ახალი ამბები

როგორ ემთხვევა „ოცნებისა“ და პრორუსული ძალების ანტიდასავლური რიტორიკა ერთმანეთს — MDF-ის კვლევა

7 მარტი, 2024 • 1452
როგორ ემთხვევა „ოცნებისა“ და პრორუსული ძალების ანტიდასავლური რიტორიკა ერთმანეთს — MDF-ის კვლევა

“ქართული ოცნებისა” და მისგან ფორმალურად გამოყოფილი ჯგუფის, “ხალხის ძალის” გზავნილები ემთხვევა პრორუსული პარტიების – “კონსერვატიული მოძრაობის”(ალტ-ინფო) და “პატრიოტთა ალიანსის” რიტორიკას. ეს არის ერთ-ერთი მიგნება კვლევისა, რომელიც მედიის განვითარების ფონდმა დღეს, 7 თებერვალს წარადგინა.

კვლევა ეხება იმ ანტიდასავლურ გზავნილების, რომლებიც 2022 წელს – უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ომის წინა პერიოდში – ვრცელდებოდა საქართველოში.

კვლევის მიხედვით ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო სწორედ პარტიები არიან. მათ მოჰყვება ამ პარტიებთან აფილირებული მედია. შემდეგ ადგილზეა ე.წ. ექსპერტები და სხვა პირები, რომლებიც აქტიურად გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე. ბოლო ადგილებს ინაწილებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები.

MDF-ის კვლევა: ანტიდასავლური პროპაგანდა 2022

ძირითადი თემები, რომელთა გარშემოც ვრცელდებოდა მანიპულაციური და პროპაგანდისტული გზავნილები, იყო:

  • საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება – ამ მიმართულებით პროპაგანდის ძირითადი სამიზნე იყო ევროკავშირი, NATO და აშშ. აღსანიშნავია, რომ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიმართულებით ერთადერთი აქტორი, რომელიც დადებით ჭრილში იყო წარმოდგენილი, იყო რუსეთი. სხვა ყველა სუბიექტი – როგორც საფრთხე. პოლიტიკოსებისთვის მანიპულაციის ერთ-ერთი მთავარ ინსტრუმენტი იყო ომის შიში. ეს ტენდენცია გაძლიერდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და პიკს მიაღწია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოლოდინის პერიოდში. ამ გზავნილების გავრცელებით ღიად პრორუსულ “კონსერვატიულ მოძრაობას” მცირედით ჩამორჩებოდა “ხალხის ძალა” და “ქართული ოცნება”. ომის შიშებით მანიპულირებას “ლოგიკურად” მოსდევდა გზავნილი, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის დაგვიანებით მინიჭება [უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით] უსამართლო იყო. ამის მიზეზად კი სახელდებოდა ის, რომ ქვეყანამ უარი თქვა ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნაზე. უსამართლობასთან ერთად, აქტიურად ვრცელდებოდა გზავნილი, რომ კანდიდატის სტატუსი არაფრი სმომცემია და მას არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოჰყვება.NATO-სთან დაკავშირებით წლებია სტაბილურად ვრცელდება გზავნილი, რომ ალიანსში გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის დე იურედ დაკარგვის ტოლფასია. დასავლეთის საფრთხედ წარმოჩენის პარალელურად ვრცელდებოდა რუსეთის, როგორც მაშველი რგოლის, აღმნიშვნელი გზავნილები. ამ პროპაგანდის ძირითადი მესიჯებია: რუსეთი არის მესამე რომი, რომელმაც უნდა შეაკავოს დასავლეთისგან მომდინარე რისკები.
  • დემოკრატია, სუვერენიტეტი და დემოკრატიული ინსტიტუტები – ამ მიმართულებით პროპაგანდის მთავარი სამიზნე იყო აშშ. ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ აშშ ცდილობს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას და სუვერენიტეტის ხელყოფას. ამ გზავნილს ძირითადად ხელისუფლებასთან აფილირებული ე.წ. ექსპერტები ავრცელებდნენ, თუმცა მათ არც “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” წევრები ჩამოუვარდებოდნენ.
  • რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში – ამ მიმართულებით პროპაგანდის მთავარ მესიჯი იყო ის, რომ დასავლეთი ცდილობს უკრაინისა და საქართველოს პლაცდარმად გამოყენებას რუსეთის წინააღმდეგ. ამას მოჰყვებოდა მანიპულაცია, თითოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები თავად დასავლეთს დააზარალებდა; კიდევ ერთი პროპაგანდისტული გზავნილი ეხებოდა იმას, რომ დასავლეთს რეალურად არ სურს ომის შეჩერება უკრიანაში, რადგან ამით ფინანსურ სარგებელს იღებს. აქტიურად ვრცელდებოდა მოსაზრება, რომ უკრაინის ხელისუფლება და კონკრეტულად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის მარიონეტია; ამას მოჰყვებოდა პასუხისმგებლობის გადატანა უკრაინაზე – რომ მან ვერ აიცილა ომი.
  • იდენტობა და ლიბერალიზმი – ამ მიმართულებით მთავარ საფრთხედ აშშ და ზოგადად დასავლეთი მოიაზრებოდა. რუსეთი კი წარმოჩენილი იყო როგორც იდენტობის დამცველი. ამ თემის ირგვლივ ყველა ხშირად ისმოდა ჰომოფობიური და ტრანსფობიური განცხადებები.

MDF-ის კვლევა: ანტიდასავლური პროპაგანდა 2022

  • უცხოური დახმარება და ეკონომიკა.უცხოეთიდან მომდინარე ფინანსური მხარდაჭერის წინააღმდეგ აგორებულმა პროპაგანდისტულმა კამპანიამ ნიადაგი შეუმზადა რუსულ კანონს, რომლის მიღებაც მმართველმა ძალამ უკვე 2023 წელს სცადა. თუმცა ვერ მოახერხა. დასავლეთიდან მომდინარე ეკონომიკური დახმარების დისკრედიტაციის პარალელურად ვრცელდებოდა რუსეთთან ეკონომიკური დაახლოების წამახალისებელი გზავნილები.

MDF ანტიდასავლურ პროპაგანდას წლებია იკვლევს. უახლესი კვლევის მიხედვით, ბოლო პერიოდში “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” რიტორიკა ემთხვევა ღიად პრორუსული “კონსერვატიული მოძრაობის”, იგივე ალტ-ინფოსა და “პატრიოტთა ალიანსის” რიტორიკას.

“წინა წლების მსგავსად, საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდა 2022 წელსაც საფრთხეებით მანიპულირების მეთოდს მიმართავდა, თუმცა, წინა წლებისგან განსხვავებით, გარე აქტორების ინტერესების გარდა, შიდასახელისუფლებო დღის წესრიგი უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. მმართველი პარტია “ქართული ოცნება” “ხალხის ძალასთან” ერთად, ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცების მიზნით, საფრთხეებით მანიპულირების ისეთივე ტაქტიკას იყენებდა, როგორც ამას კრემლთან აფილირებული აქტორები აკეთებდნენ”, — აცხადებენ MDF-ში.

დოკუმენტში მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, სადაც აშკარად ჩანს, რამდენად თანხვედრაშია მმართველი პარტიის წევრების რიტორიკა “კონსერვატიული მოძრაობისა” და “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების გზავნილებთან:

მასალების გადაბეჭდვის წესი