საზოგადოება

უნგრეთის არჩევნები: ომი უკრაინაში, როგორც საკვანძო საკითხი

1 აპრილი, 2022 • 5747
უნგრეთის არჩევნები: ომი უკრაინაში, როგორც საკვანძო საკითხი

3 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება. მოქმედ პრემიერ-მინისტრს, მემარჯვენე ნაციონალისტ ვიქტორ ორბანს სურს, მეოთხე ვადით გახდეს ქვეყნის პირველი პირი, ოპოზიცია კი, რომელსაც ამ რეალობის შეცვლა უნდა, ერთობლივი ძალებით ცდილობს მის დამარცხებას.

უნგრელებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 199 დეპუტატი უნდა აირჩიონ. მათი ნაწილი მაჟორიტარული წესით აირჩევა, ნაწილი კი — პროპორციული წესით.

რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ თითქმის მთლიანად შეცვალა საარჩევნო კამპანიის ბუნება. ორბანი ამტკიცებს, რომ მხოლოდ მის პარტიას შეუძლია სტაბილურობის უზრუნველყოფა უნგრეთში, ოპოზიცია კი მრავალგზის უსვამს ხაზს მოქმედი პრემიერის ურთიერთობას ვლადიმერ პუტინთან.

“ნეტგაზეთი” მოკლედ გიამბობთ, რატომ არის უნგრეთის არჩევნები მნიშვნელოვანი, როგორია წინასაარჩევნო გარემო და როგორ შეიცვალა პროგნოზები უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შემდეგ.

ვინ არიან ძირითადი კანდიდატები

მემარჯვენე კონსერვატიული პარტიის, “ფიდესის” ლიდერი, 58 წლის ვიქტორ ორბანი უნგრეთის პრემიერ-მინისტრად თავდაპირველად 12 წლის წინ აირჩიეს. მას შემდეგ კიდევ 2 ვადით გახდა ქვეყნის პირველი პირი.

სამივე შემთხვევაში, ორბანის პარტია პარლამენტში დიდ უმრავლესობას ფლობდა, რამაც ნაციონალისტ პრემიერ-მინისტრს საშუალება მისცა, შეეცვალა კონსტიტუცია.

ორბანი პოზიციონირებს “ტრადიციული, ქრისტიანული ღირებულებების” დამცველ პოლიტიკოსად “ლიბერალური ელიტების” წინააღმდეგ.

არჩევნების პარალელურად, უნგრეთში დაგეგმილია რეფერენდუმიც სადავო კანონზე, რომელიც სკოლებში ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერობის საკითხებზე სწავლებას ზღუდავს.

ვიქტორ ორბანი. ფოტო: EPA

წლევანდელი არჩევნები მეტად საინტერესოა იმ კუთხით, რომ უწინდლისგან განსხვავებით, ორბანს გაერთიანებული ოპოზიცია უპირისპირდება. 6 პარტიისგან შემდგარი ალიანსი აერთიანებს როგორც მემარჯვენეებს, ისე ტრადიციულ მემარცხენეებს, მწვანეებსა და ლიბერალებს.

ალიანსიდან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია 49 წლის პიტერ მარკი-ზაი — კონსერვატორი პოლიტიკოსი, რომელმაც 2018 წელს მერის არჩევნები მოიგო ორბანის პარტიის დასაყრდენად მიჩნეულ პატარა ქალაქ ჰოდმეზევაშარჰეიში. ის პრაიმერის გზით აირჩიეს ოპოზიციური ალიანსის ლიდერად.

პარტიების განცხადებით, ხსენებული ერთობა უნგრეთის გადასარჩენად შეიქმნა ვიქტორ ორბანის კორუმპირებული და ავტორიტარული მმართველობისგან. მარკი-ზაის სიტყვებით, ორბანი არც ქრისტიანია, არც პატრიოტი და ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლებაში დასარჩენად და გასამდიდრებლად.

როგორ შეცვალა წინასაარჩევნო გზავნილები ომმა უკრაინაში

ორბანის პარტიას კონსერვატორი ამომრჩევლის მობილიზებისთვის არჩევნებამდე უკვე ჰქონდა ხელჩასაჭიდი ანტი-ლგბტ რეფერენდუმის სახით.

ამასთან, როგორც Al-Jazeera-ს ინგლისურენოვანი გამოცემა წერს, ის ასევე კონცენტრირდებოდა ოპოზიციის დაკავშირებაზე ჯორჯ სოროსთან და სხვებთან, რომლებიც, ორბანის მთავრობის მიხედვით, წარმოადგენენ “უნგრეთის სუვერენიტეტის ხელყოფის მოსურნე გლობალისტურ ელიტას”.

თავის მხრივ, ოპოზიციას სურდა, ყურადღება გაემახვილებინა ცნობებზე, რომელთა თანახმადაც ორბანმა კორუფციის ფართო ქსელი მოაწყო ევროკავშირის ფულადი სახსრების მისათვისებლად, ასევე ხელყო მართლმსაჯულება და საარჩევნო სისტემა.

თუმცა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა რადიკალურად შეცვალა წინასაარჩევნო კამპანიის ბუნება. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი უნგრეთის ხელისუფლება, რომელიც ევროპაში ენერგატიკულად ყველაზე მეტადაა მიბმული რუსეთზე, ახლა იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ მას შეუძლია ქვეყნის დაცვა ომისგან, ოპოზიციას კი — არა.

პიტერ მარკი-ზაი. ფოტო: EPA

“…ჩვენი გზავნილი ნათელია: მხოლოდ “ფიდესს” შეუძლია მშვიდობის დამყარება უნგრეთში, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია [უზრუნველვყოთ] უნგრელი ხალხი უსაფრთხოების გარანტიით“, — უთხრა ორბანმა ადგილობრივ რადიოს.

საპირისპიროს აცხადებს ოპოზიცია, რომლის ლიდერიც დასძენს, რომ ორბანი ვერ დაიცავს უნგრეთს.

“მხოლოდ ნატო-ს შეუძლია, დაიცვას უნგრეთი… ორბანს ყოველთვის სურდა, შეეჩერებინა ბრიუსელი, ევროკავშირი. ახლა ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინი და ვიცხოვროთ მშვიდობაში”, — ციტირებს მას გამოცემა Politico.

დასავლური მედია ვიქტორ ორბანს არაერთგზის მოიხსენიებს ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ევროკავშირში. თავად ამბობს, რომ “უნგრული პოლიტიკა” არც “უკრაინის მიმართ მეგობრულია და არც რუსეთის მიმართ”: ის “მეგობრულია უნგრეთის მიმართ”.

ბუდაპეშტს ამ დრომდე არ დაუბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და არ შეწინააღმდეგებია ევროკავშირის მიერ €500 მილიონის გამოყოფას კიევისთვის სამხედრო და სხვა სახის დახმარების გასაწევად. თუმცა მან უარი თქვა, მაგალითად, უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის ტრანზიტზე უნგრეთის გავლით. ამასთან, ბუდაპეშტი არ ემხრობა რუსეთისთვის ენერგეტიკული სანქციების დაწესებას.

უნგრეთის ოპოზიცია მოახლოებულ არჩევნებს წარმოაჩენს რეფერენდუმად, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, სად იქნება უნგრეთი: დასავლეთში თუ აღმოსავლეთში. ის მიიჩნევს, რომ უნგრეთმა უკრაინისადმი მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს, ამ ფონზე კი მმართველი წრეების ბრალდებების ობიექტი ხდება უნგრეთის ომში ჩათრევის მცდელობასთან დაკავშირებით.

“ფიდესის” მიერ მომზადებული, პიტერ მარკი-ზაის საწინააღმდეგო ბანერი ბუდაპეშტში. ფოტო: EPA

მიმდინარე დღეებში, ომის საკითხი უნგრეთის შიდა პოლიტიკას გასცდა. მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ბუდაპეშტის პოზიცია გააკრიტიკა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ უკრაინის მთავრობა არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი სიტყვებით, არსებობს კოორდინაცია უნგრელ მემარცხენეებსა და უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებს შორის და კიევი ცდილობს, გავლენა მოახდინოს არჩევნებზე ოპოზიციური კოალიციის სასარგებლოდ.

სიიარტოს უკრაინელმა კოლეგამ, დმიტრო კულებამ ბრალდებები უარყო. მისი თქმით, კიევი არასდროს ჩარეულა უნგრეთის შიდა საქმეებში.

რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი

3 აპრილის არჩევნები არაერთი მიზეზის გამოა მსოფლიო მედიისა და სხვათა ყურადღების ცენტრში. მათ შორისაა დაძაბულობა ორბანსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის.

უნგრეთის მთავრობის მიერ მიღებული საკამათო კანონი, რომლითაც მეტად იზღუდება სკოლებში ლგბტ საკითხების შესახებ სწავლება და დისკუსიები, უკვე გახდა ევროკომისიის მიერ უნგრეთის წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურების დაწყების საფუძველი.

კრიტიკოსები, მათ შორის, ევროკავშირში, ორბანს არაერთგზის ადანაშაულებენ მედიისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ხელყოფაში, მიგრანტების, ლგბტ თემისა და სხვა ჯგუფების უფლებების დარღვევასა და დემონიზებაში, ისევე როგორც საარჩევნო სისტემის მის სასარგებლოდ შეცვლაში.

ბუდაპეშტის პრაიდი 2021 ფოტო: EPA

ამ ფონზე ხსენებული არჩევნები მნიშვნელოვანია უნგრეთის სამომავლო კურსის განსაზღვრის კუთხითაც:

გაგრძელდება პოლიტიკა, რომელსაც მემარჯვენე ნაციონალისტი პრემიერ-მინისტრი წლებია ატარებს, თუ ქვეყანას სათავეში ჩაუდგება იდეოლოგიურად ჭრელი ოპოზიციური კოალიცია.

“შედეგი… განსაზღვრავს [უნგრეთის] მოკლევადიან სტაბილურობასა და გრძელვადიან პოლიტიკურ ორიენტაციას, ან მეტი ავტოკრატიისკენ, ან ხელახალი დემოკრატიზაციისკენ”.

“არჩევნებს ასევე ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა ევროკავშირისა და უნგრეთის ტრანსატლანტიკური პარტნიორებისთვის”, – ეუბნება Al-Jazeera-ს დანიელ ჰეგედუსი, აშშ-ში მოქმედი ორგანიზაციის, “გერმანიის მარშალის ფონდის” წარმომადგენელი.

როგორია პროგნოზები

არაერთი კვლევა აჩენს განცდას, რომ ვიქტორ ორბანის სტრატეგია, თავისი მედიის დახმარებით თავი წარმოაჩინოს უნგრეთის სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტორად, ეფექტიანია.

Al-Jazeera ანალიტიკოსებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთში ომისადმი შიში პუტინის აგრესიით გამოწვეულ ბრაზზე ძლიერია.

თუ ომამდე ჩატარებულ კვლევებში “ფიდესსა” და ოპოზიციას შორის სხვაობა მეტად მცირე იყო, ახლა ეს მაჩვენებელი გაზრდილია.

30 მარტს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც კომპანია Median-მა ჟურნალ HVG-სთვის ჩაატარა, გადაწყვეტილ ამომრჩეველთა 50% ხმას ორბანის პარტიას აძლევს, 40% კი — ოპოზიციურ კოალიციას.

თუმცა, სხვა კვლევებით, ორ ძალას შორის განსხვავება შედარებით მცირეა: “IDEA ინსტიტუტის” კვლევით, რომელიც 22-28 მარტს ჩატარდა, ორბანის პარტიას ამომრჩეველთა 41% აძლევს ხმას, ოპოზიციურ კოალიციას — 39%.

ორბანის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით უნგრეთის საზოგადოებაში მკვეთრი აზრთა სხვადასხვაობაა. უნგრული Publicus Institute-ის კვლევით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთის მხრიდან აგრესია უფროა, ვიდრე თავდაცვა. თუმცა მეტად საინტერესოა განსხვავება მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ამომრჩეველს შორის:

რუსეთს აგრესორად ოპოზიციის ამომრჩეველთა 91% მიიჩნევს, “ფიდესის” ამომრჩეველთა შორის კი ასე 44% ფიქრობს. ამასთან, ოპოზიციის ამომრჩეველთა 90%-ის აზრით, უკრაინაში შეჭრის გამო ორბანს რუსეთი უფრო მკაცრად უნდა დაეგმო. ორბანის ამომრჩეველთა შორის ასე მხოლოდ 8% ფიქრობს.

ვიქტორ ორბანი და ვლადიმერ პუტინი. ფოტო: EPA

აღნიშნულ განწყობებზე საუბრისას მედია და ანალიტიკოსები არაერთგზის ახსენებენ ადგილობრივ მედიასივრცეს და პროსამთავრობო მედიასაშუალებების გავლენას საზოგადოებრივ აზრზე.

Politico-ს თანახმად, ბოლო კვირებში სახელმწიფოს კუთვნილი და პროსამთავრობო მედია ომის შესახებ რუსულ ნარატივებს ავრცელებდა.

ორგანიზაცია Reporters Without Borders-ის პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთი 92-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის. 2020 წელს BBC წერდა, რომ “უკანასკნელ 10 წელიწადში” ორბანის მხარდამჭერებმა “თანდათან დაამყარეს კონტროლი უნგრეთის დამოუკიდებელ მედიაზე”.

მედიაზე ხელისუფლების გავლენა აისახება ოპოზიციის შესაძლებლობაზეც, მიიტანოს თავისი ხედვები ამომრჩევლამდე. პიტერ მარკი-ზაის, მთელი თავისი კამპანიის დროს, მხოლოდ 5-წუთიანი ეთერი მისცეს სახელმწიფო ტელევიზიაში.

როგორ ტარდება არჩევნები უნგრეთში

უნგრეთის ხელისუფლება ფიქრობს, რომ — სამართლიანად, თუმცა მისი კრიტიკოსები ამ კუთხით მრავალ პრობლემაზე საუბრობენ. იმისათვის, რომ კენჭისყრას ჯეროვნად დააკვირდნენ, ოპოზიციამ უპრეცედენტოდ ბევრი — 20 000 მოხალისე დამკვირვებელი გადაამზადა.

უნგრეთის არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება ეუთოც, რომელიც ქვეყანაში სრულმასშტაბიან სადამკვირვებლო მისიას აგზავნის.

წინასწარ ანგარიშში ეუთოს მისიამ შეშფოთება გამოთქვა რამდენიმე ასპექტზე, მათ შორის, საზოგადოებრივი მედიის მიკერძოებულობასა და ე.წ. საფოსტო ხმების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობაზე.

ეუთო ასევე ამბობს, რომ მისი არაერთი რეკომენდაცია — მათ შორის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებასთან და კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები — კვლავ არ არის შესრულებული.

საპასუხოდ, AFP-ს ცნობით, უნგრეთის მთავრობამ წარმოადგინა ორბანის მომხრე ორგანიზაციის, “ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრის” პოზიცია, რომელიც ეუთოს ანგარიშს “უსაფუძვლოს” უწოდებს და დასძენს, რომ ეს არის მცდელობა, თავის გასამართლებელი საბუთი მისცენ “უნგრელ მემარცხენეებს”, თუ ისინი არჩევნებს წააგებენ.

ევროპარლამენტის არჩევნების ბიულეტენების დათვლა პეშტის საარჩევნო უბანზე. ფოტო: EPA

უნგრეთის ბოლო, 2018 წლის არჩევნები იყო ყველაზე ბინძური ბოლო 30 წელიწადში — ასე ფიქრობს სოფია ბანუტა, არჩევნების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციის, Unhack Democracy-ის წარმომადგენელი.

როგორც მან AFP-ს უთხრა, კენჭისყრის პროცესში მომუშავე 170 ადამიანის გამოკითხვის შემდეგ ორგანიზაციამ დაადგინა, რომ 2018 წლის არჩევნებს ზიანი მიადგა გადაცდომებით, როგორებიცაა ამომრჩევლების ტრანსპორტირება მეზობელი ქვეყნებიდან, მოსყიდვა და დაშინება, საფოსტო ხმების ხელყოფა, დაკარგული ბიულეტენები და პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობა.

Unhack Democracy  ასევე აღნიშნავს, რომ ორბანის დროს დამკვიდრებული საარჩევნო პრაქტიკები დაუცველია ბოროტად გამოყენებისაგან. ბანუტა ახსენებს გასულ ნოემბერში მიღებულ კანონს, რომელიც ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს, ადვილად შეცვალონ მისამართი, სადაც ისინი ხმის მისაცემად არიან რეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი