საზოგადოება

კიდევ ვინ ამბობს ევროპაში, რომ „ომში ითრევენ“

8 ივლისი, 2022 • 2732
კიდევ ვინ ამბობს ევროპაში, რომ „ომში ითრევენ“

„ქართული ოცნება“ მცირეთაგანი, თუმცა ერთადერთი პოლიტიკური აქტორი არაა, რომელიც ომის საფრთხით საკუთარ საზოგადოებაში შიშის გაღვივებას ცდილობს, ხოლო ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობაში ოპონენტებსა და დასავლეთს ადანაშაულებს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში იგივეს პრორუსული და ულტრა-ნაციონალისტი ძალები აკეთებენ.

მოლდოვა

მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა იგორ დოდონმა არ გამორიცხა, რომ მოლდოვის ტერიტორიის გავლით უკრაინას დასავლური შეიარაღება მიეწოდება.

„ეს ძალიან საშიშია, რადგან ჩვენ არავინ გვეკითხება და ვხდებით უკრაინაში საომარი მოქმედებების მონაწილე“, — განაცხადა, „რია ნოვოსტის“ ცნობით, დოდონმა 7 ივლისს ტელეარხ „პუბლიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ექსპრეზიდენტი ფიქრობს, რომ დასავლეთი მოლდოვას აიარაღებს აღმოსავლეთთან საბრძოლველად და აკრიტიკებს მოლდოვის პროდასავლურ მთავრობას “ანტირუსული ნაბიჯებისა და განცხადებებისთვის”.

„რუსეთთან საომრად ქვეყნის მომზადების ნაცვლად, საჭიროა სასწრაფო მოლაპარაკებები რუსეთის ხელისუფლებასთან. ჩვენ გვაქვს საამისო პლატფორმა დსთ-ის და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სახით“, — განაცხადა დოდონმა.

იგორ დოდონი 2016-2020 წლებში იყო მოლდოვის პრეზიდენტი. ის პრორუსული „სოციალისტური პარტიის” არაფორმალური ლიდერია. დოდონი რუსეთთან დაახლოებული პირია და მის ღია მხარდაჭერას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოხატავდა.

ამჟამად დოდონი შინაპატიმრობაში იმყოფება. იგი ეჭვმიტანილია პასიურ კორუფციაში, კრიმინალური ორგანიზაციისგან პოლიტიკური პარტიის დაფინანსების მიღებასა და სახელმწიფო ღალატში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექსპრეზიდენტს 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

იგორ დოდონამდე მოლდოვის პრორუსული პარტიად მიჩნეულ „ȘOR“-ის ლიდერმა ილან შორმა პრეზიდენტი მაია სანდუ და მისი პარტია დაადანაშაულა, რომ ნებისმიერ ფასად სურთ მოლდოვის რესპუბლიკის ომში ჩათრევა.

სერბეთი

სერბეთის შს მინისტრმა ალექსანდრე ვულინმა არაერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი, მათ შორის ევროპარლამენტარები, რომ ისინი ბელგრადს კოსოვოსა და მეტოხიაში სიტუაციის გამწვავებით აშანტაჟებენ და აიძულებენ, სანქციებს შეურთდნენ, რითაც სერბეთს რუსეთთან ომში ითრევენ.

„ჩვეულებრივ, ნებისმიერი შანტაჟი იწყება იმით, რომ ამბობენ: მოდით, მხოლოდ სანქციები შემოიღეთ რუსეთის წინააღმდეგ; შემდეგ — აღიარეთ კოსოვო, შემდეგ — დათმეთ რესპუბლიკა სერბსკა, შემდეგ — უბრალოდ შეაიარაღეთ უკრაინა და ბოლოს — მოგვეცით ქვეითი ჯარი რუსეთთან საბრძოლველად. მოდით, თავი დაგვანებეთ“, — თქვა ვულინმა.

6 ივნისს ევროპარლამენტში გამართული დებატების შეფასებისას ვულინმა აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი ფარისევლურად მოითხოვს სერბეთისგან სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ მაშინ, როცა თავად ევროკავშირი ფრაგმენტულ პოლიტიკას ატარებს უკრაინაში კონფლიქტის მიმართ.

„ევროპარლამენტი მოითხოვს, სერბეთი ჩაერთოს რუსეთის წინააღმდეგ ომში და ე.წ. კოსოვო აღიაროს.  მრავალსაუკუნოვან და ჩვენი არსებობის ყველაზე რთულ მომენტებში ხშირად ერთადერთ მოკავშირესთან, რუსეთთან — კონფლიქტში შესვლის ჯილდოდ კი გვთავაზობს, ვაღიაროთ კოსოვო სახელმწიფოდ“, — ამბობს ვულინი.

ვულინი ასევე ამბობს, რომ დასავლეთის პოლიტიკა, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს“ უკრაინის შემთხვევაში, მშვიდობას ვერ უზრუნველყოფს.

ალექსანდრე ვულინი სერბეთის მმართველი კოალიციის წევრი „სოციალისტური მოძრაობის“ ლიდერია. პარტიას დეკლარირებული აქვს მემარცხენე, სოციალ-დემოკრატიული იდეოლოგია, თუმცა მას მოიხსენიებენ როგორც „სოციალური კონსერვატიზმის“ და „მემარცხენე ნაციონალიზმის“ მიმდევრად, ადანაშაულებენ ანტიდასავლურობასა და ევროსკეპტიციზმზში.

რუსმა ოპოზიციონერმა აქტივისტმა ვლადიმირ კარა-მურზამ გასულ წელს სერბეთის შს მინისტრი დაადანაშაულა, რომ მან რუსეთის დაზვერვას მიაწოდა ინფორმაცია და ტრანსკრიპტი ბელგრადში რუსი ოპოზიციონერების შეხვედრის შესახებ, რასაც რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის, ანდრეი პივოვაროვის დაკავება მოჰყვა. ვულინმა ბრალდებებს ტყუილი უწოდა და თქვა, რომ კარა-მურზას პასუხს აგებინებდა როგორც სერბეთის, ისე რუსეთის მართლმსაჯულების წინაშე.

ვლადიმერ კარა-მურზა, რომლის მოწამვლაც მანამდე რამდენჯერმე სცადეს, მიმდინარე წლის 11 აპრილს დააკავეს მოსკოვში. მაშინვე მისი კოლეგები წერდნენ, რომ – „სავარაუდოდ, საქმე ეხება მის რომელიმე განცხადებას ომის წინააღმდეგ, რომელიც პრესაში ან სოციალურ ქსელებში გავრცელდა“.  ეს მუხლი რუსული სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით გულისხმობს საჯაროდ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედების შესახებ. ამ მუხლის მაქსიმალური სასჯელი 15-წლიანი პატიმრობაა.

სერბეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. 6 ივლისს ევროპარლამენტმა სერბეთის მონიტორინგის ანგარიშზე დაყრდნობით მიიღო რეზოლუცია, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ, ამავდროულად, წუხილს გამოთქვამს, რომ ბელგრადი არ შეურთდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ და მოუწოდებს ახლად არჩეულ ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეუერთდნენ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, მათ შორის  რუსი და ბელარუსი პირების სანქცირების ჩათვლით.

უნგრეთი

ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ნატოს მადრიდის სამიტის დაწყებამდე განაცხადა:

„ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არანაირ წინადადებას, რომელმაც შესაძლოა, ნატო ან უნგრეთი ჩაითრიოს ამ კონფლიქტში, რადგან ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი და ნატო არის თავდაცვის ალიანსი“.

მემარჯვენე კონსერვატიულმა პარტია „ფიდესმა“, რომლის ლიდერი ვიქტორ ორბანი ქვეყანას მეოთხე ვადით მართავს, 3 აპრილსაც გაიმარჯვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში. ორბანის პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკა დიდწილად ტრიალებდა რუსეთ-უკრაინის ომის ირგვლივ. უნგრეთის ხელისუფლება იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა.

„…ჩვენი გზავნილი ნათელია: მხოლოდ „ფიდესს” შეუძლია მშვიდობის დამყარება უნგრეთში, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია [უზრუნველვყოთ] უნგრელი ხალხი უსაფრთხოების გარანტიით“, — ამბობდა ორბანი.

ოპოზიცია, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ მხოლოდ ნატო-ს შეუძლია, დაიცვას უნგრეთი, ორბანს კი ყოველთვის სურდა, შეეჩერებინა ბრიუსელი, ევროკავშირი.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ „უნგრული პოლიტიკა” არც „უკრაინის მიმართ არის მეგობრული და არც რუსეთის მიმართ” — ის “მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

ბუდაპეშტს ამ დრომდე არ დაუბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შეწინააღმდეგებია ევროკავშირის სამხედრო და სხვა სახის დახმარებას კიევისადმი. თუმცა მან უარი თქვა, მაგალითად, უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის ტრანზიტზე უნგრეთის გავლით. ამასთან, უნგრეთი არ ემხრობა რუსულ გაზზე სანქციების დაწესებას. უნგრეთი ერთ-ერთი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად არის რუსეთზე დამოკიდებული ენერგეტიკულად.

ბელარუსი

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს მისი ქვეყანა უკრაინის ომში ჩაითრიოს, რათა შემდეგ რუსეთს და ბელარუსს ერთად გაუმკლავდეს.

„დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩაგვითრონ ამ კონფლიქტში. პუტინს არასდროს უთქვამს ჩემთვის: შედი, მოკალი ვინმე იქ, უკრაინაში და ა.შ. მაგრამ ისინი [დასავლეთი] გვიბიძგებენ ამ კონფლიქტში, რათა გაუმკლავდნენ როგორც რუსეთს, ასევე ბელარუსს და ააშენონ ფრონტის ხაზი პეტერბურგიდან როსტოვამდე, რათა არ იყოს ეს ბელარუსული აივანი, როგორც ეძახიან. 2020 წელს არ გამოუვიდათ. ახლა სხვა მეთოდებით აგრძელებენ“, — განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, ბელარუსი არ უნდა ჩაერთოს კონფლიქტში და არ შექმნას „პატარა ომი“.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ეს მიწის ნაკვეთი. ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, ჩვენ წარმატებას ვაღწევთ. ჩემთვის მთავარია, უკრაინულ კონფლიქტში თავით კი არ გადავეშვათ, არამედ მისი დასრულება შევძლოთ“, — განაცხადა მან.

ალექსანდრე ლუკაშენკოს, დიდი ალბათობით, არ სურს ბალარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში, რისკენაც, უკრაინის ხელისუფლების და დასავლეთის ცნობით, კრემლი უბიძგებს. 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რუსეთმა დაიწყო ერთობლივი წვრთნები მოკავშირე სახელმწიფოში და უკრაინას თავს დაესხა როგორც აღმოსავლეთიდან, ასევე, ბელარუსიდან. ბელარუსს დაწესებული აქვს სანქციები უკრაინაში რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის.

კრემლი და მისი პროპაგანდა წლების განმავლობაში ავრცელებდა დეზინფორმაციას ნატო-სგან და უკრაინისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. გასული წლის შემოდგომაზე უკრაინის საზღვართან ჯარების გადასროლის მიუხედავად, უარყოფდა უკრაინაზე თავდასხმის გეგმას და დეზინფორმაციაში ადანაშაულებდა დასავლეთს, რომელიც ამის შესახებ აფრთხილდებდა კიევს. 24 თებერვალს კი თავს დაესხა უკრაინას, წამოიწყო სრულმასშატბიანი ომი, რომელსაც მოსკოვი სპეციალურ ოპერაციას უწოდებს. რუსული დეზინფორმაცია ახლა რამდენიმე მიმართულებაზე არის ფოკუსირებული – ერთ-ერთია დასავლეთის ქვეყნების დადანაშაულება უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებაში იმის გამო, რომ ისინი ეხმარებიან უკრაინას. საბჭოთა პოლიტიკოსი ვიაჩესლავ ზილანოვი ამბობს, რომ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი იყენებენ უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ გაჭიანურებული ომისთვის აღმოსავლეთ ევროპაში და იმედოვნებენ, რომ სხვა მეზობელ ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა, „ახალგაზრდა დონორებს“ — პოლონეთი, მოლდოვა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი — ჩართავენ საომარ მოქმედებებში.

ამ თემაზე გირჩევთ:

FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს – დეგნანი

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

მასალების გადაბეჭდვის წესი