ახალი ამბები

ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა

26 აპრილი, 2023 • 1590
ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

„ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან იკავებს. მისი აზრით, საქართველო არის კონსერვატიული საზოგადოება, რომელსაც აქვს ქრისტიანობაზე დაფუძნებული უნიკალური ღირებულებები. გენდერული პროპაგანდა არც საქართველოს ზოგავს, მაგრამ ღარიბაშვილი თვლის, რომ აქტივისტები და პოლიტიკოსები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ უმრავლესობის ნებას, ხოლო ქართველების დიდი უმრავლესობა უარყოფს პროპაგანდისტულ, პროტესტანტ ლგბტქ ზეწოლას“, — ასე წარადგენს ღარიბაშვილს კონფერენციის ორგანიზატორი „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრი“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმის გასარკვევად, დაესწრება თუ არა ღარიბაშვილი ბუდაპეშტში დაგეგმილ კონფერენციას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი