლაიტმოტივად გასდევდა ლოზუნგი „არა ომს“ და მშვიდობის მოთხოვნა, რაც მომდინარეობს „ქართული ოცნების“ კონსპირაციიდან, თითქოს გარკვეულ ძალებს დასავლეთში სურთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. აქციის იდეა თავდაპირველად მსახიობმა და ყოფილმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ზაზა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით, „უცნობის კიდობანში“ გაახმიანა.

პაპუაშვილი იყო აქციის წამყვანიც, რომელმაც სცენაზე წაიკითხა ორგანიზატორების შემდეგი მოთხოვნები ხელისუფლებისადმი:

  • პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს;
  • პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს 2004-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორულ რეჟიმს;
  • ხელისუფლებამ იზრუნოს სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე;
  • სკოლებში დაინერგოს ფუნდამენტური განათლება. შეწყდეს ახალგაზრდების იდეოლოგიური დამუშავება სასწავლო დაწესებულებებში;
  • დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად ქმედითი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდეს;
  • დაიხვეწოს ნარკოტიკებთან დაკავშირებით მთელი რიგი საკითხები;
  • ლგბტ პროპაგანდა კანონით აიკრძალოს და მოწესრიგდეს სამართლებრივი ბაზა.

ევროკავშირისა და დასავლეთის სახელმწიფოებისგან აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს სუვერენიტეტის პატივისცემა და ქვეყნის შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმეებში სრული ჩაურევლობა. თქვეს, რომ ევროპული თანამეგობრობის წევრობა სურთ ეკონომიკური სარგებლისთვის, უკეთესი ჯანდაცვისა და განათლებისთვის, თუმცა არ მოსწონთ „ევროპული ღირებულებების და იდეების დეგრადაცია“.

„უცნობთან“ ერთად მოძრაობა „აი იას“ და კონსერვატიული პორტალ „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ თანადამფუძნებელმა ვატო შაქარაშვილმა აქციაზე ნეიტრალიტეტის იდეაც გაახმიანა.

„ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, რა არის ახალ მსოფლიო წესრიგში რეალური უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნების გარანტია: რომელიმე სამხედრო კავშირში გაწევრიანების არარეალისტური გეგმები და მიზნები თუ ნეიტრალიტეტი და მიუმხრობლობა, რომელიც შესაძლოა, დაგვეხმაროს მშვიდობის შენარჩუნებაში, უსაფრთხოების განმტკიცებაში და ქვეყნის გაერთიანებაში არა ომით და ტანკებით, როგორც ამას ქვეყნის გარედან მოგვიწოდებენ, არამედ მშვიდობით, განვითარებით, წინსვლით და სიყვარულით იმ ძმების და დების, რომელთა მიმართებითაც ჩვენ წარსულში შეცდომები დაშვებული გვაქვს“, — თქვა მან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციური განაცხადია, პრორუსული ჯგუფები პერიოდულად ითხოვენ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედაც რომ კრემლის ინტერესებში შედის, რადგან “ნეიტრალიტეტის” საფარქვეშ მარტო, მოკავშირის გარეშე დატოვებს საქართველოს რთულ რეგიონში. ამასთან, ამართლებენ რა რუსეთის აგრესიას ნატოს გაფართოებით, ეს ჯგუფები ნეიტრალიტეტს კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებად წარმოაჩენენ ხოლმე.

თუმცა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის კონფლიქტებში რუსეთი ჩართული იყო ჯერ კიდევ 1991-92 წლებში, როდესაც ნატო-ში ინტეგრაციის სურვილი თბილისს გაცხადებულიც არ ჰქონია, მოგვიანებით კი საქართველო, პირიქით, დსთ-სა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას შეუერთდა.

მოლდოვა უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან, თუმცა ეს არ გამხდარა რუსული სამხედრო ბაზების დნესტრისპირეთიდან გაყვანისა და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა. ისევე, როგორც 2010 წელს უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ უკრაინას ვერ აარიდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში.

2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, სამხედრო მიუმხრობლობაზე უარი თქვეს და ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააკეთეს ნეიტრალიტეტის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქვეყნებმა: ფინეთმა და შვედეთმა.

„ქართული ოცნების“ გამოხმაურება

30 მაისს თბილისში მეორე აქციაც მიმდინარეობდა. ხელისუფლებამ თავისი დამოკიდებულება ორივეს მიმართ გამოხატა — თუ დედებს, რომლებიც აქონდროპლაზიის მქონე შვილებისთვის წამალს ითხოვენ, პოლიცია თავზე გადაფარებულ პარკებს ართმევდა, „ბასლეინებზე“ დაპარკინგების საშუალება მიეცა მიკროავტობუსებს, რომლებმაც რეგიონებიდან უცნობის აქციაზე მოქალაქეები ჩამოიყვანეს. „ბასლეინები“ ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლია, სადაც მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია. მასზე პარკინგი აკრძალულია.

„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წარმომადგენლები აქციის დღემდეც გამოხატავდნენ მხარდაჭერას ზაზა პაპუაშვილისა და უცნობის დაანონსებული ღონისძიებისადმი.

სქრინშოტები „ქართული ოცნების“ დეპუტატ რიმა ბერაძის გევრდიდან “ფეისბუქში“

„სასიამოვნო სანახავი“ აღმოჩნდა აქცია დეპუტატ ნინო წილოსანისთვის.

„ქართული იდეით და ეროვნული ინტერესით გამსჭვალული აქცია“, — ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კი მადლობა გადაუხადა აქციაზე მისულ მოქალაქეებს, რომლებსაც „მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე” ადამიანები უწოდა.

მადლიერება ორმხრივია.

„დიდი მადლობა, უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ხდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა. ჩვენ ვიცით, რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე. მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ“, — განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „უცნობმა“.

გია გაჩეჩილაძე პერიოდულად ქმნის საზოგადოებრივ მოძრაობებს ან მართავს აქციებს ოპოზიციის საპირწონედ და ხელისუფლების დღის წესრიგის მხარდასაჭერად.

„ხელისუფლების დღის წესრიგი“

„ქართული ოცნების“ ღია მხარდაჭერის და საერთო დღის წესრიგის გათვალისწინებით, ანალიტიკოსები „უცნობის“ აქციას არ განიხილავენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ აქტივობად. ისინი თვლიან, რომ „ქართული ოცნება“ მსგავსი აქტივობებით არა მარტო ანტიდასავლური ელექტორატის მიმხრობას ცდილობს, არამედ თავად ქმნის ასეთ ელექტორატს.

„ოცნება“ სატელიტური ძალების მოზაიკას ქმნის თავის გარშემო. ჯერჯერობით ესენი არიან კონსერვატიულ ნაციონალისტური ძალები, ვითომ პატრიოტები, ვითომ ეკლესიის თაყვანისმცემლები, ვითომ საქართველოს მცველი,  ანტიდასავლური ძალები. ჯერ „ხალხის ძალას“ უნდა მოეზიდა ანტიდასავლური სეგმენტი და სარგებელი მოეტანა „ოცნებისთვის“. მარტო მოზიდვაზე კი არ არის საუბარი, მარკეტინგს აწარმოებდა, პრაქტიკულად ქმნიდა ასეთი სახის ამომრჩეველს“, — ამბობს გოგოლაშვილი.

მისი აზრით, „ხალხის ძალამ“ ვერ გაამართლა და ახლა „ქართული ოცნება“ პოლიტიკის გარეთ მდგომი ცნობადი აქტორებით ცდილობს იმავე პოლიტიკის გატარებას.

„თვითონ „ოცნება“ ცდილობს, მათთან პირდაპირ არ ასოცირდებოდეს. სინამდვილეში კოორდინაცია და ურთიერთმხარდაჭერა სახეზეა. ხელისუფლება ხედავს, რომ თავისი პოლიტიკით დიდხანს ვერ შეინარჩუნებს პროდასავლურ ელექტორატს. ამიტომ ცდილობს, [ანტიდასავლურ] ელექტორატში მოიპოვოს მხარდაჭერა და თავად შექმნას ასეთი ელექტორატი. როგორ უნდა შექმნას? — დასავლეთის დისკრედიტაციით. ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობის შემცირება შეიძლება, თუ ხელს შეუწყობენ ევროსკეპტიკურ ძალებს. მე ეს მაინც ხავსზე მოჭიდება მგონია. შეუძლებელია ევროსკეპტიციზმი დათესონ იმ დონეზე, რომ ევროკავშირის 89%-იანი მხარდაჭერა ხვალ გახდეს 20%“, — აცხადებს გოგოლაშვილი.

„ნებისმიერი ასეთი ტიპის ღონისძიება არის ხოლმე საზოგადოებრივი განწყობების და აზრების მოსინჯვა იმ დღის წესრიგთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს“, — ამბობს თინა ხიდაშელი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი.

„არცერთი თვალსაზრისით ეს აქცია არ იყო დამოუკიდებელი აქტი. ყველაზე მინიმუმ, შედგა ხელისუფლებასთან სრული სოლიდარობით. ამის მარტივი დადასტურება არის საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ფეისბუქ გვერდები, სადაც იგივე პროპაგანდას და აქციაზე შემოერთების მოწოდებებს ვნახავთ. ყველა საკითხი, რომელიც ასეთ დროს აქციაზე გაჟღერდება ხოლმე, არის სწორედ ხელისუფლების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომლის განხორციელებასაც ასე პირდაპირ ვერ ბედავს ხელისუფლება და სჭირდება ერთგვარი საზოგადოებრივი მოთხოვნის გაჩენა. მე არ ველოდები, რომ ხელისუფლება პირდაპირი მნიშვნელობით ხვალ დანიშნავს რეფერენდუმს ნეიტრალიტეტის საკითხზე, მაგრამ ის, რომ საზოგადოებრივი აზრის შემზადება უნდა მოხდეს ამ თემასთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, არის ხელისუფლების დღის წესრიგში“, — აცხადებს ხიდაშელი.

„ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის გარდა, რომელიც აქციაზე გახმიანდა, ცნობილია, რომ “ხალხის ძალას” დაანონსებული ჰქონდა ცილისწამების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მედიის თავისუფლებას შეზღუდავდა.

თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან აქვს ინფორმაცია და იცის, რომ არაერთ წინააღმდეგობრივ თემაზე არის კანონპროექტი მომზადებული.

„უბრალოდ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა ცოტა ხნით გააჩერა მათი დღის წესრიგი და ის სხვა დანარჩენი კანონები ამ დროისთვის თაროზე შემოდებული დარჩათ. ხვდებიან, რომ ახლა მსგავსი ანტიდასავლური, კრემლის სახელმძღვანელოდან გადმოწერილი კანონის შემოტანას კიდევ უფრო უარესი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ვიცით, რომ ეს საკითხები უბრალოდ კი არ დგას დღის წესრიგში, სრული მზადყოფნა აქვთ და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, საპარლამენტო დისკუსიის საგნად აქციონ. ამიტომ ისინი ცდიან საზოგადოებას, უყურებენ რეაქციებს, აჩენენ საზოგადოებრივ მოთხოვნას, რაც მათი გათვლებით საჭირო მომენტი რომ დადგება, ოფიციალურად წარუდგინონ ქვეყანას“, — აცხადებს ხიდაშელი.

შეძლებს თუ არა „ოცნება“ ზემოაღნიშნული დღის წესრიგის შექმნას, ხიდაშელის აზრით, მთლიანად დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მზადყოფნაში იქნება ქართული საზოგადოება და მისი აქტიური ჯგუფები, მინიმუმ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე შეინარჩუნოს ის განწყობა, რომელიც მარტის აქციებისას შეიქმნა.

„საზოგადოებამ მანამდე არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, მსგავსი ტიპის ანტიპროგრესული (აქ მარტო ანტიდასავლურზე არ არის ლაპარაკი ) ანტიცივილიზაციური და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ქმედითად გადადგას. და მერე, არჩევნებზე, იმედი მაქვს, ეს კოშმარი დასრულდება“, — დასძენს ხიდაშელი.

30 აპრილის აქციის ორგანიზატორების სამომავლო გეგმებს შორის 2 საინიციატივო ჯგუფის შექმნაა. ერთი, როგორც აღვნიშნეთ, ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ და კანონპროექტებზე სამუშაოდ, მეორე კი — დიპლომატებთან დიალოგისთვის, თუ მათ ასეთი სურვილი ექნებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი