ახალი ამბები

„ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“ — მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე

3 მაისი, 2023 • 1312
„ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“ — მდინარაძე „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას.

„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება. ამას აქვს თავისი არგუმენტები. მათ შორის არ განიხილება სამართლებრივი არგუმენტის გამო. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს. მესამე — მე პირადად და ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება, მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეს იყო მდინარაძის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა „ოცნება“, პრორუსულ ძალებს მხარი დაუჭიროს ინიციატივაში და ამ კონტექსტში ნახსენები იყო „ალტ-ინფოს“ ინიციირებული და „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერ ფრიდონ ინჯიას დაანონსებული კანონპროექტები.

„თქვენ ნუ შეაფასებთ, ვინ პრორუსულია… თქვენი შეფასებით, „ქართული ოცნებაც“ პრორუსულია და აბსოლუტური ფეიკი და მავნებლობაა ასეთი ინიციატივები“, — თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, „ოცნება“ არცერთი — არც „ალტ-ინფოს“ და არც „ევროპელი სოციალისტების“ — კანონპროექტის მიღებას არ აპირებს.

მმართველმა გუნდმა ღიად დაუჭირა მხარი მომღერალ „უცნობის“ 30 აპრილის აქციას. აღნიშნულ აქციაზე, სხვა საკითხებთან ერთად, გახმიანდა „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის“ მოთხოვნა. „ევროპელმა სოციალისტებმა“ მზადყოფნა გამოთქვეს, აქციაზე გახმოვანებულ მოთხოვნებს კანონპროექტის სახე მისცენ და პარლამენტში დააინიციირონ.

„ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს „პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით პარლამენტში შესულმა დეპუტატებმა მას შემდეგ, რაც პარტიის ლიდერებმა მანდატებზე უარი თქვეს. ისინი საპარლამენტო ოპოზიციაში შედიან, თუმცა, როგორც წესი, უმრავლესობის პოზიციებს იზიარებენ.

ამასთან, პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია მსგავსი კანონპროექტი 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით. კანონპროექტის ავტორები არიან -კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა და ირაკლი მორგოშია – პრორუსულ და ჰომოფობიურ „ალტ-ინფოს” წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი