„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ემხრობა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავარ საფრთხედ კი რუსეთს მიიჩნევს.

ამასთან ერთად, გამოკითხულთა 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრორუსულად მიიჩნევს.

როგორია მთავრობის საგარეო პოლიტიკა?

გამოკითხულთა თითქმის უმრავლესობა, 45%, მიიჩნევს, რომ მთავრობის საგარეო პოლიტიკა ან უფრო პრორუსულია, ვიდრე პროდასავლური [20%], ან მთლიანად პრორუსულია [25%].

მთლიანად პროდასავლურად მთავრობის პოლიტიკას მიიჩნევს 17%, ხოლო უფრო პროდასავლურად, ვიდრე პრორუსულად – 21%. 17%-ს ან პოზიცია არ აქვს, ან უარს ამბობს პასუხზე.

კითხვას, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, აბსოლუტური უმრავლესობა [82%] პასუხობს, რომ პროდასავლური. მათგან 50% ამბობს, რომ პოლიტიკა მხოლოდ პროდასავლური უნდა იყოს, 32% კი პარალელურად რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნებასაც ემხრობა. მთლიანად პრორუსულ პოლიტიკას მხოლოდ 2% უჭერს მხარს, კიდევ შვიდი კი პარალელურად დასავლეთთან ურთიერთობის შენარჩუნების აზრსაც იზიარებს

ნატო და ევროკავშირი

აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. 75% – სრულად, 14% – ნაწილობრივ. წინა წლის მარტთან შედარებით ამ პოზიციის მქონე მოქალაქეებმა 5%-ით იმატეს. მათი 77% კი ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. აგრეთვე, ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ სარგებლად 45% ეკონომიკურ გაძლიერებას ასახელებს.

რაც შეეხება ევროკავშირში ვერგაწევრიანების მიზეზებს, პასუხები შემდეგია:

  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 34%;
  • ასოციაციის შეთანხმების პირობების არშესრულება – 17%;
  • შიდა ოპოზიცია საქართველოში – 13%;
  • ევროკავშირის წევრების წინააღმდეგობა – 11%;

ნატოში გაწევრიანებას ნაწილობრივ ან სრულად ემხრობა 80%, მთავარ სარგებლად კი მიიჩნევენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვას.

რაც შეეხება ნატოში ვერგაწევრიანების მიზეზებს, პასუხები შემდეგია:

  • რუსეთის წინააღმდეგობა – 23%;
  • ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსი – 22%;
  • პოლიტიკური არასტაბილურობა საქართველოში – 11%;
  • ნატოს წევრების წინააღმდეგობა – 7%;

ურთიერთობები რუსეთთან

გამოკითხულთა უმრავლესობა მთავარ საგარეო პოლიტიკურ [87%] თუ ეკონომიკურ [76%] საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს.

გარდა ამისა, წინა წლის სექტემბრის გამოკითხვასთან შედარებით, შემცირდა მათი რიცხვი, ვინც რუსეთთან შემდგომ დიალოგს ემხრობა – 59%-დან [34% – სრულად, 25% – ნაწილბროვი] 53-მდე [26% – სრულად, 27% – ნაწილბროვ].

საქართველოს მთავრობის რუსეთთან ურთიერთობას გამოკითხულთა ნახევარი [20% – ნაწილობრივ, 30% – სრულად] უარყოფითად აფასებს. 40%-ს [10% – სრულად, 30% – ნაწილობრივ] დადებითი შეფასება აქვს, 10%-მა უარი თქვა პასუხზე ან პოზიცია არ აქვს. წინა წლის სექტემბერთან შედარებით, პოზიტიური განწყობის უარყოფითი ცვლილება ცდომილების ზღვარშია.

საქართველო-რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობის გათვალისწინებით, გამოკითხულთა 54% [39% – ნაწილობრივ, 15% – სრულად] საქართველოში ცხოვრებით უსაფრთხოდ გრძნობს თავს. ასეთი აზრის მქონე გამოკითხულთა რიცხვი სექტემბრის კვლევასთან შედარებით გაზრდილია ხუთი პროცენტული პუნქტით. უსაფრთხოდ თავს არ გრძნობს 44% [33% – ნაწილობრივ, 11% – სრულად]. პასუხზე უარი განაცხადა ან პოზიცია არ აქვს მხოლოდ 2%-ს.

რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ დასრულებულად და მომავალში ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს 5%. 17% ამბობს, რომ აგრესია დასრულდა, მაგრამ სავარაუდოდ გაგრძელდება. 76% მიიჩნევს, რომ აგრესია კვლავ გრძელდება. ცვლილებები წინა, სექტემბრის გამოკითხვასთან შედარებით, ცდომილების ზღვარშია.

განწყობა რუსეთიდან ჩამოსული პირების მიმართ

რესპონდენტებს კვლევის ფარგლებში ჰკითხეს, თუ რა უფლებები უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში.

  • საქართველოში რუსეთის მოქალაქეების უვიზოდ შემოსვლას ემხრობა 13%;
  • ბიზნესის რეგისტრაციის უფლებას – 7%;
  • უძრავი ქონების შეძენის უფლებას – 4%;
  • არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი – 79%.

რაც შეეხება აზრს რუსეთიდან ჩამოსულთა შესახებ, რესპონდენტებს შესთავაზეს რამდენიმე მოსაზრება. ქვემოთ მოყვანილია ისინი და გამოკითხულთა წილი, რომელმაც ეს აზრი გაიზიარა.

  • რუსეთის მოქალაქეებს ძლიერ მივესალმებით საქართველოში – 4% [წინა წლის სექტემბერში – 13%];
  • ვითმენთ მათ, ვინაიდან აუცილებელნი არიან ჩვენი ეკონომიკისთვის – 25% [წინა წლის სექტემბერში – 26%];
  • აჯობებს, რომ საქართველო დატოვონ – 29% [წინა წლის სექტემბერში – 17%];
  • რუსეთის მოქალაქეები ვერ უნდა ჩამოდიოდნენ საქართველოში მანამ, სანამ არ დააბრუნებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს – 37% [წინა წლის სექტემბერში – 38%];
  • სხვა – 1% [წინა წლის სექტემბერში – 2%];
  • არ ვიცი/უარი პასუხზე – 5% [წინა წლის სექტემბერში – 5%].

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით.გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია.კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.