საზოგადოება

განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

9 ივნისი, 2022 • 2859
განიხილეთ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება — ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება განიხილონ.

შესაბამისი შესწორება შევიდა საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებულ ერთობლივ რეზოლუციაში.

რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ასრულებს ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. მიუთითებს მის კონტროლზე მთავრობაზე, მათ შორის, ჟურნალისტების და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებული დევნის გადაწყვეტილებებში.

ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ.

ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების განხილვაზე რეზოლუციაში ცვლილებების ინიცირება მოახდინეს ანა ფოტიგამ („ევროპის კონსერვატორები და რეფორმატორების“, ECR), მირიამ ლექსმანმა („ევროპის სახალხო პარტია“, EPP), პეტრას აუსტრევიჩიუსმა (Renew Europe). ევროპარლამენტმა ინიცირებულ შესწორებებს მხარი დაუჭირა.


ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლებების დარღვევებსა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე ევროპარლამენტის ხუთი პოლიტიკური ჯგუფის ინიცირებული ერთობლივი რეზოლუცია.

რეზოლუცია გამოხატავს შეშფოთებას ბოლო წლებში საქართველოში მედიის მდგომარეობისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გაუარესების გამო. გმობს ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის, მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას. რეზოლუციით ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს „მთავარი არხის“ დირექტორ ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით სამკურნალოდ გათავისუფლებისკენ.

რაც შეეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოსთვის, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს.

ევროპარლამენტი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის პირობებით მინიჭებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი