საზოგადოება

5 ივლისი: ძალადობა, რომლის ორგანიზატორები ერთი წლის შემდეგაც არ დაუსჯიათ

6 ივლისი, 2022 • 1780
5 ივლისი: ძალადობა, რომლის ორგანიზატორები ერთი წლის შემდეგაც არ დაუსჯიათ

5 ივლისის მასობრივი ძალადობიდან ერთი წელი ისე შესრულდა, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს ჯერაც არ გამოუვლენიათ ჟურნალისტებზე და აქტივისტების ოფისებზე თავდასხმების ორგანიზატორები.

მათ, ვინც თბილისის ცენტრში შეკრებილ ჰომოფობიურ და ძალადობრივ ჯგუფებს ედგნენ სათავეში, ახლა ოფიციალურად რეგისტრირებული პოლიტიკური პარტია აქვთ და უწინდელის მსგავსად, არც ამჟამად ერიდებიან ძალადობის მუქარებს მათთვის არასასურველი პირებისა თუ ჯგუფების მიმართ.

სამოქალაქო სექტორი 5 ივლისის ძალადობის გამოძიების პროცესს აკრიტიკებს, ევროპარლამენტის რეზოლუციაში კი ნათქვამია, რომ  ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.

საით (არ) წავიდა გამოძიება

“ტვ პირველის” ჟურნალისტი მირანდა ბაღათურია და ოპერატორი ლექსო ლაშქარავა 1 წლის წინ თბილისის ცენტრში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს აშუქებდნენ, როცა მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის სადარბაზოში თავდასხმის ობიექტები გახდნენ.

ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის მიერ ნაცემი ლაშქარავა დღეს ცოცხალი აღარ არის, მირანდა ბაღათურია კი ჟურნალისტიკიდან წავიდა.

“5 ივლისის შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა. ძალიან პატარა ასაკში ძალიან მძიმე სტრესი მივიღე. მხოლოდ მე და ლექსომ ვიცით, იქ რა ხდებოდა და რა შეიძლება ადამიანს დაემართოს ამის შემდეგ”, — დასძენს ბაღათურია “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

მირანდა და ლექსო იმ 53 ჟურნალისტს შორის იყვნენ, რომლებიც 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად დედაქალაქის ქუჩებში გასული ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდნენ.

მასობრივ ძალადობას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც, “ღირსების მარშის” უკან “რადიკალური ოპოზიცია” იდგა.

აგრესიულად განწყობილმა პირებმა, რომელთაც საქართველოში მოქმედი პრორუსული ტელევიზია “ალტ-ინფო” ხელმძღვანელობდა, ოპოზიციის კარვები და აქტივისტების ოფისები დაარბიეს, მოვლენათა გასაშუქებლად გასულ ჟურნალისტებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და აპარატურა გაუნადგურეს.

ლექსო ლაშქარავა მასზე თავდასხმის შემდეგ

აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა. იმ დღეს ქალაქის ცენტრში შესამჩნევად ცოტა სამართალდამცავი იყო წარმოდგენილი.

ლექსო ლაშქარავა, რომელიც მოძალადეებმა სასტიკად სცემეს, იმავე წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, რასაც თბილისში საპროტესტო აქციები მოჰყვა. სახელმწიფომ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტი ზედოზირებას დაუკავშირა.

“ძალიან ცოტა შიში მაქვს ამ ქვეყნად. რა შიშიც დატოვა 5-მა ივლისმა, არის ის, რომ ვინმეს არ მოუვიდეს რამე, ვინც ჩემ გვერდითაა. სწორედ ამას გამოვექეცი”, — გვეუბნება მირანდა ბაღათურია პროფესიიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას.

ჯამში, 5 ივლისის ძალადობაში მონაწილეობის ბრალებით 31 პირი დააკავეს, 50-ზე მეტი ადამიანი კი — ჟურნალისტები და სხვა რამდენიმე მოქალაქე — დაზარალებულად ცნეს.

ლაშქარავასა და ბაღათურიაზე თავდასხმის ეპიზოდზე პოლიციამ შვიდი ადამიანი დააკავა. მათ 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ბაღათურია მოსამართლის გადაწყვეტილებას მიესალმება, თუმცა გამოძიების პროცესით კმაყოფილი არ არის.

მირანდა ბაღათურია 

“ტვ პირველის” აწ უკვე ყოფილი ჟურნალისტის თქმით, გამოძიებამ ვერ შეძლო, დაედგინა, რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში. მირანდა ბაღათურიას აქვს კითხვა, მოხდა თუ არა ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელთაც თავდასხმის დაწყებიდან გარკვეული ხნის შემდეგ მისგან გააცალკევეს ლექსო ლაშქარავა და მოშორებით განაგრძეს მისი ცემა.

მეორე კითხვა, რომელიც ბაღათურიას სხვათა მსგავსად აწუხებს, ძალადობის ორგანიზატორებს ეხება. მიუხედავად საგამოძიებო ორგანოების განცხადებებისა, რომ ორგანიზატორთა გამოვლენაზე მუშაობენ, ჯერ არც არავინ მიუციათ პასუხისგებაში და არც ვინმე გამოუვლენიათ. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ საზოგადოებისთვის არაფერია ცნობილი.

“რატომ არ არიან დაკავებული ორგანიზატორები? ადამიანები, რომლებიც, ვიდეოკადრებიც არსებობს, როგორ მოუწოდებდნენ [ძალადობისკენ]. ეს არ არის მონტაჟი და ჩვენი ფანტაზიის ნაწილი”.

არაერთი ის ადამიანი, რომელიც 5 ივლისის ძალადობას ღიად გეგმავდა, დღეს პოლიტიკურ პარტიაში ერთიანდება. 2021 წლის მიწურულს ოფიციალურად დარეგისტრირდა “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც “ალტ-ინფოს” ლიდერებმა დააფუძნეს. მან ათეულობით ოფისი გახსნა სხვადასხვა რეგიონში.

“ეს იყო ხელუსუფლების მიერ სანქცირებული სპეცოპერაცია”

5 ივლისის წლისთავზე ძალადობის ორგანიზატორთა საკითხს არასამთავრობო სექტორშიც არაერთგზის ახსენებენ. კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” დასძენს, რომ მასშტაბური ძალადობის ორგანიზატორთა გამოვლენა და დასჯა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

კოალიციის მიერ ძალადობრივი პროცესების წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც პროკურატურის შენობასთან გაიმართა, აღნიშნეს, რომ დაუსჯელობის სინდრომმა კიდევ უფრო გააუარესა მედიაგარემო საქართველოში:

“მუქარა, შევიწროება, უკანონო მოსმენა-მიყურადება და თვალთვალი, ზეწოლა, დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, ფიზიკური თავდასხმა, ბრიფინგებზე ჟურნალისტების შერჩევით დაშვება — ეს დარღვევების მცირე ჩამონათვალია”, — დასძენს ორგანიზაცია.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, რომელიც ასევე აკრიტიკებს გამოძიების პროცესს, მიაჩნია, რომ “თბილისის პროკურატურას არ აქვს ნებელობა, დასაჯოს ძალადობის ორგანიზატორი პირები”.

ორგანიზაციის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ლაშქარავასა და ბაღათურიაზე თავდასხმის ეპიზოდზე გამოტანილი განაჩენი, თავისი შინაარსის გამო, ბრალდების მხარისთვის ორგანიზატორების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ერთგვარი წინაპირობა უნდა ყოფილიყო.

აქცია პროკურატურის შენობასთან. 05.07.22 ფოტო :ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

ხსენებული განაჩენით დგინდება, რომ სამართალწარმოებისას დაათვალიერეს ონლაინ გამოცემა “პუბლიკის” მიერ მომზადებული ვიდეო, რომელიც ადასტურებს ივნისის თვეში “ალტ ინფოს” მიერ 5 ივლისს განსახორციელებელ მოქმედებებთან დაკავშირებით ერთგვარი გეგმის არსებობას.

ვიდეოში შეკრებილი ჩანაწერების მიხედვით, პრორუსული ტელევიზიის წარმომადგენლები  ჯერ კიდევ ივნისში ღია ეთერიდან ახმიანებდნენ ძალადობის მოწოდებებს 5 ივლისისათვის.

არსებობს უშუალოდ 5 ივლისს გადაღებული ვიდეომასალაც, სადაც ისმის, როგორ მოუწოდებს “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი კონსტანტინე მორგოშია ხალხს, პარლამენტიდან „სირცხვილიას“ ოფისისკენ გადაინაცვლონ.

„ახლა მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ აი, აქ, ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობაა, ამის წინ არის „სირცხვილიას“ ოფისი, სადაც მართლაც სირცხვილია ხალხი, ეს მაქარაშვილები და ვიღაც მაიმუნები წნეხის ქვეშ ამყოფებენ ამ „ლგბტ პრაიდის“ ორგანიზატორებს, რომ გინდა თუ არა, უნდა გამოვიდნენ რუსთაველზე.

ახლა, ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ“, – თქვა მაშინ მორგოშიამ.

ამის შემდეგ ძალადობრივი აქციის მონაწილეები მალევე დაიძრნენ „სირცხვილიას“ ოფისისკენ. მოძრაობის ოფისი მათ ცარიელი დახვდათ, თუმცა მოძალადეები სადარბაზოში ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას.

“ჩემთვის იყო უსასრულობა, არ დამთავრდა. მირანდამ მითხრა, სადღაც 6 წუთი გრძელდებოდა მთელი ეს ძალადობის პროცესიო… ეს იყო უბრალოდ სადამსჯელო ღონისძება, მეტი არაფერი. მარტო 1 პოლიციელი იყო, მე მგონი, ის პოლიციელი ჩვენზე მეტად დაზარალებულია…

ჩვენ უბრალოდ კამერით მივყვებოდით. მეტი არაფერი არ იყო აქ. ამათი მიზანი იყო აპარატურის დამტვრევა და გადამღები ჯგუფის მწყობრიდან გამოყვანა”, — ჰყვებოდა ლექსო ლაშქარავა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც ეთერში მის სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გავიდა ტვ „პირველის“ ეთერში. 

“ალტ-ინფოს” ლიდერები — ზურაბ მახარაძე, გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია 

დაახლოებით 1 წლის შემდეგ, 2022 წლის ივნისში, “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არ არსებობს 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი აქციის დაუსჯელი ორგანიზატორი.

“…თქვენ იცით რომელიმე ორგანიზატორის სახელი და გვარი, რომელიც უნდა დასჯილიყო და არ დაისაჯა? აბა, ერთი სახელი მითხარით. ჰოდა, რა გააკეთა, პირობითად, მორგოშიამ?

მე ამაში ვერ შევალ, რადგან ეს არის სამართალდამცავი ორგანოს პრეროგატივა, მაგრამ იმ სტანდარტით რომ წავყვეთ გამოძიებას, რა სტანდარტიც თქვენ გინდათ – საუბარია მორგოშიასა და მახარაძის დასჯაზე- მაშინ გამოვა, რომ ოპოზიციიდან იქნება ნახევარი სპექტრი დასაჭერი”, — უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ორგანიზატორთა დაუსჯელობა არ არის ერთადერთი საკითხი, რომლის გამოც 5 ივლისის პროცესების გამოძიებისადმი კრიტიკა ისმის. არაერთი დაზარალებული აღნიშნავს, რომ არათუ ორგანიზატორები, მათზე თავდასხმაში მონაწილე პირებიც არ დაუკავებიათ.

“როგორ არ ვიყო გაბრაზებული, როცა ვიცი, რომ ეს ადამიანები თავისუფლად დადიან გარეთ…” ,— ეუბნება “ნეტგაზეთს” დავით ქორიძე, “რადიო თავისუფლების” ოპერატორი, რომელიც ამავე გამოცემის ჟურნალისტთან, თორნიკე მანდარიასთან ერთად, გასული წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფის წევრებმა ვაკეში, მრგვალ ბაღთან სცემეს.

დავით ქორიძე მასზე თავდასხმის შემდეგ. ფოტო: რადიო თავისუფლება 

“ხელისუფლებას და პოლიციას კეთილი ნება თუ აქვს — უფრო სწორად, თუ ჰქონდა, რადგან ახლა, მგონი, აზრი აღარ აქვს, 1 წელი გავიდა — მრგვალ ბაღთან უამრავი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და უმარტივესი იყო იქიდან ვიდეომასალის ამოღება, გაშიფვრა და ამ ადამიანების იდენტიფიცირება, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა”, — დასძენს ქორიძე.

ოპერატორის სიტყვებით, მას 10 ადამიანი ურტყამდა, ახლოს მდგომ პოლიციელებს კი, რომლებიც მომხდარს ხედავდნენ, მის დასახმარებლად არაფერი გაუკეთებიათ. ქორიძეს იმედი აღარ აქვს, რომ მასზე თავდასხმას საქართველოში სათანადოდ გამოიძიებენ.

2021 წლის 5 ივლისს მოძალადეების სამიზნე “ფორმულას” ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძეც გახდა თანმხლებ ოპერატორთან ერთად. იხსენებს, რომ მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისის ეზოში ადამიანთა ჯგუფმა ალყაში მოაქცია და სხვადასხვა საგნის სროლა დაიწყო. როგორც ამბობს, არც მის შემთხვევაში დასჯილა ვინმე, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის ამსახველი კადრები არსებობს.

ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე და ოპერატორი ნიკოლოზ ქალიაშვილი მოძალადეთა მობილიზების მომენტში

“გამოძიებას რატომღაც ჩვენგან ჰქონდა მოლოდინი, რომ სრულიად უცხო ადამიანების იდენტიფიცირება უნდა მომეხდინა, რაც აბსურდია და თავიდანვე მიუთითებს იმაზე, რომ არ ჰქონდათ სურვილი, ეს გამოძიება რეალურად ეფექტიანი ყოფილიყო”, — დასძენს ხაჩიძე.

ის, რომ ხელისუფლებამ წინასწარ დაგეგმილი ძალადობა დროულად არ აღკვეთა, 5 ივლისს ქალაქის ცენტრში შესამჩნევად ცოტა პოლიციელი გამოიყვანა და ძალადობის ორგანიზატორები არც მომხდარის შემდეგ დააკავა, ლუკა ხაჩიძეს აფიქრებინებს, რომ მოძალადე ჯგუფები ხელისუფლების მიერ იყვნენ წახალისებულნი.

“…ეს იყო ხელისუფლების მიერ სანქცირებული სპეცოეპრაცია მედიის წინააღმდეგ”, — დასძენს ის.

ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებები და საქმე სტრასბურგში

როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში” განმარტავენ, 5 ივლისის საქმე 4 ეპიზოდად იყო დაყოფილი. აქედან ერთში — ლაშქარავასა და ბაღათურიაზე თავდასხმის ეპიზოდში — სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის ვერსია, სხვა ეპიზოდებში კი მუხლები გადააკვალიფიცირა და მინიმალურთან მიახლოებულ სასჯელებს დასჯერდა.

ბოლო ასეთი განაჩენი სასამართლომ მიმდინარე კვირაში გამოიტანა “თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის მონაწილეთა მიმართ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სასამართლომ ვერც ერთი პირის შემთხვევაში დაინახა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნები და ბრალდება მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შეჭრის მუხლით გადააკვალიფიცირა ორი დამამძიმებელი გარემოებით: ჯგუფურად და ძალადობის მუქარით.

საბოლოოდ, პირებს 5 000-5 000- ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

“აღსანიშნავია, რომ პრაიდის ოფისში შეჭრის საქმეზე ბრალდებული იყო 3 პირი, მაშინ როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ათამდე ადამიანი მაინც ახოხდა ჩვენი ოფისის აივანზე და შევიდა ბინაში. ეს ნამდვილად არ არის ადეკვატური.

არგუმენტი არის, რომ ვინაობების იდენტიფიცრება ვერ მოახერხეს. არ ვიცი, ეს რამდენად შეესაბამება სიმართლეს”, — დასძენს “თბილისი პრაიდის” დირექტორი მარიამ კვარაცხელია.

მისი ინფორმაციით, პროკურატურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და “თბილისი პრაიდიც” აპირებს, ბოლომდე მიჰყვეს პროცესს.

“თბილისი პრაიდის” ოფისში მოძალადეების შეჭრის მომენტი

ორგანიზაციაში “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”(GDI) ხაზს უსვამენ, რომ პროკურატურას დაზარალებულად არ უცნია “თბილისი პრაიდის” წარმომადგენლები და სხვა აქტივისტები, რომელთაც გასული წლის 5 ივლისს რამდენჯერმე მოუწიათ ადგილსამყოფლის შეცვლა, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მათი დევნის გამო.

“მათ მიმართაც განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული, ისინიც იყვნენ დევნის ობიექტები და რამდენიმე წამით გადაურჩნენ ფიზიკურ თავდასხმებს… დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა, თუმცა მათ დაზარალებულის სტატუსი არ აქვთ მინიჭებული”, — დასძენს GDI-ს წარმომადგენელი მარი კაპანაძე.

5 ივლისს განხორციელებული ჰომოფობიურ ძალადობას, თავდასხმებს და მუქარას ლგბტქი+ თემისა და აქტივისტების წინააღმდეგ ახლა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილავენ.  სარჩელი სწორედ GDI-მ მოამზადა.

ორგანიზაციის თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, სასამართლოს აინტერესებს,  ხომ არ წაახალისა ხელისუფლების წევრების განცხადებებმა 5 ივლისის ძალადობა და რამდენად შეასრულა სახელმწიფომ მასზე ნაკისრი პრევენციისა და ეფექტიანი გამოძიების ვალდებულებები.

“იმედი გვაქვს, მალე გვეცოდინება გადაწყვეტილება და სამართლიანობა იზეიმებს, რადგან შიგნით, საქართველოში, ჩვენ, ლგბტ ადამიანები, აქტივისტები და მოძრაობა სამართალს ვერ ვპოულობთ”, — აღნიშნავს მარიამ კვარაცხელია სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელზე საუბრისას.

5 ივლისის პროცესებზე გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის ნაკლებობა ევროპარლამენტმაც დაგმო ივნისში მიღებულ რეზოლუციაში და თქვა, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენთა დაუსჯელობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს შეწყნარებული.

გარდა ძალადობის ორგანიზატორთა და ჩამდენთა დასჯისა, არასამთავრობო სექტორში ასევე ითხოვენ, დაისაჯონ თანამდებობის პირები, რომელთაც სათანადოდ არ იმოქმედეს, რათა ძალადობა თავიდან აეცილებინათ.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თანახმად, ორგანიზაციამ პროკურატურას არაერთგზის ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება ხსენებულ პირთა მიმართ, თუმცა პასუხი არც ერთ შემთხვევაში მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი