საზოგადოება

შსს ასაიდუმლოებს, რა რაოდენობის სპეც. საშუალებები გამოიყენა 7-9 მარტს

21 მარტი, 2023 • 1514
შსს ასაიდუმლოებს, რა რაოდენობის სპეც. საშუალებები გამოიყენა 7-9 მარტს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ნეტგაზეთს” უარი უთხრა 7-9 მარტს თბილისის ცენტრში დემონსტრაციის დაშლასთან დაკავშირებით რაოდენობრივი მონაცემების გაზიარებაზე. უწყებაში ამ ფაქტს “სახელმწიფო საიდუმლოებით” ხსნიან.

“ნეტგაზეთს” სურდა, გამოეთხოვა ინფორმაცია, თუ რა რაოდენობის საპოლიციო ძალა (სპეც. დანიშნულების რაზმი და სხვ.) მონაწილეობდა ხსენებული აქციების დაშლის პროცესში და რა სახის/რა რაოდენობის სპეციალური საშუალებები გამოიყენეს ამავე მიზნით.

შსს-სთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილი ასევე მოიცავდა კითხვას, გამოყენებულ საშუალებებს შორის იყო თუ არა რეზინის ტყვიები.

საპასუხოდ, შსს-დან მოგვწერეს, რომ შეკრების/მანიფესტაციის დროს უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის შემუშავების წესი და პირობები დადგენილია შსს-ს შესაბამისი ბრძანებით, სადაც, “სახელმწიფო საიდუმლოების მოთხოვნათა დაცვით”, აისახება მონაცემები:

  • სპეციალური ღონისძიების განხორციელების ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი პირების შესახებ;
  • სპეციალური ღონისძიების პროცესში მონაწილე სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების, მათი ფუნქციებისა და მოქმედებათა თანამიმდევრობის შესახებ;
  • სპეციალური ღონისძიების ჩატარებისთვის სამინისტროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირის/პირების შესახებ;
  • პირადი შემადგენლობის რაოდენობის შესახებ;
  • და სხვა.

“შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, მისი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია საიდუმლოებაზე დაშვების არმქონე პირთათვის”, — გვითხრეს შსს-ში.

გასული წლების გამოცდილება აჩვენეს, რომ შსს მსგავსი ტიპის ინფორმაციას ყოველთვის “სახელმწიფო საიდუმლოებად” არ განიხილავდა.

მაგალითად, “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს ეხება, მოცემულია როგორც აქციის დაშლაში მონაწილე პოლიციელთა რიცხვი, ისე პროცესში გამოყენებული სპეც. საშუალებების რაოდენობა.

ეს ცნობები ორგანიზაციამ სწორედ შსს-დან გამოითხოვა საჯარო ინფორმაციის სახით.

ამასთან, შსს-მ 2021 წელს თავად გაავრცელა ინფორმაცია, თუ რამდენი სამართალდამცავი გამოიყვანა თბილისის ქუჩებში იმავე წლის 5-6 ივლისს, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი ძალადობრივი აქციების დროს.

7-8 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი