საზოგადოება

IRI-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა

25 აპრილი, 2023 • 1981
IRI-ის კვლევა: „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა

IRI-ის კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირებულია.

კერძოდ, კითხვაზე, მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას,  გამოკითხულთა 19% ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 6%-ითაა შემცირებული.

ამასთან, IRI-ის ნოემბრის კვლევასთან შედარებით 2%-ით გაიზარდა(რაც ცდომილების ფარგლებშია) „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი და გამოკითხულთა 14% ამბობს, რომ ხმას ამ პარტიას მისცემდა. ხოლო 3%-იანი მხარდაჭერა აქვს გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებას“.

რაც შეეხება ლეიბორისტულ პარტიას, „ლელოს“, „გირჩს“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, პარტია „ხალხისთვის“ და პარტია „მოქალაქეებს“, ამ პარტიებს IRI-ის კვლევის მიხედვით 2%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

IRI-ის კვლევის თანახმად 1%-იანი მხარდაჭერა აქვს შემდეგ პარტიებს: ალტ-ინფოს „კონსერვატიულ მოძრაობას“, ელენე ხოშტარიას „დროას“ და „ევროპულ საქართველოს“.

IRI-ის ახალ კვლევაში ასევე გაზომილია საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების მიერ შექმნილი „ხალხის ძალის“ რეიტინგიც. კვლევის მიხედვით, „ხალხის ძალას“ მხარს 1%-ზე ნაკლები უჭერს.

ამასთან, გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ არ იცის, ხმას ვის მისცემდა.

ამავე კვლევის თანახმად, პარტიებს შორის ყველაზე დიდი უარყოფითი რეიტინგი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39% და „ქართულ ოცნებას“ – 34%.

IRI-ის ახალ კვლევაშიც გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს.


კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა „გამოკითხვისა და მარკეტინგის“ ინსტიტუტმა, დააფინანსა – USAID-მა. მონაცემები შეგროვდა 2023 წლის 4-23 მარტს, რესპონდენტთა სახლში პირისპირი ინტერვიუებით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სწრულწლოვანმა, 1500-მა მუდმივმა მცხოვრებელმა. გამოკითხულთა ასაკი, საცხოვრებელი ადგილი და დასახლების სიდიდე მთლიანი მოსახლეობის რეპრეზენტატიულია. კვლევაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა 63-მა პროცენტმა. ცდომილების ზღვარი ±2.5 პროცენტს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი